კატეგორიები

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, უნგრეთის ვეტოს მიუხედავად უკრაინა დახმარებას მაინც მიიღებს

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, უნგრეთის ვეტოს მიუხედავად უკრაინა დახმარებას მაინც მიიღებს
Copyright AP Photo
ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს ბლოკავს, ევროპა უკრაინას დახმარებას მაინც მიაწვდის.

ბრიუსელში მიმდინარე სამიტზე, რომელზეც ბლოკის წევრი სახელმწიფოების ლიდერები არიან შეკრებილი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის უკრაინასთან დაკავშირებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას დაბლოკავს, სანამ უნგრეთს „დრუჟბას“ მილსადენით რუსული ნავთობის მიწოდება არ აღუდგება. მისი გადაწყვეტილება ევროპელმა ლიდერებმა გააკრიტიკეს, რადგან ვიქტორ ორბანი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას დეკემბერში დასთანხმდა, თუმცა მას შემდეგ პოზიცია შეცვალა.

„მინდა ვისაუბრო უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს მხარდაჭერის სესხზე. გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ დეკემბერში მიიღო ერთი პირობით, რომ ამ სესხში მონაწილეობას სამი ქვეყანა არ მიიღებდა. ეს პირობა შესრულდა. ამიტომ ნათლად განვმარტოთ, სად ვართ ახლა. სესხი კვლავ დაბლოკილია, რადგან ერთი ლიდერი არ ასრულებს თავის სიტყვას. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც კიევში უკვე ვთქვი. ასე იქნება თუ ისე, ჩვენ ამას მაინც გავაკეთებთ“, — განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ბრიუსელის სამიტზე ევროპელ ლიდერებსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შორის მწვავე დებატები გაიმართა. ევროპელ ლიდერებს სჯერათ, რომ უკრაინისთვის სესხის დამტკიცება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ხოლო ვიქტორ ორბანი მას წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბლოკავს. ევროპის მიზანია, მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალები და ომით დაზარალებული ეკონომიკა გააძლიეროს. ევროპელი ლიდერების განცხადებით, ირანის ომით გამოწვეული ენერგოკრიზისის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთსა და რუსულ ეკონომიკაზე ზეწოლა გაგრძელდეს, რათა მან უკრაინაში ომის დაფინანსება ვეღარ შეძლოს.

„ვაგრძელებთ მუშაობას მსურველთა კოალიციასთან, რათა შევქმნათ უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები და უზრუნველვყოთ ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა, რომელიც უკრაინის საჭიროებებს დააკმაყოფილებს. ევროპული საბჭოს მიერ გასული წლის დეკემბერში მიღებულ ერთსულოვან გადაწყვეტილებას უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფის შესახებ პატივი უნდა ვცეთ, გულწრფელი თანამშრომლობის პრინციპების შესაბამისად. სწორედ ეს გაიმეორა ანტონიუ კოშტამაც. მადლობას ვუხდი ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ დათანხმდა, უკრაინაში მიიღოს ევროკავშირის მისია, რომელიც ტექნიკურ დახმარებასა და დაფინანსებას უზრუნველყოფს „დრუჟბას“ მილსადენზე, რომელიც რუსეთის დარტყმების სამიზნე გახდა. მართალია, დღეს ევროკავშირში ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები გათვალისწინებული უნდა იყოს, თუმცა ამან ჩვენი მხარდაჭერა ეჭვქვეშ არ უნდა დააყენოს და ის ბოროტად არ უნდა იქნეს გამოყენებული“, — განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

სამიტზე გამართული განხილვის შემდეგ ვიქტორ ორბანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირის ზეწოლის მიუხედავად, ის პოზიციას არ შეიცვლის და უკრაინისთვის სესხის გაცემის პროექტს ვეტოს დაადებს. ვიქტორ ორბანმა, რომელიც ევროპაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ უახლოეს მოკავშირედ ითვლება, განაცხადა, რომ ევროპამ რეალობას უნდა გაუსწოროს თვალი და ირანის ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისის პირობებში მათ რუსულ ნავთობზე უარი არ უნდა თქვან.

„ფაქტია, რომ ამ მომენტში გლობალური ნავთობის დეფიციტი უკვე კარზე გვიკაკუნებს. ამიტომ მათი სტრატეგია და ის, როგორც ევროპა იქცევა, უბრალოდ სიგიჟეა. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება რუსული ნავთობი. ამ სიტუაციაში, რომელიც სულ უფრო სერიოზული ხდება, გადარჩენა შეუძლებელია, თუ ისევ არ ჩავრთავთ რუსულ ენერგორესურსებს. ევროპა ამის გარეშე ვერ გადარჩება. შესაძლოა, ახლა ამ ფაქტს უარყოფენ, მაგრამ ერთ-ორ კვირაში ეს ყველასთვის აშკარა გახდება“, — განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

უკრაინასა და უნგრეთს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც უკრაინამ მილსადენ „დრუჟბის“ აღდგენაზე უარი განაცხადა. სწორედ ამ მილსადენით იღებდა უნგრეთი რუსეთიდან ნავთობს. კიევი მილსადენის დაზიანებაში რუსეთს ადანაშაულებს, ხოლო ბუდაპეშტი ამტკიცებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდებას შეგნებულად აყოვნებს. მდგომარეობის განეიტრალების მიზნით, ევროკომისიის პრეზიდენტმა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ მილსადენის მდგომარეობის გამოკვლევისა და შემდგომ მისი შეკეთების მიზნით უკრაინას სპეციალური ჯგუფისა და ფინანსების გამოყოფა შესთავაზეს, რასაც კიევი დასთანხმდა. ევროკავშირის ტექნიკური ჯგუფი უკვე უკრაინაშია და მილსადენის შესამოწმებლად უსაფრთხოების ნებართვას ელოდება.

დაკავშირებული ამბები
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, უნგრეთის ვეტოს მიუხედავად უკრაინა დახმარებას მაინც მიიღებს პარიზი მზად არის, ჰორმუზის სრუტეში გემების ესკორტირებას კოორდინირება გაუწიოს