მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მარი რანტანენი. იგი ყოფილი პოლიციელი და ექთანია, ხოლო როგორც ამჟმად მოქმედი მინისტრი, პასუხისმგებელია შიდა უსაფრთხოებაზე, იმიგრაციასა და საზღვრების კონტროლზე, მათ შორის აღმოსავლეთით რუსეთთან საზღვრის მართვაზეც, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს მთავარი საზღვარი გახლავთ. დავიწყოთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტით, რომელიც სულ უფრო ფართოვდება. გაერო გვაფრთხილებს, რომ თუ ასე გაგრძელდა, ალბათ უფრო მეტ იძულებით გადაადგილებულ ხალხს ვიხილავთ. როგორ გგონიათ, თქვენს კოლეგა მინისტრებთან ერთად ხომ არ უნდა შეუდგეთ უკვე სამზადისს?“
მარი რანტანენი, ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: „აშკარად სერიოზული ვითარებაა ამჟამად და ნამდვილად არ ვიცით, სადამდე გაგრძელდება ესკალაცია. საკმაოდ ადრეა შეფასება, თუ როგორ აისახება ეს მდგომარეობა ევროპაზე როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. თუმცა რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ ევროპა ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდოს არსებულ მდგომარეობას და მისი განვითარების სხვადასხვა სცენარისთვისაც უნდა მოემზადოს“.
მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „რამდენად მზადაა დღეს ევროპა მიგრაციის უფრო ძლიერ წნეხთან გასამკლავებლად?“
მარი რანტანენი, ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: „ამ წუთას ვერ ვამჩნევთ დიდ მოძრაობას ამ მხრივ. როგორც წესი, ასეთ ვითარებაში ხალხი ყოველთვის ყველაზე ახლოს მდებარე საზღვარს კვეთს. თუკი ჩვენ ევროპაში შევძლებთ, რომ ჩვენი თავშესაფრის გაცემის სისტემა იმათთვის ვამუშაოთ, ვისაც მართლა დაცვა სჭირდება და არა მათთვის, ვინც უკეთეს ცხოვრებას ეძებს, რასაკვირველია, მდგომარეობა უფრო მართვადი იქნებოდა“.
მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „რაც შეეხება ფინეთსა და ამ ქვეყნის შიდა უსაფრთხოებას, რამდენად ხედავთ გარდაუვალ საფრთხეს? ირანის საიდუმლო აგენტების საფრთხეს და ა.შ.?“
მარი რანტანენი, ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: „ჩემი აზრით, ეს კითხვა ახლა მთელ ევროპას აფიქრებს, რადგან ასეთი ტიპის კონფლიქტს შედეგად ის მოჰყვება ხოლმე, რომ ევროპაში მყოფი მოკავშირე ხალხი ძალადობრივ მოქმედებას იწყებს. ჩვენი უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახური დიდი ყურადღებით აკვირდება ამის ნიშნებს ამჟამად“.
მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „გასაგებია. მინდა, ევროკავშირის მიგრაციის პოლიტიკაზეც გესაუბროთ. ახლა დიდ ყურადღებას აქცევენ იმ მიგრანტების დაბრუნების საკითხს, რომლებსაც ევროპაში დარჩენის უფლება არ აქვთ. მიუხედავად ამისა, ცოტა ხნის წინ, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების განსახილველად შემდგარი შეხვედრის შემდეგ, ევროკომისარმა ხმელთაშუა ზღვის საკითხებში დუბრავკა შუიცამ განაცხადა, რომ ევროკავშირი ამჟამად თანამშრომლობს სირიასთან, ლიბანთან და იორდანიასთან, რათა ამ ქვეყნებში მიგრანტები მოხალისეობრივ საფუძველზე უსაფრთხოდ დააბრუნოს. ევროკომისარმა ცუდი დრო ხომ არ შეარჩია ამის სათქმელად, მაგალითად, ლიბანთან მიმართებით, მაშინ, როცა მიმდინარე ომი ამ ქვეყანასაც ეხება?“
მარი რანტანენი, ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: „ევროპიდან მიგრანტების საკუთარ ქვეყნებში დაბრუნების მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. თუ გადავხედავთ სტატისტიკას, იმ ადამიანთაგან, რომელთათვისაც დაბრუნების ბრძანება გაიცა, მხოლოდ 20-25% ტოვებს ევროპას. ეს ნიშნავს, რომ ყოველ წელს სულ უფრო იზრდება იმ ხალხის რაოდენობა, რომელიც უკანონოდ რჩება. ამიტომ რაღაც უნდა გავაკეთოთ. მოხარული ვარ, რომ ევროკომისიამ ამ საკითხთან დაკავშირებით, მე ვიტყოდი, ძალიან სწრაფად იმოქმედა. მაგალითად, დაბრუნების მარეგულირებელი კანონმდებლობა უკვე ევროპარლამენტშია და იმედი გვაქვს, რომ იქაც სწრაფად გაივლის პროცედურებს და ხელთ გვექნება ახალი ინსტრუმენტები, მათ შორის, მაგალითად, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მოწყობილი დაბრუნების ცენტრები“.
მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „რა თქმა უნდა, რადგან ეს ერთ-ერთია იმ საკითხთაგან, რომლებიც ევროკომისიამ უკვე დაამტკიცა. და რამდენად არის ფინეთი დაინტერესებული მესამე ქვეყნებში ასეთი ცენტრების მოწყობით?“
მარი რანტანენი, ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: „ფინეთი პრინციპში ძალიან მკაცრ პოლიტიკას ატარებს, მოვახერხეთ საემიგრაციო პოლიტიკის პარადიგმის შეცვლა და დაბრუნების ცენტრების ახალ ინსტრუმენტსაც ველოდებით. ჩემი აზრით, მთელი ეს რეგულაციები უსაფრთხო ქვეყნების, წარმოშობის ქვეყნებისა და დაბრუნების შესახებ ძალიან კარგია“.
მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „თქვენ განაცხადეთ, რომ ახალი ინსტრუმენტები გსურთ. რამდენად ნიშნავს ეს, რომ თქვენ უკვე მსჯელობთ ევროპის ფარგლების მიღმა მდებარე ქვეყნებთან ასეთი დაბრუნების ცენტრების მოწყობაზე?“
მინისტრი
„რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საჭიროა, რომ გვქონდეს ეს რეგულაცია, თუმცა დიახ, ძალიან დაინტერესებული ვართ ასეთი არჩევანით“.
მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „ამ გეგმის ირგვლივ არსებულ კრიტიკულ შენიშვნებზე რას იტყოდით? ზოგი ამბობს, რომ იმ ხალხს, რომელიც ფინეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში უკეთესი ცხოვრების საძიებლად ჩამოდის, როდესაც უკან აგზავნით, იმ ქვეყანასთან მათ შესაძლოა აღარაფერი აკავშირებდეთ, არც ოჯახი. რეალურად ისინი ბანაკში ხვდებიან. ეს არაჰუმანურ საქციელად არ გეჩვენებათ?“
მარი რანტანენი, ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: „მე არ მიმაჩია ეს არაჰუმანურ მიდგომად, რადგან მათ აქვთ არჩევანი, ყოველთვის არსებობს არჩევანი, რომ დაბრუნდე საკუთარ ქვეყანაში, საიდანაც ჩამოხვედი. მეორეც ის, რომ თავშესაფრის სისტემა უკეთესი ცხოვრების პოვნისთვის კი არ შეიქმნა, არამედ ხალხის დასაცავად. და თუკი მას სხვა საბაბით გამოვიყენებთ, პრობლემა შეგვექმნება და ეს მიდგომა არ გაამართლებს“.
მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „და მაინც ფინეთში ამჟამად თავშესაფრის მოთხოვნის უფლება შეჩერებულია, თუ არ ვცდები 2023 წლიდან. შემისწორეთ, თუ ასე არ არის. ეს ფინეთში ახალ ნორმად ხომ არ იქცა, რომ ხალხი ვეღარ ჩამოვა თქვენს ქვეყანაში და ვერ მოითხოვს თავშესაფარს?“
მარი რანტანენი, ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: „არ არის მართალი. ხალხს შეუძლია ჩვენთან ჩამოსვლა და თავშესაფრის მოთხოვნა“.
მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „მაგრამ თავშესაფრის მოთხოვნის შეჩერება რუსეთთან საზღვარზე შექმნილი ვითარების გამო, როგორც თავად ბრძანეთ, პარადიგმას ცვლის“.
მარი რანტანენი, ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: „ჩვენს აღმოსავლეთის საზღვარზე ახლა ყველა გამშვები პუნქტი დავხურეთ და საზღვრის უსაფრთხოების ამ კანონში დაცულობის ძალიან მკაცრი პირობები ჩავდეთ. თუ მას ავამოქმედებთ, მესაზღვრეს უფლება ექნება, რომ არ მისცეს, ვისაც საჭიროდ ჩათვლის, ფინეთის საზღვრის გადმოკვეთის ნება. და თუ მაინც შემოვა ასეთი ადამიანი, შევამოწმებთ, რამდენად დაუცველია ის, ან რამდენად ემუქრება მის სიცოცხლეს გარდაუვალი საფრთხე იმ ქვეყანაში, საიდანაც ის ფინეთში შევიდა. და თუ არ ემუქრება, მას უკან გავაბრუნებთ“.
მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „რაც შეეხება ისევ საზღვართან დაკავშირებულ სხვა საფრთხეებს, ფინეთ-რუსეთის საზღვარზე რუსეთის მხარეს სამხედრო ძალის გაზრდის შესახებ არსებულ ცნობებს. რამდენად გაღელვებთ დღეს ეს საკითხი და ზოგადად ფინეთის უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებული საფრთხეები?“
მარი რანტანენი, ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: „ჩემი აზრით, რუსული მხარე თავის საზღვარს აძლიერებს. სანამ ისინი საკუთარ ტერიტორიაზე რჩებიან, ჩვენ ბედნიერები ვიქნებით“.
მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „მინდა, ისევ ევროკავშირის მიგრაციის პოლიტიკას დავუბრუნდე. როგორც ჩანს, არსებობს გარკვეული პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელსაც ფინეთიც მიეკუთვნება, სავარაუდოდ, და ამ პოლიტიკურ ჯგუფში შემავალ მთავრობებს ნამდვილად უნდათ კანონის გამკაცრება. თუმცა ასევე არსებობს უფრო მცირე ჯგუფი იმ ქვეყნებისა, რომლებიც, დიდი ალბათობით, მკვეთრად განსხვავებულ პოზიციას იკავებენ, ასეთია, მაგალითად, ესპანეთის მთავრობა, რომელმაც ახლახან ესპანეთში უკანონოდ მყოფი ნახევარი მილიონი მიგრანტი კანონიერად ცნო. თქვენ, როგორც ფინეთში მიგრაციაზე პასუხისმგებელი მინისტრი, როგორ აფასებთ ასეთ პოლიტიკას?“
მარი რანტანენი, ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: „მე არასოდეს გამოვალ ასეთი ინიციატივით. თანაც გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ, რადგან ერთი და იმავე შენგენის ზონას ვეკუთვნით, რომელსაც ევროპის გუნდსაც უწოდებენ, ამიტომ ჩემი აზრით, ძალიან მაღალია რისკი იმისა, რომ თუკი ერთი ქვეყანა მეორის რადიკალურად საპირისპირო ნაბიჯს გადადგამს, ის ხალხი სულ ადვილად გადავა სხვა ქვეყანაშიც. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა ჩვენი საერთო ზონის მიმართ და ეს მიგრაციასაც ეხება“.
მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „მიგრაციის პაქტი, რომელიც წელს ივნისიდან უნდა ამოქმედდეს, ე.წ. „გუნდური ევროპის“ მიდგომის ნაწილი იყო, სოლიდარობის მექანიზმის ნაწილი, როგორც მას უწოდეს, რომლის ფარგლებშიც შენგენის ზონის წევრ ქვეყანას აქვს არჩევანი, რომ მიიღოს ის მიგრანტები, რომლებმაც სხვა წევრ ქვეყანაში ჩასასვლელად რთული გზა გაიარეს. მაინცდამიანც ბევრმა ქვეყანამ არ გამოიყენა ეს არჩევანი, მათ შორის ფინეთმაც. არსებული სტატისტიკის მიხედვით, ევროპის ფარგლებში სულ რაღაც 10 ათასი მიგრანტი გადადის ქვეყნიდან ქვეყანაში. ამიტომ ასეთი კითხვა მაქვს, რამდენად მუშაობს ეს პაქტი? რამდენად არის მართლაც სოლიდარული?“
მარი რანტანენი, ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: „სოლიდარობის გამოჩენა სხვადასხვა გზით შეგიძლია და ფინეთმა ფულადი დახმარება აირჩია. თუმცა არ მგონია, რომ ევროპაში მიგრაციის პოლიტიკა სოლიდარობის საფუძველზე მოწესრიგდება. ჩემი აზრით, ისეთ მექანიზმზე უნდა ვიმუშაოთ, რომელიც ნამდვილად შეამცირებს ევროპაში შემომსვლელთა რაოდენობას. და ამას როგორ უნდა მივაღწიოთ? ამისთვის მესამე ქვეყანა და უფრო ინოვაციური მიდგომები გვჭირდება. და არა ხალხის აქ შემოშვება და მერე ისეთ მდგომარეობაში აღმოჩენა, როდესაც არავის სურს სხვაგან წასვლა. ასე რომ, ეს მიდგომა არ ამართლებს“.
მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „თქვენ ინოვაციურ მიდგომებზე საუბრობთ. მაინც როგორია ეს მიდგომები, თქვენი აზრით? რას არ აკეთებს ევროკავშირი ისეთს, რისი გაკეთებაც შეუძლია?“
მარი რანტანენი, ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: „ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კონტრაბანდისტებს ფულის კეთების მექანიზმი მოვუშალოთ“.
მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „მაგრამ ამაზე წლებია საუბრობენ და ეს საკითხი მაინც პრობლემად რჩება“.
მარი რანტანენი, ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: „ვიცი“.
მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „რა უნდა გაკეთდეს?“
მინისტრი
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დავფიქრდეთ, თუ როგორ შეგვიძლია აღვკვეთოთ, რომ მიგრანტებმა ევროპაში კონტრაბანდისტების ნავებით არ შემოაღწიონ. ამისთვის კი ზღვის გაღმა მყოფი მხარის ჩართულობაა საჭირო. ამის გაკეთება შესაძლებელია, მაგალითად, იმგვარად, რომ მოძებნო უსაფრთხო პორტები, რომ როდესაც ვინმეს ზღვაში გადაარჩენენ, ისინი შეიყვანონ მესამე ქვეყანაში და არა - ევროპაში. ასე რომ, ჩემი აზრით, მიგრანტების რაოდენობა უნდა შევამციროთ“.
მარედ გვინ ჯონსი, ევრონიუსი: „და ბოლოს, რომ დავაზუსტო, თქვენ ზღვის მეორე მხარის ჩართულობა ახსენეთ. ეს ხომ არ ნიშნავს რომ Frontex-ის ( ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო) მანდატი გაფართოვდება? მაინც რა ფორმა ექნება ამ ყველაფერს?“
მარი რანტანენი, ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: „ამჟამად Frontex-ის მანდატის განახლებაზე მუშაობენ. ასე რომ, შესაძლოა მართლაც ასე მოხდეს“.
ავტორები: მარედ გვინ ჯონსი და ლორენ უოლკერი
