კატეგორიები

პარიზი მზად არის, ჰორმუზის სრუტეში გემების ესკორტირებას კოორდინირება გაუწიოს

პარიზი მზად არის, ჰორმუზის სრუტეში გემების ესკორტირებას კოორდინირება გაუწიოს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ პარიზი მზად არის, სხვა ქვეყნებთან ერთად ჰორმუზის სრუტეში გემების ესკორტირების სისტემაზე პასუხისმგებლობა აიღოს, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც რეგიონში სამხედრო ოპერაციები და დაბომბვები დასრულდება. მისი თქმით, აღნიშნული მისია არ უნდა იყოს სამხედრო ხასიათის. ის საჭიროებს ირანთან კონსულტაციებსა და დეესკალაციას. მაკრონმა დასძინა,  რომ მიმდინარე სამხედრო მოქმედებების პირობებში საფრანგეთი არ მიიღებს მონაწილეობას სრუტის ძალის გამოყენებით გახსნაში.

„ჰორმუზის სრუტის საკითხზეც ვისაუბრეთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნე, რომ, როგორც კი ვითარება დასტაბილურდება, საფრანგეთი მზად არის, სხვა ქვეყნებთან ერთად, აიღოს პასუხისმგებლობა გემების ესკორტირების სისტემაზე. ეს იქნება მისიის ნაწილი, რომელიც არ არის გათვლილი სამხედრო ოპერაციაზე და საჭიროებს ირანთან კონსულტაციასა და დეესკალაციას. ეს გულისხმობს საზღვაო სექტორის ყველა მონაწილესთან თანამშრომლობას, მათ შორის გადამზიდავებსა და სადაზღვევო კომპანიებთან. თუმცა, მიმდინარე სამხედრო ოპერაციებისა და დაბომბვების ფონზე, ჰორმუზის სრუტის ძალით გახსნაში მონაწილეობას არ მივიღებთ“ - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

ამავე დროს, ევროკავშირის  წევრმა ქვეყნებმა -  საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და ნიდერლანდებმა, დიდი ბრიტანეთისა და იაპონიის მხარდაჭერით, მზადყოფნა გამოთქვეს, ჩაერთონ შესაბამის ძალისხმევაში, რათა ჰორმუზის სრუტეში გემების უსაფრთხო გადაადგილება უზრუნველყონ. ერთობლივ განცხადებაში ისინი ირანს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დრონებითა და რაკეტებით შეტევები და სრუტის ბლოკირების მცდელობები.

ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა ისაუბრეს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე. მათ მოითხოვეს ჰორმუზის სრუტის გახსნა და ახლო აღმოსავლეთში წყლისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ შეტევებზე მორატორიუმის დაწესება. 27 წევრი ქვეყნის ლიდერებმა ერთობლივ განცხადებაში ყურადღება გაამახვილეს ენერგომომარაგების სტაბილიზაციის აუცილებლობაზე და მხარეებს დეესკალაციისა და მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდეს.

Related news
პარიზი მზად არის, ჰორმუზის სრუტეში გემების ესკორტირებას კოორდინირება გაუწიოს ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ბირთვული ქობინების მარაგის გაზრდის ბრძანება გასცა