სლოვენიის პრემიერ-მინისტრი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფაში ადანაშაულებს, გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, რომლის მიხედვითაც, 22 მარტის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კერძო ისრაელელი ჯაშუშები ოპოზიციის კანდიდატს შეხვდნენ.
გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაასაჯაროვეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ჯაშუშების კერძო ისრაელური კომპანია, სახელწოდებით „შავი კუბი“, რომელიც ისრაელის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლების მიერაა დაფუძნებული, სლოვენიაში გასაჯაროებული არაერთი საიდუმლო ჩანაწერის უკან დგას. შეხვედრებზე ჩაწერილი საიდუმლო ჩანაწერები ცენტრისტ-მემარცხენე მთავრობის კომპრომიტირებისკენაა მიმართული, პრემიერ-მინისტრ რობერტ გოლობის ხელმძღვანელობით.
„ჩვენ ვხედავთ სლოვენიის დემოკრატიაში ისტორიულ ჩარევასა და სლოვენიის სუვერენიტეტზე თავდასხმას. როდესაც გამოაშკარავდა სატელეფონო ჩანაწერები, სადაც კორუფციულ ეჭვებზე კეთდებოდა მინიშნებები, ამ ჩანაწერებში მე ამოვიცანი ისეთი პრაქტიკები, რომლებიც უცხო ქვეყნებში გვხვდება. კერძოდ, პრაქტიკები, სადაც ავტორიტარული ძალები ცდილობენ არჩევნების პროცესის დარღვევას, ცდილობენ ყველაფრის გაკეთებას იმისთვის, რომ თავად არჩევნები სრულად შეცვალონ“, — აღნიშნა სამოქალაქო აქტივისტმა, ნიკა კოვაჩმა.
მკვლევრების ანგარიშის მიხედვით, „შავი კუბის“ წარმომადგენლები დედაქალაქ ლიუბლიანაში გასული წლის მიწურულს სამჯერ ჩამოვიდნენ და არაერთხელ შეხვდნენ ოპოზიციის ლიდერს, იანეზ იანშას, მათ შორის მისივე პარტიის შტაბ-ბინაში. თავად იანშა სამგზის პრემიერია, ასევე ვიქტორ ორბანის ახლო მოკავშირე. მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია და მემარცხენე ელიტა კორუფციაში დაადანაშაულა. მისი თქმით, მისმა პარტიამ მსგავსი ჯაშუშური ფირმის არსებობის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდა.
სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტანია ფაიონმა, მომხდარს დემოკრატიაზე შეტევა უწოდა, ნეიტრალური პოზიციების პრეზიდენტმა, ნატაშა პირც მუსარმა კი აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები ქვეყნის დემოკრატიულ ფუნდამენტს უთხრის ძირს.
სკანდალი სლოვენიაში იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც წინასწარი გამოკითხვებით ლიბერალური ხედვების მმართველ გუნდსა და კონსერვატიული ხედვების ოპოზიციას შორის მოსახლეობის პრეფერენციები მინიმალურ სხვაობას აჩვენებს. თუ დონალდ ტრამპის ხმამაღალი მხარდამჭერი იანშა გაიმარჯვებს და ხელისუფლებაში კვლავ დაბრუნდება, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს იქნება კიდევ ერთი ლიბერალური დასაყრდენის დაცემა ევროპისთვის, რაც რეგიონში კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს მემარჯვენე იდეოლოგიას.
