კატეგორიები

ევროკავშირში ჰორმუზის სრუტის დაცვის მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, თუმცა ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს

ევროკავშირში ჰორმუზის სრუტის დაცვის მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, თუმცა ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს
Copyright AP Photo
ჰორმუზის სრუტის დაცვის საკითხზე ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 16 მარტის შეხვედრა კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა.

აღმოჩნდა, რომ ბლოკის წევრი სახელმწიფოების დიპლომატები „დიდად არ არიან დაინტერესებული“ ევროგაერთიანების სამხედრო-საზღვაო მისიის — ASPIDES-ის პროგრამის — მანდატის განახლებასა და მისი ჰორმუზის სრუტის დასაცავად გავრცელებაზე.

„ევროკავშირს უკვე აქვს სამხედრო-საზღვაო მისია ოპერაცია „ასპიდესის“ სახით, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს ხომალდების თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფაში.

განხილვებისას დაფიქსირდა ამ ოპერაციის გაძლიერების აშკარა სურვილი, თუმცა ამ დროისთვის არ არსებობს მისი მანდატის შეცვლის სურვილი.

მიუხედავად იმისა, რომ ჰორმუზის სრუტე ყურადღების ცენტრში რჩება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია წითელი ზღვა. იემენელი ჰუსიტების ჩარევის რისკი რეალურია, ამიტომ ფხიზლად უნდა ვიყოთ“, — განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა.

16 მარტის შეხვედრაზე ევროპელმა დიპლომატებმა განაცხადეს, რომ მოკავშირეობის მიუხედავად, ირანის წინააღმდეგ წარმოებულ ომში ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების ჩართვა საჭირო არ არის, რადგან ეს კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს.

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე დონალდ ტრამპმა კონკრეტულ სახელმწიფოებს მოუწოდა, უზრუნველყონ ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების უსაფრთხო და თავისუფალი გადაადგილება, რისთვისაც მათ ადგილზე სამხედრო ხომალდები უნდა გაეგზავნათ. სხვა შემთხვევაში აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ „ნატოს სახიფათო მომავალი ელის“.

სამხედრო მისიის გაგზავნის ნაცვლად ევროკავშირში შეთანხმდნენ თეირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასა და ლიბანისთვის დახმარების პაკეტის გამოყოფაზე.

ევრობლოკის წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ კიბერთავდასხმების ორგანიზებისთვის სანქციების სამიზნეებად იქცა ირანული ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც, ბრიუსელის ცნობით, 6 ქვეყანაში ხელს უწყობდა 65 000 ელექტრონული მოწყობილობის სისტემაში უკანონოდ შეღწევას.

ამასთან, ევროკავშირის საბჭომ ირანში ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევებისთვის „რევოლუციური გუშაგთა კორპუსის“ წევრებიც დაასანქცირა.

„ლიბანში დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ომში ჩაითრია ქვეყანა, რომელიც მას არ ეკუთვნის. ლიბანელი ხალხი „ჰეზბოლას“ თავდასხმებისთვის ფასს იხდის. ისრაელის მტკიცე საპასუხო ზომებმა მოსახლეობას მასობრივი მიგრაციისკენ უბიძგა და სახმელეთო ოპერაცია კიდევ უფრო გააუარესებს ვითარებას.

ევროკავშირი ლიბანისთვის 100 მილიონი ევროს ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს. ჩვენ ასევე განვაგრძობთ ლიბანის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას „ჰეზბოლას“ განიარაღებისთვის“, — თქვა კაია კალასმა.

სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის დასაცავად ცნობილია ბლოკის ცალკეული სახელმწიფოების ხედვები, თუმცა რა ფორმით დაასტაბილურებს ევროგაერთიანების 27-ვე ქვეყანა ნავთობის 100-დოლარიან ნიშნულს აცდენილ ფასებს და როგორ უზრუნველყოფს სრუტის უსაფრთხოებას, ეს ჯერჯერობით უცნობი რჩება.

Related news
ევროკავშირში ჰორმუზის სრუტის დაცვის მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, თუმცა ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს ორბანი აცხადებს, რომ 12 აპრილს უნგრელები არჩევანს მშვიდობასა და ომს შორის გააკეთებენ