ტექნოლოგიურმა მილიარდერმა ილონ მასკმა აშშ–საუდის არაბეთის საინვესტიციო ფორუმზე გამოსვლისას ისაუბრა ხელოვნური ინტელექტისა და ჰუმანოიდი რობოტების სწრაფი განვითარების შესახებ. როგორც მან აღნიშნა, ეს ტექნოლოგიები მომავალში მთლიანად შეცვლის ეკონომიკურ წესრიგს, შრომის ბაზარსა და ზოგადად ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებას.
მისი თქმით, სულ 10–20 წელიწადში მუშაობა ადამიანებისთვის არჩევითი გახდება. აუდიტორიის წინაშე მასკმა აღნიშნა, რომ მომავალში სამუშაო „სპორტის თამაშს ან ვიდეოთამაშს დაემსგავსება“ – აქტივობას, რომელსაც მხოლოდ ის ადამიანები განაგრძობენ, ვისთვისაც ეს სიამოვნებას ან პირად მნიშვნელობას ატარებს. საუდის არაბეთის კომუნიკაციების მინისტრის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ სამუშაო არჩევითი გახდება, მასკმა უპასუხა: „დიახ, არჩევითი“.
მისივე თქმით, სანამ ეს მომავალი რეალობად იქცევა, კაცობრიობას ჯერ ბევრი სამუშაო აქვს. თუმცა მასკი დარწმუნებულია, რომ ტექნოლოგიური პროგრესი საბოლოოდ გარდაქმნის შრომის ბაზარს ისე, რომ ადამიანის შრომა არჩევითი, ხოლო ძირითადი ეკონომიკური პროცესები ავტომატიზებული იქნება.
ფორუმზე მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ჰუმანოიდ რობოტებზე და განაცხადა, რომ ამ დროისთვის მსოფლიოში ჯერ არც ერთი რეალურად სასარგებლო ჰუმანოიდი არ არსებობს – მხოლოდ „დემონსტრაციული მოდელები და შოუ-ეფექტები”. მისი თქმით, Tesla გეგმავს პირველი პრაქტიკული, ფუნქციური ჰუმანოიდი რობოტების შექმნას, რაც „უზარმაზარი რევოლუციის“ დასაწყისი გახდება. მასკის თქმით, ასეთ ტექნოლოგიას ყველამ მოისურვებს, „ისევე, როგორც ყველას სურდა საკუთარი C3PO ან R2D2“.
მან ივარაუდა, რომ ჰუმანოიდი რობოტების ინდუსტრია მომავალში უფრო მასშტაბური გახდება, ვიდრე მობილური ტელეფონების ბაზარი, რადგან მოთხოვნა გლობალური იქნება როგორც საყოფაცხოვრებო, ისე სამრეწველო გამოყენებისთვის.
მისი პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტი და რობოტიკა ის ძალებია, რომლებიც საბოლოოდ სიღარიბის აღმოფხვრას შეძლებენ. მასკმა აღნიშნა, რომ ათწლეულებია, სახელმწიფოები და არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ სიღარიბის შემცირებას, მაგრამ შედეგები ლიმიტირებულია, მაშინ როცა AI–სა და რობოტიკის მასობრივი დანერგვა ამ პრობლემას სრულად გადაჭრის.
ეს ილონ მასკის პირველი საჯარო გამოსვლა იყო მას შემდეგ, რაც მაისში მან დატოვა თანამდებობა თეთრი სახლის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტში.
მომავლის ხედვაზე საუბრისას მასკმა კიდევ ერთი პროგნოზიც გააკეთა: მისი აზრით, ტექნოლოგიური წინსვლის შედეგად ფული მნიშვნელობას დაკარგავს.


