კატეგორიები

ვიქტორ ორბანი უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ სესხის გამოყოფას ბლოკავს

ვიქტორ ორბანი უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ სესხის გამოყოფას ბლოკავს
Copyright AP
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას მხარს არ დაუჭერს.

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების სამიტი გაიმართა, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ უკრაინის დახმარების პაკეტი იყო. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ სესხს მანამდე დაბლოკავს, სანამ უკრიანის გავლით უნგრეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდება არ აღდგება.

„ეს ეგზისტენციალური საკითხია. რაზეც ვსაუბრობთ, ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკა. ნავთობის მიღება უნგრეთისთვის ეგზისტენციალური საკითხია. ამ ნავთობის გარეშე, უნგრეთში ყველა ოჯახი და კომპანია გაკოტრდება. ამიტომ ეს ხუმრობა არ არის, ეს არ არის პოლიტიკური თამაში. ზელენსკიმ უნდა გაიგოს, რომ ეს თამაში არაა. ეს უნგრელებისთვის აბსოლუტურად გადარჩენის საკითხია,“ - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა.

ვიქტორ ორბანი ითხოვს უნგრეთმა და სლოვაკეთმა კვლავ მიიღონ ნავთობი დრუჟბის მილსადენიდან, რომელიც უკრაინაში მდებარეობს. ამ დროისთვის მილსადენი, სადაც რუსული ნავთობი გადის, კვლავ დაზიანებულია, ხოლო უკრაინა მის აღდგენაზე უარს ამბობს. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მილსადენი სავარაუდოდ იანვარში დაზიანდა, როცა რუსმა სამხედროებმა იერიშები უკრაინის მილსადენებსა და მათ მიმდებარე ენერგო ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს. უკრაინის პრეზიდენტს მილსადენის აღდგენა არ სურს, რადგან მიაჩნია, რომ ამით რუსულ ეკონომიკას დაეხმარება. ეკონომიკას, რომელიც უკრაინაში ომს აფინანსებს. თავისი პოზიციის მიუხედავად, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის ინიციატივას დათანხმდა დრუჟბას მილსადენს. კიევმა დამოუკიდებელ მხარეს ნება დართოს შეისწავლოს მილსადენის მდგომარეობა. თუმცა, ბუდაპეშტი უკრაინისთვის განკუთვნილ სესხზე ვეტოს დადებას მაინც აპირებს.

ვიქტორ ორბანი და ემანუელ მაკრონი - Copyright AP

„ჩვენ გვინდა უკრაინიდან ის ნავთობი მივიღოთ, რომელიც გვეკუთვნის და რომელიც ახლა უკრაინელებმა დაბლოკეს. სანამ უნგრელები კუთვნილ ნავთობს ვერ იღებენ, აქ მე არასოდეს დავუჭერ მხარს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინისთვის იქნება სასარგებლო. უნგრეთის პოზიცია ძალიან მარტივია. ჩვენ მზად ვართ დავუჭიროთ მხარი უკრაინას, როდესაც მივიღებთ ჩვენს ნავთობს, რომელიც მათ დაბლოკეს,“ - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა.

ევროკავშირის ლიდერები კი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის გადაწვეტილებას აკრიტიკებენ, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ თავდაპირველად, დახმარების პაკეტს დეკემბერში თავად ვიქტორ ორბანმაც დაუჭირა მხარი.

ევროპელი ლიდერების განცხადებით ვეტოს დადებით, ვიქტორ ორბანი ცდილობს უნგრეთში გასამართი არჩევნების წინ პოპულისტური ნაბიჯები გადადგას. ევროპელი ლიდერების თქმით ვიქტორ ორბანმა პატივი უნდა სცეს ბლოკის დეკემბერში შეთანხმებულ გადაწყვეტილებას.

„დეკემბერში ერთსულოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. ყველა 27 წევრი სახელმწიფო დათანხმდა იმ გზას, რომელსაც ერთად მივყვებით. ევროკავშირის მთავარი პრინციპი არის ერთგულება და სანდოობა. ველოდები, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო ამ პრინციპს დაიცავს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.

ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროპელ ლიდერებსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შორის მწვავე დებატები გაიმართა. უნგრეთმა მხოლოდ უკრაინის სესხის პაკეტი არ ბლოკავს, არამედ ბუდაპეშტმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციების პაკეტსაც დაადო ვეტო. ევროკავშირის მიზანია, მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალები და ომით დაზარალებული ეკონომიკა გააძლიეროს. ევროკავშირის ლიდერებს მიაჩნიათ, რომ უკრაინამ სესხის მნიშვნელოვანი ნაწილი მაისისთვის უნდა მიიღოს.

„ის უკრაინას საარჩევნო კამპანიისთვის იყენებს და ეს ძალიან ცუდია. ჩვენ შეთანხმება გვქონდა და ვფიქრობ, რომ მან გვიღალატა. ახლა უნდა ვიპოვოთ გზა, თუ როგორ ვიმოქმედებთ. მე უკრაინას და კომისიას მოვუწოდებ, მილსადენის საკითხთან დაკავშირებით გამოსავალი გამონახონ. უკრაინის დაფინანსების უზრუნველყოფა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია“, - განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ.

სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას, ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა განაცხადა, რომ აპრილში უნგრეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე უკრაინისთვის სესხის დამტკიცება რთული იქნება.

„უნგრეთში გასამართ არჩევნებამდე ეს შესაძლოა რთული იყოს. ეს მისი საარჩევნო კამპანიის ნაწილია. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ აქ მიღებული გადაწყვეტილებები უნდა დავიცვათ. მიუღებელია, ლიდერებთან ერთად გადაწყვეტილება მიიღო და შემდეგ თქვა, რომ იმის შესასრულებლად არ ხარ მზად, რასაც მანამდე თავად დათანხმდი,“ - განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრიმა, ბარტ დე ვევერმა.

უნგრეთში აპრილში გასამართი არჩვნების წინ, ვიქტორ ორბანმა ანტი-უკრაინული და ანტი-ევროპული რიტორიკა გაზარდა. ვიქტორ ორბანის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისე წარმოაჩინოს თითქოს ის ეგზისტენციულ საფრთხეს უქმნის უნგრეთის მოქალაქეებს.

ვიქტორ ორბანი, რომელიც ევროპაში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ უახლოეს მოკავშირედ ითვლება, ამტკიცებს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უნგრეთის ომში ჩათრევას ცდილობს. წინასწარი მონაცემებით ვიქტორ ორბანი და მისი პარტია მთავრობის ჩამოყალიბებისთვის საჭირო ხმებს ვერ აგროვებენ, შესაბამისად უნგრეთის პრეზიდენტი ცდილობს ამომრჩეველი დააჯეროს, რომ მისი არჩევნებში გამარჯვება უნგრეთისთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების ერთადერთი გარანტიაა.

Related news
ვიქტორ ორბანი უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ სესხის გამოყოფას ბლოკავს ორბანი აცხადებს, რომ 12 აპრილს უნგრელები არჩევანს მშვიდობასა და ომს შორის გააკეთებენ