კატეგორიები

აშშ-ის პრეზიდენტი ირანს სამხრეთ ფარსის საბადოს განადგურებით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი ირანს სამხრეთ ფარსის საბადოს განადგურებით ემუქრება
Copyright AP Photo
დონალდ ტრამპი თეირანს ჰპირდება, რომ „სრულად ააფეთქებს და გაანადგურებს“ ირანის ეკონომიკისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან — სამხრეთ ფარსის ბუნებრივი აირის საბადოს, თუკი ისლამური ქვეყანა კიდევ ერთხელ დაესხმება თავს კატარის ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურას.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მოსალოდნელი შედეგების შესახებ თეირანს აფრთხილებს მას შემდეგ, რაც მათ კუთვნილ საბადოებზე ისრაელის მიერ მიტანილ იერიშებზე საპასუხოდ, ირანმა კატარის უმსხვილესი რას ლაფანის საბადო დაბომბა.

„ახლო აღმოსავლეთში მოვლენებით გაბრაზებული ისრაელი სასტიკად დაესხა თავს მსხვილ ობიექტს, ცნობილს როგორც ბუნებრივი აირის საბადო ირანის სამხრეთ ფარსში. საბადოს მხოლოდ შედარებით მცირედი ნაწილი დაზიანდა.

აშშ-მა არაფერი იცოდა ამ თავდასხმის შესახებ, კატარი არანაირად არ ყოფილა მასთან დაკავშირებული და არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ეს მოხდებოდა. სამწუხაროდ, ირანმა არაფერი იცოდა მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ სამხრეთ ფარსზე მომხდარი თავდასხმის თაობაზე, ამიტომ გაუმართლებლად და უსამართლოდ დაარტყა გათხევადებული ბუნებრივი აირის კატარულ ობიექტს.

ისრაელი აღარ მოაწყობს მსგავს თავდასხმას ამ უკიდურესად მნიშვნელოვან და ღირებულ საბადოზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირანი არ გადაწყვეტს აბსოლუტურად უდანაშაულოზე, ამ შემთხვევაში კატარზე, დარტყმის განხორციელებას.

თუკი ეს მოხდება, ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელის დახმარებით თუ მის გარეშეც, გაანადგურებს სამხრეთ ფარსის ყველა გაზის საბადოს ისეთი ძალით, როგორიც ირანს აქამდე არასდროს უნახავს.

არ მინდა ამ დონის ძალადობასა და ნგრევას სანქცირება გავუწიო, რასაც ირანის მომავლისთვის გრძელვადიანი შედეგები ექნება, მაგრამ თუ კატარის გათხევადებული ბუნებრივი აირის ქარხანაზე კვლავ თავდასხმა განხორციელდება, ამას უყოყმანოდ გავაკეთებ“, — დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე.

დოჰაში აცხადებენ, რომ ირანული დარტყმების შედეგად რას ლაფანის საბადოს „მნიშვნელოვანი ზიანი“ მიადგა, მომხდარმა კი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური კონფლიქტი გამოიწვია.

თავდასხმის შემდეგ, კატარმა ირანის საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და სამხედროები პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.

მკაცრი გაფრთხილება გაისმა ირანისგანაც. ქვეყნის შეიარაღებული ძალები კვლავ მტკიცე პასუხის გაცემით და მოწინააღმდეგის შესაძლებლობების „ფერფლად ქცევის“ დაპირებით იმუქრებიან.

„ეს არის მტკიცე და მკაფიო გაფრთხილება იმ დამნაშავეებისთვის, რომლებმაც თავს დაესხნენ ირანის საწვავისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის ნაწილს ქვეყნის სამხრეთით.

ამ ქმედების შედეგად, შეჭრის წყაროს საწვავის, ენერგეტიკისა და გაზის ინფრასტრუქტურა დაიწვება და ფერფლად იქცევა რაც შეიძლება მალე.

ჩვენ მივმართავთ კრიმინალურ ამერიკას, მის მშიშარა და აგრესიულ არმიას და ბარბაროსულ, ბავშვების მკვლელ სიონისტურ რეჟიმს — თქვენ სხვა გზა არ გექნებათ, გარდა იმისა, რომ თქვენი ჯარისკაცები წყალში ჩააგდოთ და თქვენი ღირსება ქარს გაატანოთ. თქვენი მეთაურებისა და ჯარისკაცების ყელი ისლამის მეომრების ჩექმების ქვეშაა“, — განაცხადა ირანის შეიარაღებული ძალების სპიკერმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ებრაჰიმ ზოლფაგარმა.

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს ოფიციალურად არ აუღია პასუხისმგებლობა სამხრეთ ფარსის ბუნებრივი აირის საბადოებზე მიტანილ იერიშებზე, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, რამდენიმე საათით ადრე განაცხადა, რომ მოწინააღმდეგეს კიდევ „ბევრი ახალი სიურპრიზი“ ელოდა.

აგრესიული ქმედებებით, მკაცრი გაფრთხილებებითა და სპარსეთის ყურის სახელმწიფოებზე განუწყვეტელი თავდასხმებით, ირანი ურთიერთობას იფუჭებს მეზობელ ისლამურ ქვეყნებთან.

კატარმა, საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დაგმეს თეირანის დარტყმები. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამეფოზე თავდასხმები აჩვენებს, რომ ორ ქვეყანას შორის „ისედაც მცირე ნდობა ახლა უკვე სრულად განადგურებულია“.

Related news
აშშ-ის პრეზიდენტი ირანს სამხრეთ ფარსის საბადოს განადგურებით ემუქრება ირანში ომის ფონზე აშშ-ის კონტრტერორისტული ორგანიზაციის დირექტორი გადადგა