კატეგორიები

სალონიკის ულტრათანამედროვე მეტრო - უპილოტო მატარებლები და ანტიკური საგანძური

სალონიკის ულტრათანამედროვე მეტრო - უპილოტო მატარებლები და ანტიკური საგანძური
Copyright Euronews
სალონიკი, საბერძნეთის მეორე ყველაზე დიდი ქალაქი, ცნობილი იყო საგზაო ხერგილებითა და დაბინძურებული ჰაერით. ეს მდგომარეობა 2024 წლის ბოლოს შეიცვალა, როდესავ ქალაქში მეტროს პირველი ხაზი ამოქმედდა, რომელმაც სრულად გარდაქმნა ამ ქალაქის მოსახლეობის ცხოვრება.

"პირადად მე ყოველდღე დავდივარ მეტროთი, რათა ქალაქის ცენტრში მოვხვდე,”-ამბობს მარინა არგირუ, სალონიკის მკვიდრი. „ძალიან დიდ დროს ვიგებთ. მეტრო სალონიკელების ჯანმრთელობისთვისაც კარგია. უკვე ვგრძნობთ, რომ ჰაერი სრულიად შეიცვალა“.

მეტროს მთავარი ხაზი 10 კილომეტრია და 13 მეტროსადგურისგან შედგება, ხაზზე კი უპილოტო მატარებლები მოძრაობენ. მეტრო სრულად ავტომატიზებულია და საათში თითოეული მიმართულებით 20 ათასი მგზავრის გადაყვანა შეუძლია. მეტრო მთლიანად საოპერაციო კონტროლის ცენტრიდან იმართება, სადაც რკინიგზის ქსელს მუდმივად უწევენ მონიტორინგს. ოპერატორები ამბობენ, რომ ეს სისტემა მოქნილიცაა და უსაფრთხოც -  მგზავრები კი მიეჩვივნენ, რომ მატარებლებს კომპიუტერები მართავენ და არა ადამიანები.

“თავიდან იმ მატარებლით მგზავრობას, რომელსაც ადამიანი არ მართავს, გარკვეული ეჭვის თვალით უყურებდნენ! მაგრამ ახლა უნდა ვაღიარო, რომ მგზავრები ძირითადად ძალიან დადებითად აფასებენ ამ სიახლეს,“ - განმარტავს  ფრანჩესკო როსელა, სალონიკის მეტროს ექსპლუატაციასა და გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელი კომპანის ხელმძღვანელი. „თვიდან თვემდე იზრდება მგზავრთა რიცხვი. გვინდა, დავუმტკიცოთ მთავრობას და ბერძენ ხალხს, რომ ეს სისტემა რეალურად მუშაობს და სანდოა, რომ ძალიან უსაფრთხოა და მომავალი მას ეკუთვნის“.

მაგრამ მომავლის მეტროს მშენებლობა გათხრების გამო წარსულსაც შეეხო. სალონიკში მიწისქვეშ უამრავი არქეოლოგიური ძეგლია, რომლებიც ახლა ზოგიერთ მეტროსადგურშია გამოფენილი. ამ ანტიკური მემკვიდრეობის დაცვა საკმაოდ ძვირი დაჯდა: მათი აღმოჩენის დროს ფერხდებოდა მშენებლობა, პროექტის ბიუჯეტი კი პრობლემის წინაშე დგებოდა.

“მშენებლობას 18 წელი დასჭირდა. მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ძალიან დიდ სირთულეებს წავაწყდით,“ - ამბობს გეორგიოს ზიგოგიანისი, სალონიკის მეტროს ექსპლუატაციასა და გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელი კომპანიის Elliniko Metro S.A.-ის  დირექტორი. „გაგვიმართლა, რომ მუდმივად მხარში გვედგა  ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი, რომლებიც ჩვენ პროექტს უწყვეტ ფინანსურ მხარდაჭერას უწევდნენ“.

მეტროს მშენებლობის პროექტის საბოლოო ღირებულებამ 3 მილიარდ ევრომდე ავიდა, რომელიც ნაწილობრივ ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის პროგრამითა და ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხებით დაფინანსდა. პირველი 13 მეტროსადგური მხოლოდ დასაწყისია. მეტროს ძირითადი ხაზი ქალაქის მეტ გარეუბნამდე უნდა მივიდეს, რათა ხელი შეუწყოს ეკონომიკის ზრდასა და დასაქმებას, ამავდროულად, მიწისქვეშა მუზეუმებსა და გალერეებში დამთვალიერებლების რაოდენობის მატებას. ისინი ამ ყველაფრის დათვალიერებას  მეტროს ერთი სამგზავრო ბილეთის ფასად შეძლებენ.

ავტორი: დენის ლოქტიე

Related news
სალონიკის ულტრათანამედროვე მეტრო - უპილოტო მატარებლები და ანტიკური საგანძური რადარული თანამგზავრი პოლონელ ფერმერებს საქმეს უადვილებს