ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასამა განაცხადა, რომ ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე უნგრეთის წინააღმდეგობის გამო ევროპელი მინისტრები ვერ შეთანხმდნენ რუსეთისთვის დასაწესებელი სანქციების მე-20 პაკეტზე.
როგორც ცნობილია, უნგრეთი იმუქრებოდა სანქციებისა და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის დაბლოკვით სანამ კიევი არ აღადგენდა „დრუჟბის” მილსადენით ნავთობის მიწოდებას.
„სამწუხაროდ, სანქციების მე-20 პაკეტზე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი და გზავნილი, რომლის გავრცელებაც დღეს არ გვინდოდა. მიუხედავად ამისა, მუშაობა გრძელდება. ყველას ესმის, რომ დიპლომატია ომზე უკეთესია, თუმცა ერთწლიანი მოლაპარაკებების შემდეგაც კი ცეცხლის შეწყვეტას ვერ მივაღწიეთ. მშვიდობის დაბრკოლებას არა უკრაინა, არამედ რუსეთი წარმოადგენს. ჩვენ უნდა შევცვალოთ სცენარი. ნაცვლად იმისა, რომ უკრაინაზე გავაძლიეროთ ზეწოლა, დათმოს ტერიტორია, უნდა ვიმუშაოთ იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს რუსეთმა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის ძირითადი პირობების შესასრულებლად. ძალიან სამწუხაროა. ეს გადაწყვეტილება ყველა ქვეყანამ, ყველა ლიდერმა მიიღო ევროპის საბჭოში, ახლა კი უკან იხევენ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი ხვალ კიევში იქნებიან და აუცილებლად დააყენებენ ამ საკითხს პრემიერ-მინისტრ ორბანთანაც, რადგან ეს ნამდვილად არ შეესაბამება ხელშეკრულებებში გაწერილ გულწრფელი თანამშრომლობის პუნქტს“, – ამბობს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი.
უნგრეთსა და სლოვაკეთს რუსული ნავთობი 27 იანვრიდან აღარ მიეწოდებათ, რამაც ბუდაპეშტსა და კიევს შორის ვითარება უფრო მეტად დაძაბა. როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, „დრუჟბის“ მილსადენი რუსული დრონების თავდასხმის შედეგად დაზიანდა.
უნგრთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო უკრაინულ მხარეს ტყუილში ადანაშაულებს. მისი აზრით, მიწოდების შეჩერება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ამიტომ უნგრეთი უარს აცხადებს, მიიღოს მონაწილეობა ბრიუსელის ნებისმიერ გადაწყვეტილებაში, რომელიც უკრაინის დახმარებას ითვალისწინებს.
„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ უკრაინელები იტყუებიან. ეს შეხვედრაზეც ვთქვი. ყველას გული ეტკინა, რადგან აქ ასე საუბარი არ არის მიზანშეწონილი. უკრაინელები იტყუებიან, როდესაც აცხადებენ, რომ ნავთობსადენი დაზიანებულია. ისინი იტყუებიან, როდესაც ამბობენ, რომ მილსადენ „დრუჟბაზე“ ნავთობის ტრანზიტის აღდგენა ფიზიკური და ტექნიკური მიზეზების გამოა შეუძლებელი. ეს ერთი დიდი ტყუილია. უკრაინელები ამჟამად ჩვენს სუვერენიტეტს ესხმიან თავს. ქვეყნის ენერგომომარაგების რისკის ქვეშ დაყენება ნამდვილად შეიძლება შეფასდეს, როგორც სუვერენიტეტზე თავდასხმა. ამრიგად, რადგან უკრაინელები უნგრეთის ენერგომომარაგების უსაფრთხოებას ეხებიან, უნგრეთს არ სურს, წვლილი შეიტანოს ბრიუსელში იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც უკრაინელების ინტერესებს ემსახურება. დღევანდელ შეხვედრაზე ნათლად განვაცხადე, რომ ჩვენ არ ვუჭერთ მხარს სანქციების მე-20 პაკეტისა და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის საომარი სესხის დამტკიცებას“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ.
გადამწყვეტი არჩევნების წინ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა აგრესიული ანტიუკრაინული კამპანია დაიწყო და ოპოზიციური პარტია „ტისა“, რომელიც გამოკითხვების უმეტესობაში ლიდერობს, ევროკავშირთან და უკრაინასთან შეთქმულებაში დაადანაშაულა.
„კარგად ცნობილია, რომ უნგრეთსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. უკრაინელები მოითხოვენ, რომ უნგრეთი გამოეთიშოს რუსულ ენერგეტიკას, მისცეს ფული უკრაინას და მხარი დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრებას. უფრო მეტიც, უკრაინელები ღიად ემუქრებიან უნგრეთის მთავრობასა და მის ლიდერებს. მე ვაცნობებ პარლამენტს, რომ ჩვენი ეროვნული მთავრობა არ დაუშვებს რაიმე სახის შანტაჟს“, – ამბობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.
„მთავრობამ დღეს გადაწყვიტა, ვეტო დაადოს სანქციების მე-20 პაკეტს, რომელიც მალე მიიღება ბრიუსელში. ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ სანამ უკრაინა არ აღადგენს რუსული ნავთობის მიწოდებას უნგრეთში, ჩვენ დავბლოკავთ ბრიუსელში ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას ითვალისწინებს“,
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომაც ორშაბათს განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ შეწყვიტა უკრაინისთვის ელექტროენერგიით მომარაგება. მისი თქმით, უკრაინა განზრახ აფერხებს რუსული ნავთობის მიწოდებას.
„დღევანდელი მდგომარეობით, თუ უკრაინა სლოვაკეთს დახმარებას სთხოვს ენერგეტიკული ქსელის სტაბილიზაციაში, ის მას ვერ მიიღებს. როგორც ვთქვი, ეს პირველი საპასუხო ზომაა“.
„სანამ საპასუხო ზომებს მივიღებდით პრეზიდენტ ზელენსკის მტრული ქმედებების გამო, მსურდა მას ტელეფონით გავსაუბრებოდი, რათა გამერკვია, როდის და საერთოდ განახლდებოდა თუ არა სლოვაკეთისთვის ნავთობის მიწოდება. ჩვენ მივიღეთ შეტყობინება, რომ უკრაინის პრეზიდენტი მოლაპარაკებებისთვის მზადაა მხოლოდ მიმდინარე წლის 25 თებერვლის შემდეგ. თუ უკრაინული მხარე სტრატეგიული ნედლეულის მიწოდების მხრივ კვლავ გააგრძელებს სლოვაკეთის ინტერესების დაზიანებას, სლოვაკეთის მთავრობა ასევე გადახედავს თავის წინა კონსტრუქციულ პოზიციას უკრაინის ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით და მოამზადებს შემდგომ საპასუხო ზომებს“, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ.
მოსკოვის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანამ მნიშვნელოვნად შეამცირა ან საერთოდ შეწყვიტა რუსული ენერგორესურსების იმპორტი.
უნგრეთსა და სლოვაკეთს, რომლებიც ევროკავშირის, ასევე ნატოს წევრები არიან, გამონაკლისის სახით დროებით არ ეხებათ ევროკავშირის პოლიტიკა რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ. პირიქით, მათ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, შეინარჩუნეს და გაზარდეს კიდეც რუსული ნავთობისა და გაზის მიწოდება.
