კატეგორიები

დონალდ ტრამპის თქმით, არ გეგმავს ირანში აშშ-ის სახმელეთო ჯარების გაგზავნას

დონალდ ტრამპის თქმით, არ გეგმავს ირანში აშშ-ის სახმელეთო ჯარების გაგზავნას
დონალდ ტრამპის განცხადებით, თეირანის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, არ გეგმავს ირანში აშშ-ის სახმელეთო ჯარების განლაგებას.

მისივე თქმით, ყველაფერი არა თუ გეგმის მიხედვით სრულდება, არამედ ვაშინგტონი „დაწესებულ გრაფიკსაც კი უსწრებს“, ხოლო თავად სამხედრო მოქმედებებს დონალდ ტრამპი „ექსკურსიას“ უწოდებს.

„ჩვენ ამ ექსკურსიას ვატარებთ და როდესაც ის დასრულდება, სამყარო გაცილებით უსაფრთხო იქნება. ვფიქრობ, ყველა ქვეყანა ფიქრობს, რომ ირანის ქმედებები საშინელია, რადგან ის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიოსთვის — ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსთვის. ვფიქრობ, პრაქტიკულად ყველა ქვეყანა მეთანხმება ამაში.

ჩვენ გავანადგურეთ მათი საზღვაო ძალები და თითქმის ყველაფერი, რაც კი გასანადგურებელი იყო, ხელმძღვანელობის ჩათვლით. მათი საზღვაო და საჰაერო ძალები გაქრა, ისევე როგორც მათი ჰაერსაწინააღმდეგო აღჭურვილობა.

ჩვენ დავფრინავთ, სადაც გვინდა, თან ისე, რომ არავინ გვესვრის. მათ ახალი ლიდერები აირჩიეს და მალევე ისინი გაქრნენ. ისევ აირჩიეს და ისევ გაქრნენ. ახლა ისინი კვლავ ახალი ლიდერების ძიებაში არიან,“ — განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისივე თქმით, თუ ვაშინგტონი მოინდომებს, „ნებისმიერ დროს შეუძლია ხარგის კუნძულის აღება“:

„მე მას პატარა ნავთობის კუნძულს ვუწოდებ, რომელიც იქ სრულიად დაუცველია. იქიდან, მილების გარდა, ყველაფერი ამოვიღეთ. ისინი დავტოვეთ, რადგან მილების აღდგენას წლები დასჭირდებოდა. მაგრამ, ვიტყოდი, რომ გრაფიკს მნიშვნელოვნად ვუსწრებთ…“

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრს სთხოვა, „აღარ გაიმეოროს“ თავდასხმები ირანის ბუნებრივი აირისა და ნავთობობიექტებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ომის მთავარი მამოძრავებელი რესურსის მწარმოებელი წერტილები ვაშინგტონისა და თელ-ავივის სამიზნეებად პირველივე დღეებიდან იქცა, ახლა დონალდ ტრამპი ამ თხოვნას ბაზარზე მკვეთრად გაზრდილი ფასების დასტაბილურებით ხსნის.

მისივე სიტყვებით, აშშ-მა „არაფერი იცოდა“ ისრაელის ბოლოდროინდელ დარტყმებზე ირანის ბუნებრივი აირის საბადოებზე.

თხოვნას ბენიამინ ნეთანიაჰუ დათანხმდა, თუმცა დასძინა, რომ ისრაელი განაგრძობს დასახული სტრატეგიული მიზნების შესრულებას.

„შემიძლია გაცნობოთ, რომ ირანს დღეს არ აქვს ურანის გამდიდრებისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოების შესაძლებლობა. ჯერ ნაადრევია იმის თქმა, გამოიყენებს თუ არა ირანელი ხალხი ჩვენს მიერ მათთვის შექმნილ პირობებს ქუჩაში გასასვლელად. ვიმედოვნებ, ეს მოხდება. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს მხოლოდ მათზე იქნება დამოკიდებული.

ოპერაცია „აღმავალი ლომის“ დროს ჩვენ გავანადგურეთ ირანის რაკეტები და მათი ბირთვული ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი. თუმცა ახლა ჩვენ ვანადგურებთ ქარხნებს, რომლებიც აწარმოებენ კომპონენტებს ამ რაკეტებისა და იმ ბირთვული იარაღის დასამზადებლად, რომლის შექმნასაც ისინი ცდილობენ. ჩვენ ვანადგურებთ მათ სამრეწველო ბაზას ისე, როგორც აქამდე არ ვაკეთებდით. ირანის საჰაერო თავდაცვა უსარგებლო გახდა. მათი საზღვაო ფლოტი ზღვის ფსკერზეა,“ — განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მიანიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ საჰაერო იერიშების გარდა, „ასევე უნდა არსებობდეს სახმელეთო კომპონენტიც“:

„ხშირად ამბობენ, ვერ გაიმარჯვებ, ვერ მოაწყობ რევოლუციებს ჰაერიდან, რაც მართალია. ბევრი რამის გაკეთება ჰაერიდან შეიძლება და ჩვენ ამას ვაკეთებთ, მაგრამ ასევე უნდა არსებობდეს სახმელეთო კომპონენტი. ამ სახმელეთო კომპონენტისთვის ბევრი შესაძლებლობა არსებობს და თავს ვიკავებ, რომ არ გაგიზიაროთ ყველა ამ შესაძლებლობის შესახებ.“

19 მარტის ღამით ირანმა დაარტყა ისრაელის ქალაქ ჰაიფაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რის შედეგადაც თელ-ავივი მცირე ზიანის შესახებ იუწყება. თეირანი იერიშებს არ წყვეტს არამხოლოდ მოწინააღმდეგის, არამედ სპარსეთის ყურის ქვეყნების მისამართით.

19 მარტის ღამით დუბაის ცაზე ირანული საბრძოლო საფრენი აპარატების კვალი ჩანდა, ქუჩებში კი საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა.

დაკავშირებული ამბები
დონალდ ტრამპის თქმით, არ გეგმავს ირანში აშშ-ის სახმელეთო ჯარების გაგზავნას აშშ-ის პრეზიდენტი ირანს სამხრეთ ფარსის საბადოს განადგურებით ემუქრება