მთავარიგადაცემებიოკეანეოკეანე - წიაღისეულის ალტერნატივა

ოკეანე – წიაღისეულის ალტერნატივა

ხომ არ დაგვეხმარება ოკეანე, რომ ნავთობზე დამოკიდებულებისაგან გავთავისუფლდეთ? იქნებ, ლურჯმა წყალმა შავი ნავთობიც კი ჩაანაცვლოს? ახალი ტექნოლოგიების წყალობით, ევროპა სწორედ ამ მიმართულებით მიდის.

ესპანეთის ჩრდილოეთით, ქალაქ მოტრიკოში AZTI-ის კვლევითი ცენტრის მეცნიერები ევროპული პროექტის ფარგლებში აკვაკულტურაში გამოყენებეული პლასტმასის  უფრო ეკოლოგიური ნივთიერებით ჩანაცვლებაზე მუშაობენ.

ადგილობრივი მეწარმე იმანოლ გურუჩაგას  მიდიების ფერმა აქვს ღია ზღვაში. კვლევითი პროექტის მონაწილეები საილუსტრაციოდ მიდიების მოშენების ტრადიციულ მეთოდს გვაჩვენებენ: მიდიები წყლის ქვეშ გაჭიმულ თოკებზე მრავლდებიან კი მტაცებლებისაგან  ბადე იცავთ. თოკებიც და ბადეც პლატსმასისაა. როდესაც ისინი ცვდება, პრობლემაც მაშინ იწყება.

 
იმანოლ გურუჩაგა, Matxitxako Moluscos-ს მენეჯერი:

„აკვაკულტურის ნებისმიერი ფორმა პლასტმასის ნარჩენებს ტოვებს – იქნება ეს ორაგულის ან  ზღვის კაპარჭინას რეწვა თუ მიდიებისა, როგორც ჩვენ შემთხვევაში. უამარავი თოკი გვჭირდება და ნარჩენიც ბევრია.“

ადგილობრივი მთავრობა დაჟინებით ითხოვს ცვლილებებს. იმანოლ გურუჩაგა  ამბობს, რომ უკვე სთხოვენ რომ ერთ-ორ წელიწადში ორგანულ წარმოებაში ხრწნადი თოკები გამოიყენონ.

ევროპულმა პროექტმა  BIOGEARS-მა გამოსავალიც მონახა და აკვაკულტურისთვის ისეთი თოკი შექმნა, რომელიც კომპოსტად გამოდგება.

ლეირე არანტსამენდი ეგიგურენი, AZTI-ის  აკვაკულტურის მკვლევარი:

„აი, ეს პირველი პროტოტიპია, რომელიც BIOGEARS-ში შევქმენით – ეს ბუნებრივი ბიოპლასტმასაა და იხრწნება. ასეთი თოკების გამოყენება უფრო ეკოლოგიურია და რეწვის დროს  დამატებით ღირებულებას ქმნის.“

ნავთობპროდუქტებისა და წიაღისეული საწვავის ნაცვლად, მეცნიერებმა კომპოსტური პლასტმასა   ისეთი ბუნებრივი განახლებადი ბიომასისაგან  შექმნეს, რომელიც, მაგალითად, მცენარეული შაქრისგან მზადდება. მრავლრიცხოვანი ექსპერიმენტის შედეგად, თოკისთვის გამოსადეგი ბევრი მასალა დაგროვდა. კვლევის საბოლოო მიზანი ისეთი პლასტმასის მიღებაა, რომელიც ზღვაში კი არ გაიხრწნება, არამედ კომპოსტად ანუ ორგანულ სასუქად გარდაიქმნება.

მარი ხოსე სუარესი, GAIKER-ის ფუნქციური და მდგრადი პოლიმერების მკვლევარი:

„პლასტმასა მხოლოდ ნავთობით არ მზადდება – ის სხვა კომპონენტებსაც შეიცავს, მათ შორის ბუნებრივ კომპონენტებსაც, მაგალითად, ბიოლოგიურ დანამტებს.“

საკითხავია, რამდენად შესაძლებელია ბიოპროდუქტების გამოყენება წარმოებაში? რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარე ერთი ქარხანა, რომელიც კვლევით პროექტშია ჩართული, დღეში 3-4 ტონა თოკს ამზადებს. ამ თოკებს ძირითადად თევზჭერასა და აკვაკულტურაში იყენებენ. მისი დანადგარები ტრადიციული პლასტმასის ბურთულების დამზადებაზეა გათვლილი, მაგრამ, როგორც მენეჯერები ამბობენ, მცირე გადაწყობის შემდეგ ამ დანადგარებით კომპოსტად ვარგისი თოკის პროტოტიპების დამზადებაც შესაძლებელია. ეს პროტოტიპები  ჩვეულებრივი პლასტმასის თოკივით მტკიცეა.

მიკელ აგინაგა, Itsaskorda-ს ერთ-ერთი მენეჯერი:

„მთავარი პრობლემა თოკის დასამზადებელი პლასტმასის შემადგენელი კომპონენტების სწორად განსაზღვრა და მასიურ წარმოებაში კონკურენტუნარიანი ფასის შენარჩუნებაა.“

კომპოსტურ თოკებს ახლა მიდიების რეწვაში ცდიან.  მაგრამ რა შეიძლება მოვუხერხოთ სათევზაო ბადეებს, რომლებიც ოკეანის პლასტმასით დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყაროა?

გათვლები აჩვენებს, რომ ყოველ წელს ოკეანეში დაახლოებით 640 ათას სათევზაო მოწყობილობას კარგავენ ან ტოვებენ. ამ უჩინარი ბადეების გახრწნას საუკუნეები სჭირდება, ისინი საფრთხეს უქმნიან  ზღვის ფაუნას, წყალს პლასტმასის მიკრონაწილაკებით აბინძურებენ და ნავიგაციისთვისაც საშიშია.

ატლანტის  ოკეანეში დიდი ხნით გასულმა თევზმჭრმა გემმა ბადე შესაძლოა შტორმის დროს დაკარგოს ან  კლდეს შეახიოს. ევროპული პროექტის OCEANETS-ის  მკვლევრებმა ვირტუალური პლატფორმა შექმნეს, რომელიც სახიფათო ადგილების შესახებ ინფორმაციას აგროვებს და ასაჯაროებს.

ანგელა კორტინა, პორტ ვიგოს თევზმჭერი გემების კოოპერატივის კვლევისა და განვითარების პროექტის მენეჯერი:

„ამ მექანიზმის წყალობით, თუ ვინმე მსგავს პრობლემას გადააწყდა, ის ნიშანს მისცემს სხვებს, რომ იმ ადგილზე, გარკვეულ სიღრმეში, გარკვეულ კოორდინატებზე არის დაბრკოლება, რომელზეც შეიძლება ბადე შეახიო ან სულაც დაკარგო.“

მეთევზეები დაზიანებულ ბადეებს  მუდმივად  აახლებენ. შეკეთების შედეგად დარჩენილი ნაკუწებისგან შესაძლებელია, ახალი პროდუქტი დამზადდეს და, შესაბამისად, ნავთობის მოხმარებაც შემცირდეს. პორტ ვიგოში  ასეთი ნარჩენებით კვირაში ერთ კონტეინერს ავსებენ.

პროექტ OCEANETS-ის  ერთ-ერთი მიზანი ის არის, რომ აჩვენოს, რამდენად მომგებიანია  ნარჩენების გადამუშავების ბიზნესი.

ანგელა კორტინა, პორტ ვიგოს თევზმჭერი გემების კოოპერატივის კვლევისა და განვითარების პროექტის მენეჯერი:

„ეს ნარჩენი არ არის. ეს პოლიამიდის, პოლიეთილენის, პოლიესტერის ბოჭკოებია, რომელთა გადამუშავებაც შესაძლებელია. გადამუშავებულ პროდუქციაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, რადგან მათ მაღალ შეფასებას აძლევენ.“

პორტ ვიგოში შეგროვებული ბადის ნაგლეჯების ნაწილს ვალენსიაში სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის აგზავნიან.

ტექნოლოგიური ცენტრი AIMPLAS-ი პლასტმასის ინოვაციებზე მუშაობს, რომლებითაც გარემოს დაცვის პრობლემები უნდა გადაჭრან და ამ სექტორში დასაქმებული კომპანიების საქმიანობა გააუმჯობესონ.

პროექტ „ოუშენნეტსთან“ თანამშრომლობით ცენტრის მეცნიერებმა ბადეების  მექანიკური და ქიმიური გადამუშავების ახალ გზებს მიაგნეს. მაგალითად, ამ შემთხვევაში ბადეები მცირე ბოჭკოებად იშლება და მათი  გადადნობა ხდება. ამ პროცესით პლასტმასის გრანულებს იღებენ, გრანულებისგან კი  – სინთეტიკურ ძაფს, რომლითაც ქსოვილი იქსოვება. თვალსაჩინოებისთვის, ამ პროექტის ფარგლებში გადამუშავებული ბადისგან მოდური სპორტული ტანსაცმელი დაამზადეს.

სონია ალბეინ ურიოსი, მექანიკური გადამუშავების სპეციალისტი:

„საბოლოო პროდუქტი კარგი და ხარისხიანია, ამიტომ ვვარაუდობთ, რომ გადამუშავებული პოლიამიდი მომავალში ესპანეთში და მთელ  ევროპაში  მაღაზიის თაროებზეც მოხვდება.“

რადგანაც ეკოლოგიური პროდუქტი მეტ მომხმარებელს იზიდავს, მეცნიერები თვლიან, რომ ასეთ პროდუქტს წარმოშობისა და მიკვლევადობის სერტიფიკატი უნდა დაერთოს. შედეგად, გადამუშავებული პლასტმასის გრანულები და ქსოვილები ისეთ ეკოლოგიურ ღირებულებას შეიძენენ, რომელიც  ჩვეულებრივ პლასტმასას არ აქვს.

ვანესა გუტიერესი, AIMPLAS-ის მინარევების სპეციალისტი:

„ეს  ღირებულებას ზრდის და საშუალებას გაძლევს, რომ გადამუშავებული ქსოვილი პირველადი პოლიამიდისგან გაარჩიო. ეს ბრენდსაც უკეთ იცავს, რადგან ფალსიფიკაცია უფრო თვალშისაცემია.“

უხრწნადი პლასტმასის ხრწნად მასალად გარდაქმნით ზღვის ინდუსტრია  ნავთობზე დამოკიდებულებას ამცირებს და კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს ისეთი მომავლისკენ, რომელშიც ოკეანე სუფთაა და წკრიალა.

ავტორი: დენის ლოქტიე

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend