კატეგორიები

კატარი ირანის იერიშზე პასუხით იმუქრება, ანკარა - თეირანსა და ვაშინგტონს შორის შუამავლობას განაგრძობს

კატარი ირანის იერიშზე პასუხით იმუქრება, ანკარა - თეირანსა და ვაშინგტონს შორის შუამავლობას განაგრძობს
Copyright AP Photo/Altaf Qadri
„კატარი იტოვებს უფლებას უპასუხოს ირანის აგრესიას კანონიერ ჩარჩოში“ — ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისას განაცხადა დოჰაში.

შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმანი მოუწოდებს თეირანს, შეწყვიტოს სპარსეთის ყურის ქვეყნებზე უპასუხისმგებლო იერიშები, ისრაელისა და ამერიკის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის პასუხად.

განცხადებას წინ უძღოდა ირანის მორიგი დარტყმა საუდის არაბეთზე, ქუვეითსა და კატარზე — ამჯერად მათ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ასე უპასუხა ირანმა ისრაელის მხრიდან მის მთავარ გაზის საბადოზე დარტყმას სამხრეთ ფარსში.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ იერიშზე, რომელიც რას ლაფანის ენერგეტიკულ სადგურზე მიიტანა ირანმა. სამწუხაროდ, საბოტაჟის ეს აქტი ასახავს აგრესიულ და უპასუხისმგებლო პოლიტიკას, ასევე საშიშ ესკალაციას ირანის მხრიდან. ისრაელის მხრიდან ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშების პირველივე წუთებიდან ვგმობდით ამ ნაბიჯებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ირანის პასუხი ისრაელზე კატარზე პირდაპირ შეტევად იქცა. ირანი ამტკიცებს, რომ იერიში აშშ-ის ბაზაზე მიიტანა კატარში. ჩვენ ამას უარვყოფთ — ამის საპირისპირო მტკიცებულებაა ის, რომ იერიში ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა, რომელსაც კატარის ხალხისთვის მოაქვს შემოსავალი. ომი დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს, რადგან ყველამ იცის, ვინ იღებს მისგან სარგებელს რეგიონის ომში ჩაბმით. სამწუხაროდ, რაც ახლა ხდება, ამ დღის წესრიგის სამსახურშია. ჩვენ ვგმობთ ჩვენი მოკავშირე რესპუბლიკის, თურქეთის წინააღმდეგ იერიშსაც. ვიტოვებთ უფლებას ვუპასუხოთ ამ იერიშებს კანონიერ ჩარჩოში — ამ იერიშებს ექნება ფასი საერთაშორისო სამართლის მიხედვით,“ — აღნიშნა კატარის პრემიერმა, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ.

ამის პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ მედიაში წერს, რომ ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ბოლო იერიშისას ისრაელი მარტო მოქმედებდა.

კატარი ირანთან ერთად რეგიონის უმსხვილეს ბუნებრივი აირის რეზერვებს ფლობს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მსოფლიო ენერგეტიკული მიწოდების ჯაჭვისთვის. რას ლაფანი გათხევადებული აირის ექსპორტის უმსხვილესი ინფრასტრუქტურაა — აქ ნებისმიერი შეფერხება გლობალურად საგრძნობი ხდება. ამის შედეგი იყო ისიც, რომ ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებიდან მალევე ევროპულმა გაზის ფასებმა მომენტალურად იმატა. ბოლო იერიშებმა, თავის მხრივ, დიდი ზიანი მიაყენა ენერგეტიკულ ჰაბს კატარის ჩრდილოეთით.

დოჰაში ვიზიტით მყოფმა თურქმა დიპლომატმა, ჰაკან ფიდანმა, აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენები საშიში ესკალაციის რისკს ქმნის რეგიონის მოქალაქეებისა და გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. მისი თქმით, ირანთან მეგობრული რჩევების გაცემის ფონზე, ანკარა გმობს თეირანის ნებისმიერ ნაბიჯს მოძმე ერების წინააღმდეგ. თურქეთი მიმდინარე მოვლენებში პასუხისმგებლობას თელ-ავივს აკისრებს, თუმცა ირანის პასუხისმგებლობაზეც თამამად საუბრობს.

დაკავშირებული ამბები
კატარი ირანის იერიშზე პასუხით იმუქრება, ანკარა - თეირანსა და ვაშინგტონს შორის შუამავლობას განაგრძობს დონალდ ტრამპის თქმით, არ გეგმავს ირანში აშშ-ის სახმელეთო ჯარების გაგზავნას