ისრაელმა ლიბანის სამხრეთ ნაწილში სამხედრო ოპერაციები გააფართოვა და სტრატეგიულ ობიექტებზე დარტყმები გააძლიერა. ისრაელის ავიაციამ გაანადგურა ერთ-ერთი მთავარი ხიდი მდინარე ელ-ლიტანიზე, რომელიც სამხრეთ ლიბანის სანაპირო მაგისტრალს უკავშირდება. ეს მდინარე კონფლიქტის ერთ-ერთ საკვანძო ზონად მიიჩნევა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, სამიზნეთა სიაში ახლა უკვე ელ-ლიტანის მდინარეზე გადებული ყველა ხიდია. მისი თქმით, „ჰეზბოლა“ სწორედ ამ გზებს იყენებს მებრძოლების გადასაყვანად და იარაღის სამხრეთ ლიბანში გადასატანად. თავდასხმის შესახებ ისრაელის სამხედრო წარმომადგენელმა ავიხაი ადრაიმ მოსახლეობა ერთი საათით ადრე გააფრთხილა.
ისრაელმა იერიშები მიიტანა ბეირუთზეც.
ისრაელის თავდაცვის უწყების განცხადებით, სამხედროებს ასევე დაევალათ ლიბან-ისრაელის საზღვრის ახლოს მდებარე საცხოვრებელი სახლების განადგურება. ეს, მათი თქმით, ისრაელის ჩრდილოეთ რეგიონების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება. მინისტრმა აღნიშნა, რომ ისინი იმ სტრატეგიას მიმართავენ, რომელსაც ისრაელი ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ იყენებდა.
„პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად ისრაელის თავდაცვის ძალებისთვის გავეცით ბრძანება, დაუყოვნებლივ გაანადგურონ ელ-ლიტანის მდინარეზე არსებული ყველა ხიდი, რომელიც გამოიყენება ტერორისტული საქმიანობისთვის, რათა აღიკვეთოს „ჰეზბოლას“ მებრძოლებისა და იარაღის სამხრეთის მიმართულებით გადაადგილება. ამასთანავე, დავავალეთ ლიბანის სასაზღვრო სოფლებში მდებარე საცხოვრებელი სახლების განადგურების დაჩქარება, რათა თავიდან ავიცილოთ საფრთხეები, რომლებიც ისრაელის მოსახლეობას ემუქრება. ისრაელის თავდაცვის ძალები აგრძელებენ სახმელეთო ოპერაციებს ლიბანში მთელი ძალით, რათა გაანადგურონ „ჰეზბოლას“ მებრძოლები და რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიონ ანტისატანკო ხაზსა და საკონტროლო პუნქტებს. მიზანი მოსახლეობის დაცვაა. არმია ასევე განაგრძობს სამხრეთ ლიბანის მოსახლეობის ევაკუაციის ხელშეწყობას საბრძოლო ზონიდან, მდინარე ელ-ლიტანის ჩრდილოეთით” - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში დაღუპულია 20 ადამიანი, დაშავებულია 57, სულ დაშავებულთა რაოდენობა 2 641-ს აღწევს. ლიბანური მხარის ცნობით, კონფლიქტის განახლების შემდეგ დაღუპულთა რაოდენობამ უკვე 1 000-ს გადააჭარბა.
დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ირანის მხარდაჭერილმა „ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. ამის საპასუხოდ ისრაელმა ლიბანში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
კონფლიქტის შედეგად ლიბანში მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისია. იძულებით გადაადგილებულია უკვე მილიონზე მეტი ადამიანი.
