კატეგორიები

უნგრეთს მოსკოვისთვის ევროკავშირის კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებენ

უნგრეთს მოსკოვისთვის ევროკავშირის კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებენ
Copyright AP Photo
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო წლების განმავლობაში აწვდიდა ინფორმაციას მოსკოვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით გამართული შეხვედრების შესახებ — ასეთია გამოცემა Washington Post-ის მიერ ჩატარებული გამოძიების ვერსია.

ჟურნალისტური მასალის მიხედვით ირკვევა, რომ ევროგაერთიანების ლიდერებთან შეხვედრებს შორის შესვენებებზე პიტერ სიიარტო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ურეკავდა, რათა შეეტყობინებინა მისთვის, რას განიხილავდნენ ბრიუსელში მოსკოვის წინააღმდეგ.

ამის საფუძველზე Washington Post-ის მასალაში უსაფრთხოების სამსახურის ანონიმურ წყაროდ მოხსენიებული პირი ამბობს, რომ „ბევრი წლის განმავლობაში ევროკავშირის ლიდერებთან წარმოებული მოლაპარაკებების მაგიდასთან, ფაქტობრივად, კრემლიც იჯდა“.

გავლენიანი მედიაგამოცემის საგამოძიებო მასალას მალევე მოჰყვა გამოხმაურება. ამ მხრივ განსაკუთრებით მკაცრი აღმოჩნდა პოლონეთის ხელისუფლება.

ვარშავაში ბუდაპეშტის ოფიციალური პირების ქმედებები გააკრიტიკეს, თუმცა დიდად არაფერი გაჰკვირვებიათ.

„ამბავი იმის შესახებ, რომ ორბანის ხალხი ევროკავშირის საბჭოს სხდომებზე აწვდის დაწვრილებით ინფორმაციას, არავის უნდა უკვირდეს. ამის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში ვეჭვობდით. სწორედ ამიტომ სიტყვით გამოვდივარ მაშინ, როცა ეს უკიდურესად აუცილებელია და ვამბობ იმდენს, რამდენიც საჭიროა,“ — დაწერა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პლატფორმა X-ზე.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის უნგრელ კოლეგას პლატფორმა X-ზე მიმართა ტექსტით — „ეს ბევრ რამეს ხსნის, პიტერ“.

უკვე ჩვეული რიტორიკით პასუხმა არ დააყოვნა ბუდაპეშტიდანაც.

„როგორც ყოველთვის, ყალბი ამბებია. იტყუებით, რათა მხარი დაუჭიროთ პარტია Tisza-ს და უნგრეთში ჩამოაყალიბოთ ომის მხარდამჭერი, მარიონეტული მთავრობა. თქვენ ის არ გეყოლებათ!“ — დაწერა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ X-ზე.

ეჭვები უნგრელი მაღალჩინოსნების კრემლთან კავშირების შესახებ სიახლე არ არის. ვიქტორ ორბანის ხელისუფლება მჭიდროდ თანამშრომლობს ვლადიმერ პუტინის მთავრობასთან და ამას ხელი ვერც უკრაინაში ომმა შეუშალა.

კიევის წინააღმდეგ რუსული აგრესიისა და ევროკავშირის წევრობის მიუხედავად, უნგრეთი არც რუსულ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე ამბობს უარს და არც კრემლში მაღალი რანგის პირებთან შეხვედრებზე.

2025 წელს უნგრეთმა დატოვა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო — ეს კი მას შემდეგ, რაც ჰააგამ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა, ხოლო ბუდაპეშტს, როგორც რომის სტატუტის ხელმომწერს, ვალდებულება ჰქონდა, რუსეთის პრეზიდენტი უნგრეთის ტერიტორიაზე ჩასვლისთანავე დაეკავებინა.

მაშინ ვიქტორ ორბანის მთავრობამ გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ ეს თანამშრომლობა „ეწინააღმდეგებოდა ეროვნულ ინტერესებს“.

21 მარტს Washington Post-ის მიერ გამოქვეყნებული კიდევ ერთი მასალის მიხედვით, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური მუშაობდა ოპერაციაზე სახელწოდებით „თამაშის წესების შემცვლელი“, რომელიც გულისხმობდა ვიქტორ ორბანზე თავდასხმის ინსცენირებას. მიზანი კი, გამოცემის ცნობით, მისი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსების გაზრდა იყო.

12 აპრილს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის შედეგები აჩვენებს, რომ ვიქტორ ორბანისა და მისი მთავარი მოწინააღმდეგის, პიტერ მაგიარის პარტიებს შორის სხვაობა, ოპოზიციონერი კანდიდატის სასარგებლოდ, 9%-ს შეადგენს.

დაკავშირებული ამბები
უნგრეთს მოსკოვისთვის ევროკავშირის კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებენ ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, უნგრეთის ვეტოს მიუხედავად უკრაინა დახმარებას მაინც მიიღებს