ისრაელის არმიამ სამხრეთ ლიბანში მიმდინარე ოპერაციების ვიდეომასალა გამოაქვეყნა. სამხედროები აცხადებენ, რომ „ჰეზბოლას“ ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ შეზღუდული და მიზანმიმართული ოპერაციის ფარგლებში, მათ ადგილზე დამატებითი სახმელეთო ძალები გაგზავნეს. ამასთან, აფეთქებების ხმა ისმოდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში.
ადგილობრივი ხელისუფლებისა და მედიის ინფორმაციით, ისრაელის ავიადარტყმებს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელის არმიის პრესრელიზში ნათქვამია, რომ მათი ძალები მოქმედებენ ევაკუირებულ ტერიტორიებზე, რომლებსაც „ჰეზბოლას“ მებრძოლები სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ს ტერორისტული საქმიანობისთვის იყენებდნენ.
ისრაელის იერიშების შედეგად ლიბანის სამხრეთი ნაწილი და ასევე დედაქალაქის სამხრეთი გარეუბნები 800 000-ამდე ადამიანმა დატოვა, ხოლო საბრძოლო მოქმედებებს 850-ამდე ადამიანი ემსხვერპლა. ლიბანში ვარაუდობენ, რომ ისრაელი მასშატბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება.
„ჩვენ ვემზადებოდით ამ ხანგრძლივი ომისთვის, ვვარაუდობდით, რომ „ჰეზბოლა“ ცეცხლს გახსნიდა. შეგახსენებთ, რომ კამპანიის დაწყებამდეც კი ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ ჩვენი დასახლებების წინა ნაწილში ხუთი საგუშაგო გვქონდა. კამპანიის დაწყებისთანავე საზღვრის გასწვრივ ჩრდილოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის 15-ზე მეტ სხვადასხვა რაიონში გავაძლიერეთ თავდაცვა. ბოლო დღეებში რეზერვისტებიც გამოვიძახეთ. ამჟამად 100 000-ზე მეტი რეზერვისტი გვყავს და ვამატებთ ძალებს ყველა სექტორში: სამხრეთით, ჩრდილოეთით და ცენტრალურ ნაწილში, რათა გავაძლიეროთ ჩვენი საზოგადოების დაცვა“. - ამბობს, ისრაელის არმიის პრესსპიკერი.
ისრაელის სამაშველო სამსახურების ცნობით, ნაჰარიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქში თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი, მათ შორის ორი მოზარდი გოგო, დაიჭრა. მანამდე რეგიონში რაკეტებისა და დრონების თავდასხმის განგაშის სირენები ისმოდა. ისრაელის სამხედროების თქმით, აფეთქება, სავარაუდოდ, რაკეტამ გამოიწვია. ჯერჯერობით უცნობია, ხანძარი რაკეტის მოხვედრის შედეგად გაჩნდა თუ მისი ფრაგმენტების ჩამოცვენისას.
„ჰეზბოლა“ ირანში ომის დაწყების დღიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით რაკეტებსა და დრონებს უშვებს.
პარალელურად ახლო აღმოსავლეთში ომი რამდენიმე ფრონტზე მძვინვარებს. აშშ-მ და ისრაელმა ირანის დედაქალაქში სამხედრო სამიზნეები დაბომბეს, ისრაელმა ლიბანში ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლების წინააღმდეგ კამპანია გააძლიერა, ხოლო ირანმა დრონებით მიიტანა იერიში, რამაც დუბაის აეროპორტის, მოგზაურებისთვის მნიშვნელოვანი ცენტრის, დროებით დახურვა გამოიწვია.
