კატეგორიები

რუსმა სამხედროებმა კასეტური ბომბების გამოყენებით უკრაინის ქალაქ დრუჟივკაზე მიიტანეს იერიში

რუსმა სამხედროებმა კასეტური ბომბების გამოყენებით უკრაინის ქალაქ დრუჟივკაზე მიიტანეს იერიში

ადგილობრივი გუბერნატორის, ვადიმ ფილაშკინის განცხადებით, რუსული ძალები უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონის – დონეცკის ქალაქ დრუჟივკას დაესხნენ თავს, რის შედეგადაც დაიღუპა შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე, 15 კი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მათ კასეტური ბომბებით მიიტანეს იერიში ხალხით სავსე ადგილობრივ ბაზარზე,

ადგილობრივი გუბერნატორის თქმით,  რუსმა სამხედროებმა, რომლებიც ქალაქის დაკავებას ცდილობენ, დამატებით ორი ბომბი ჩამოაგდეს, რის შედეგადაც დაზიანდა რამდენიმე შენობა და საცხოვრებელი სახლი.

ვადიმ ფილაშკინის შეფასებით, ეს არის ომის მორიგი დანაშაული და დამატებითი მტკიცებულება იმისა,  რომ რუსეთის განცხადებები სამშვიდობო ზავის შესახებ არაფერს ნიშნავს.

რუსეთმა უკრაინაზე იერიში მაშინ მიიტანა, როდესაც რუსი და უკრაინელი ოფიციალური პირები აბუ-დაბიში შეერთებული შტატების შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ. თავდასხმების გამო უკრაინული მხარე გაღიზიანებულია. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მოსკოვმა უკვე დაარღვია დადებული პირობა, რომ უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე ერთი კვირით შეწყვეტდა იერიშებს.

რუსეთმა იერიში მიიტანა უკრაინის დედაქალაქ კიევზეც, სადაც, ოფიციალური პირების განცხადებით, ერთი მოქალაქე დაშავდა.

საგანგებო სამსახურების ცნობით, რუსი სამხედროები დრონებით თავს დაესხნენ ქალაქის რამდენიმე რაიონს. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საცხოვრებელი შენობები და ავტომობილები.

ამასთან, გრძელდება რუსების თავდასხმები უკრაინის სხვა რეგიონებზე.

დნიპროპეტროსვკის რეგიონზე მიტანილი იერიშის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, ასევე დაზიანდა 20-ამდე საცხოვრებელი შენობა.

ფრონტის ხაზზე მყოფი რუსი სამხედროები აცხადებენ,  რომ დაიკავეს უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე სტაროუკრაინკისა და სტეპანივკის დასახლებები.

რუსეთი იმედოვნებს, რომ ფრონტის ხაზზე კიევის არმიის კიდევ უფრო მეტად დასუსტებას შეძლებს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი თავის დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, გაზარდონ შეიარაღების მიწოდება და გააძლიერონ ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა კრემლზე, რათა შეაჩერონ მისი სრულმასშტაბიანი ინტერვენცია.

Related news
უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ