კატეგორიები

სტამბოლში ათიათასობით მოქალაქემ ექრემ იმამოღლუს ერთწლიანი პატიმრობა გააპროტესტა

სტამბოლში ათიათასობით მოქალაქემ ექრემ იმამოღლუს ერთწლიანი პატიმრობა გააპროტესტა
Copyright Reuters
სტამბოლში, მერიის შენობის წინ, ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა ქალაქის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავებისა და დაპატიმრების ერთი წლისთავი აღენიშნათ. აქცია გვიან საღამოს გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ როგორც ოპოზიციის მხარდამჭერები, ისე რიგითი მოქალაქეები, რომლებიც ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

იმამოღლუ 2025 წლის 19 მარტს კორუფციის ბრალდებით დააკავეს და წინასწარ პატიმრობაში დატოვეს.

ის თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევა. ანალიტიკოსების შეფასებით, მისი დაპატიმრება პოლიტიკური ნაბიჯია, რომლის მიზანიც მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ ძლიერი კონკურენტის ჩამოშორებაა. თურქეთში შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2028 წლისთვისაა დაგეგმილი.

ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერმა, ოზგურ ოზელმა, მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და მიმდინარე პროცესები გადატრიალებად შეაფასა.

მისი თქმით, ეს გადატრიალება უკვე 365 დღეა გრძელდება. მთელი ამ დროის განმავლობაში ხალხი  (მთავრობას?) წინააღმდეგობას უწევს. ოზელმა აღნიშნა, რომ იმამოღლუს საქმე პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული და ხელისუფლება ოპოზიციის დასუსტებას ცდილობს.

54 წლის მერს კორუფციასთან ერთად არაერთი სხვა ბრალდება აქვს წაყენებული. მათ შორისაა ტერორიზმი, ჯაშუშობა, უნივერსიტეტის დიპლომის გაყალბება და სახელმწიფო მოხელეების შეურაცხყოფა. თავად იმამოღლუ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესები კვლავ მიმდინარეობს. იმამოღლუს მხარდამჭერები აცხადებენ, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ მათი ლიდერი არ გათავისუფლდება.

Related news
სტამბოლში ათიათასობით მოქალაქემ ექრემ იმამოღლუს ერთწლიანი პატიმრობა გააპროტესტა თურქეთის პრეზიდენტი ირანს „პროვოკაციული ნაბიჯების“ თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს