კატეგორიები

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ „მასშტაბური სამხედრო ოპერაცია` დაიწყო

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ „მასშტაბური სამხედრო ოპერაცია` დაიწყო
Copyright AP Photo

28 თებერვალს, დილით, ისრაელმა ირანის დედაქალაქ თეირანზე „პრევენციული“ საჰაერო იერიში მიიტანა. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა. მისი თქმით, ოპერაციის მიზანი საფრთხეების აღმოფხვრა იყო.

მედიის ცნობით, პირველი იერიში მიიტანეს  იმ ტერიტორიასთან ახლოს, სადაც მდებარეობს ირანის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ოფისი. გავრცელებული ინფორმაციით, იერიშებში მონაწილეობდა ამერიკის შეერთებული შტატებიც, თუმცა ოფიციალური დეტალები ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში გამოცხადებულია განსაკუთრებული და მუდმივი საგანგებო მდგომარეობა. პარალელურად ხელისუფლებამ დახურა ქვეყნის საჰაერო სივრცე. ტრანსპორტის მინისტრის, მირი რეგევის თქმით, გადაწყვეტილება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარების გამო მიიღეს.

საჰაერო სივრცე დახურა ირანმაც. ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის უწყების ინფორმაციით, თეირანსა და სხვა ქალაქებში აფეთქებების შემდეგ ირანის ცა ჩაიკეტა.

ირანული მედია იუწყება, რომ დარტყმები ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. აფეთქებებია არა მხოლოდ თეირანში, არამედ ისპაანში, ქარაჯსა და ქერმანშაჰშიც.

რეგიონში დაძაბულობაა. ვაშინგტონი და თეირანი ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის შესახებ შეთანხმების მიღწევას ცდილობენ. შაბათის იერიშებს წინ უძღოდა აშშ-ის მიერ რეგიონში გამანადგურებელი ავიაციისა და სამხედრო გემების განთავსება, რაც ირანზე ზეწოლის გაძლიერებას ისახავდა მიზნად.

თეირანი საპასუხო ნაბიჯებისთვის ემზადება. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ირანის პასუხი „გამანადგურებელი“ იქნება.

ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ სწრაფად იცვლება, საერთაშორისო საზოგადოება მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდება.

დაკავშირებული ამბები
თეირანი აშშ-ს აფრთხილებს, რომ ირანში ჯარების გაგზავნა ვაშინგტონს „ჭაობში ჩაითრევს“ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარება „ჩვენს ინტერესში არ შედის“