მთავარიევროპაუკრაინაომში დაკარგული ბავშვობა

ომში დაკარგული ბავშვობა

როდესაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რუსლან კნიში მხოლოდ 16 წლის იყო, იგი სკოლაში დადიოდა.  ახლა კი, ოთხი წლის შემდეგ, 20 წლის ასაკში, უკვე ომის ვეტერანია.

მისი ფიქრები ომამდე ისტორიისა და წიგნების ირგვლივ ტრიალებდა. ბავშვობიდანვე ჰქონდა გამძაფრებული სამართლიანობის გრძნობა და ინტერესით სწავლობდა უკრაინის წარსულს,  ეცნობოდა იმ ადამიანების ცხოვრებას, რომლებიც საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლნენ.

„რუსეთის შემოჭრის დროს, საერთოდ არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. პირველი შეგრძნება სრული უმწეობა იყო. ვტიროდი, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცისთვის შეიძლება „სუპერ მებრძოლი“ ან შთამაგონებელი ადამიანი ვიყავი. 24 თებერვალს თავს სრულიად დაუცველად ვგრძნობდი, ვხვდებოდი, რომ მხოლოდ 16 წლის ვიყავი და არაფრის გაკეთება არ შემეძლო. ჩემს პირველ დავალებაზე დაღუპული ჯარისკაცების ცხედრებს ვაბრუნებდით. მათი ცხედრები  იქ დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში იყო. აუტანელი სუნი  იყო. დავთანხმდი, თავად გადამესვენებინა ისინი ევაკუაციის პუნქტამდე. გულწრფელად ვამაყობ იმით, რომ უკან არ დამიხევია. არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ქმედებით. ეს დიდი გამბედაობაა. მე პატივი მივაგე მათ და იმას, რაც მათ გააკეთეს“ – იხსენებს უკრაინის ომის ვეტერანი რუსლან კნიში.

2023 წლის დეკემბრის ბოლოს, ოჯახში კონფლიქტის შემდეგ, რუსლანმა დონეცკის ოლქის ქალაქ სელიდოვეში მდებარე სახლი დატოვა. ის ფიზიკურ ძალადობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ოჯახში მისი პროუკრაინული პოზიცია მიუღებელი აღმოჩნდა. რამდენიმე თვეში მან საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და 2024 წლის თებერვალში შეიტანა კიდეც განაცხადი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გაწევრებაზე.

„მახსოვს, უკვე მიწაზე ვიწექით. აფეთქების დროს მინდორში გადავვარდი. ბალახი, სარეველები… იქ ვიწექი. ახლომდებარე პოზიციაზე მყოფმა ბიჭებმა აფეთქების ხმა გაიგეს. ფრთხილად გადმოიხედეს და დაინახეს, რაც მოხდა ჩვენთან. ჩვენი თანამებრძოლი ლუკა ყვიროდა: „დაჭრილები გვყავს! დახმარება გვჭირდება!“ ისინი მაშინვე მოვიდნენ. დროულად იმოქმედეს, ყველაფერი მომზადებული ჰქონდათ:   პირველადი დახმარების ჩანთები.

ვინც არ უნდა თქვას, მე ძლიერი არ ვარ. უბრალოდ ვერ ვაძლევ თავს უფლებას, გავტყდე. აქ  ბიჭებმა და გოგოებმა თავი გაწირეს. მე  მათ ბრძოლას ვერ ვუღალატებ. თუმცა სულით ძალიან სუსტი ვარ. არის მომენტები, როცა ეს ყველაფერი გაწვება.  იწყებ ფიქრს სიცოცხლის დასრულებაზე და ეკითხები საკუთარ თავს: „რატომ ხდება ასე?“ და მერე ხვდები, რომ შესაძლოა ბედს თავისი გეგმები ჰქონდეს“ – ამბობს  უკრაინის ომის ვეტერანი რუსლან კნიში.

დღეს, 20 წლის ასაკში, რუსლანი ვეტერანია. ის ფიქრით  ისევ ბრძოლაშია. დედასთან კვლავ დაძაბული ურთიერთობა აქვს. ხშირად მიმართავს შავ იუმორს, ციტატები მოჰყავს უკრაინელი პოეტების შემოქმედებიდან და გამუდმებით საუბრობს ისტორიული მეხსიერების მნიშვნელობაზე. საკუთარ ტელეგრამარხზე ლექციებს ატარებს და ამბობს, რომ სამხედრო კარიერის გაგრძელება სურს. მისი მიზანია, მიიღოს ოფიცრის წოდება. პარალელურად კი ემზადება, რომ შეერთებულ შტატებში გაიაროს  პროთეზირების კურსი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend