კატეგორიები

დონალდ ტრამპი მომავალში NATO-ს დატოვებას არ გამორიცხავს

დონალდ ტრამპი მომავალში NATO-ს დატოვებას არ გამორიცხავს
Copyright AP
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია ნატოს ქვეყნების გადაწყვეტილებით. ნატოს წევრი სახელმწიფოები ომში ჩართვაზე უარს ამბობენ. შესაბამისად, ისინი არ დაეხმარებიან აშშ-ს ირანში მიმდინარე ომში. ტრამპის აზრით, ნატოს ეს გადაწყვეტილება „პარტნიორობისთვის“ საზიანოა. ამიტომ აშშ-ის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ მომავალში ალიანსი დატოვოს.

„მე იმედგაცრუებული ვარ ნატოთი. ჩვენ ტრილიონობით დოლარს ვხარჯავთ ნატოზე. დაფიქრდით, წლების განმავლობაში მრავალი ტრილიონი დოლარი დავახარჯეთ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ახლა დეფიციტი გვაქვს, რადგან ვეხმარებით სხვა ქვეყნებს. ხოლო როცა ისინი არ გვეხმარებიან, ეს ნამდვილად დამაფიქრებელია. ამ გადაწყვეტილების მისაღებად მე კონგრესი არ მჭირდება. მე შემიძლია თავად მივიღო ეს გადაწყვეტილება. მე ვიმუშავებდი ძალიან ჭკვიან ადამიანებთან და მე ყოველთვის ვითანამშრომლებდი კონგრესთან, მაგრამ ამ გადაწყვეტილებისთვის არ მჭირდება კონგრესი. მაგრამ, როდესაც პარტნიორობის გადახედვაზე საუბრობთ... ამჟამად არაფერი მაქვს მხედველობაში. მაგრამ ვიტყვი, რომ დიდად არ ვარ აღფრთოვანებული. ჩვენ ვეხმარებით მათ, თუნდაც უკრაინასთან დაკავშირებით. უკრაინა ერთ დღეში დასრულდებოდა, ჩვენ რომ მათ არ დავხმარებოდით. გულწრფელად რომ ვთქვათ, უკრაინა პირველივე დღეს დაეცემოდა. მაგრამ მათ ჰქონდათ მსოფლიოში საუკეთესო აღჭურვილობა. ეს იყო ჩვენი აღჭურვილობა, რომელიც მძინარე ჯო ბაიდენმა მისცა მათ — უფასოდ. ასობით მილიარდი დოლარის ოდენობის აღჭურვილობა. მსოფლიოში საუკეთესო აღჭურვილობა — უფასოდ. ვიტყვი, რომ ამ ყველაფრით კმაყოფილი არ ვარ,“ — განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ასევე გამოვიდა ინიციატივით, მოკავშირე ქვეყნებთან ერთად ჰორმუზის სრუტის გახსნის მიზნით საერთაშორისო საზღვაო ძალა ჩამოეყალიბებინა. თუმცა ნატოს წევრი სახელმწიფოები მის ინიციატივაში მონაწილეობისგან თავს იკავებენ.

ნატოს ქვეყნები ასევე არ აპირებენ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას, რაზეც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის ძალებს ირანის ომში სამხედრო დახმარება აღარ სჭირდებათ. „იმის გამო, რომ ასეთი სამხედრო წარმატება გვქონდა, ჩვენ აღარ გვჭირდება და აღარც გვსურს ნატოს ქვეყნების დახმარება — ჩვენ არასდროს გვქონია! ანალოგიურად, იაპონიის, ავსტრალიის ან სამხრეთ კორეის იმედი,“ — წერს სოციალურ მედიაზე დონალდ ტრამპი.

ნატოში კი ამბობენ, რომ გაერთიანება არსებობს როგორც თავდაცვითი ალიანსი და არა შეტევითი, სწორედ ამიტომ ნატო აშშ-ის ხელმძღვანელობით ირანთან ომში ჩართვას არ გეგმავს. ნატოს პოზიციას იზიარებენ ევროპელი ლიდერებიც. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთი საკუთარი თავისა და მოკავშირეების დასაცავად აუცილებელ ზომებს მიიღებს, ის უფრო ფართო ომში არ ჩაერთვება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის საპასუხოდ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „სამწუხაროდ, კირი უინსტონ ჩერჩილი არ არის“. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით კი საფრანგეთი ჰორმუზის სრუტის ინიციატივას მხოლოდ მას შემდეგ შეუერთდება, რაც ირანსა და რეგიონში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება. თუმცა დონალდ ტრამპს სჯერა, რომ ამერიკის მრავალწლიანი მხარდაჭერის შემდეგ ახლა, როცა ირანის ომში აშშ-მ დახმარება ითხოვა, ნატო და წევრი სახელმწიფოები ამისთვის მზად უნდა ყოფილიყვნენ.

Related news
დონალდ ტრამპი მომავალში NATO-ს დატოვებას არ გამორიცხავს დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისთვის „დიდი პატივი იქნება კუბის ხელში ჩაგდება“