კატეგორიები

ჰორმუზის სრუტის გახსნისთვის დონალდ ტრამპმა ირანს 48 საათი მისცა

ჰორმუზის სრუტის გახსნისთვის დონალდ ტრამპმა ირანს 48 საათი მისცა
Copyright AP Photo
ჰორმუზის სრუტის განსაბლოკად დონალდ ტრამპმა ირანს 48 საათი მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ის პრეზიდენტი ქვეყნის ელექტროსადგურებზე იერიშებითა და მათი განადგურებით იმუქრება.

დროის ათვლა უკვე დაწყებულია — სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოქვეყნებული პოსტის გათვალისწინებით, თეირანს დრო ხვალამდე აქვს.

 

„თუ ირანი ამ მომენტიდან 48 საათის განმავლობაში, მუქარის გარეშე, სრულად არ გახსნის ჰორმუზის სრუტეს, ამერიკის შეერთებული შტატები დაარტყამს და გაანადგურებს მათ კუთვნილ ელექტროსადგურებს, დაწყებული ყველაზე დიდით,“ — წერს პრეზიდენტი.

თავად ირანმა უმთავრეს გაზის საბადოზე იერიში გასულ კვირას ისრაელისგან იწვნია, რაშიც ვაშინგტონის მტკიცებით აშშ არ მონაწილეობდა. უკვე ახლა აშშ-სგან წამოსულ მუქარას ირანი მუქარითვე პასუხობს. ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, რომ თუ თეთრი სახლი დანაპირებს მართლაც შეასრულებს, მაშინ თეირანისთვის ლეგიტიმურ სამიზნედ იქცევა ყველა იმ ქვეყნის ელექტროსადგური, რომლებშიც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განთავსებული. ასეთი კი რეგიონში ბევრია და მათ წინააღმდეგ ირანის იერიშები რეგიონმა უკანასკნელ რამდენიმე კვირაში იხილა კიდეც.

„აშშ-ის ტერორისტი პრეზიდენტი აგრძელებს მის აგრესიულ ქმედებებს გლობალური უსაფრთხოების დესტაბილიზაციისთვის და გვემუქრება. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჰორმუზის სრუტე დაკეტილია მხოლოდ მტრებისთვის და მავნე მარშრუტებისთვის. ის სრულად არ დახურულა და ჩვენი დაზვერვის კონტროლის ქვეშ, სპეციალური რეგულაციებით ოპერირებს. თუმცა, თუ აშშ მართლაც აღასრულებს დაპირებულ მუქარას, ჩვენი შემდგომი სადამსჯელო ზომა იქნება ის, რომ დაუყოვნებლივ დავხურავთ ჰორმუზის სრუტეს და მანამ არ გავხსნით მას, ვიდრე ჩვენს სადგურებზე მიყენებული ზიანი არ აღდგება. თუ ასე მოხდა, სამიზნეში ამოვიღებთ სიონისტური რეჟიმის საინფორმაციო, საკომუნიკაციო თუ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას და ასევე ამავე მიმართულების ამერიკულ კომპანიებს რეგიონში“, — აღნიშნავენ ირანის შეიარაღებულ ძალებში.

სამხრეთ ისრაელში მდებარე ბირთვული კვლევების ცენტრზე ბალისტიკური რაკეტებით მიტანილმა ირანულმა იერიშმა ვითარება რეგიონში კიდევ უფრო მეტად გაამწვავა. რეგიონთან ერთად კი რთული ვითარებაა გლობალური ენერგეტიკული მიწოდების ჯაჭვშიც. ამაზე საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოც საუბრობს, რომელმაც წევრ სახელმწიფოებს მარაგების გამოთავისუფლებისკენ უკვე უბიძგა.

„სიტუაცია ძალიან მძიმეა. ჩვენ გამოვათავისუფლეთ 400 მილიონი ბარელი ნავთობი, რაც ისტორიული ნაბიჯი იყო. მსგავსი მოცულობა ბაზარზე აქამდე არასდროს გაგვიტანია. ეს არ ყოფილა მარტივი გადაწყვეტილება, მაგრამ ის ჩვენი წევრი ქვეყნების ერთსულოვანი თანხმობით მივიღეთ. ამ განცხადების შემდეგ ნავთობის ფასი 18 დოლარით შემცირდა, რაც მნიშვნელოვანი კლების მაჩვენებელია. თუმცა, დაბომბვების დაწყების შემდეგ ფასებმა კვლავ იმატა. უკვე წარვადგინეთ მოთხოვნის შემცირებაზე ორიენტირებული ზომები, თუ როგორ შევამციროთ მოხმარება. თუმცა ამ პრობლემის გადაჭრის მთავარი გზა, არსებული ვითარების გათვალისწინებით, ჰორმუზის სრუტის გახსნაა“, — თქვა საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს დირექტორმა, ფატიჰ ბიროლმა.

ჰორმუზის სრუტე ნავთობისა და გათხევადებული აირის მიწოდების ჯაჭვში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ მარშრუტი ნაწილობრივ შეფერხდა, რაც ირანის პასუხი იყო მომხდარზე. ამის გამო მსოფლიო ბირჟებზე სიტუაცია ჯერ ვერ დასტაბილურდა — ქვეყნებმა კრიზისთან დაკავშირებით არაერთი გადამზღვევი ნაბიჯი გადადგეს, თუმცა რისკი მაღალი რჩება.

დაკავშირებული ამბები
ისრაელმა ლიბანის სამხრეთით სამხედრო ოპერაციები გააფართოვა ჰორმუზის სრუტის გახსნისთვის დონალდ ტრამპმა ირანს 48 საათი მისცა