კატეგორიები

ორბანი მილსადენთან დაკავშირებით, უკრაინაში ფაქტების დამდგენი მისიის გაგზავნის წინადადებით გამოდის

Copyright EC - Copyright AP

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინაში ფაქტების დამდგენი მისიის გაგზავნის წინადადებით გამოვიდა, რათა შეფასდეს მილსადენ “დრუჟბაზე”  მიყენებული ზიანი, რომელმაც უნგრეთსა და სლოვაკეთში რუსული ნავთობის მიწოდების შეწყვეტა გამოიწვია.

ევროსაბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასთვის გაგზავნილ წერილში, ორბანი ამბობს, რომ მისი ქვეყნის ინტერესებშია ნავთობის ტრანსპორტირების რაც შეიძლება სწრაფად აღდგენა. დოკუმენტს ევრონიუსიც გაეცნო.

უნგრეთის ლიდერი სთავაზობს, რომ მისიას თან ახლდნენ უნგრეთისა და სლოვაკეთის მიერ დელეგირებული ექსპერტებიც, რათა გადაამოწმონ მილსადენის მდგომარეობა. ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ ბუდაპეშტი მიიღებს ასეთი მისიის დასკვნებს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის შეიძლება გაიგზავნოს ეს მისია ან დართავს თუ არა კიევი ამის ნებას იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც დგანან ტექნიკოსები რუსეთის იერიშების დროს. ასევე უცნობია, ვინ შეიძლება ჩაუდგეს სათავეში ასეთ მისიას.

ევროკომისიას ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

მილსადენი „დრუჟბა“უნგრეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ბუდაპეშტი კიევს საკითხის მათ საზიანოდ პოლიტიზირებაში ადანაშაულებს.

ამან გამოიწვია ისიც, რომ  უნგრეთმა ვეტო დაადო  უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს დახმარების სესხს,  რომელზეც ლიდერები დეკემბერში შეთანხმდნენ.

ბუდაპეშტსა და კიევს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ 26 თებერვალს უკრაინა რუსული ნედლი ნავთობის მიწოდების დაბლოკვით შანტაჟში დაადანაშაულა.

პიტერ სიიარტო, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი:

„ მილსადენ „დრუჟბით“დღესვე  შესაძლებელია, განახლდეს მიწოდება. ამის არც ტექნიკური და არც სხვა მიზეზი არ არსებობს. უკრაინელები აშანტაჟებენ უნგრეთს. უკრაინელები ვერ დაგვაშინებენ. ვერ შეგვეხებიან. მათ არ შეუძლიათ უნგრეთის ენერგომომარაგებისთვის საფრთხის შექნა. ამის უფლება არ აქვთ. ამიტომ ჩვენ კვლავ მოვითხოვთ, რომ უკრაინელებმა განაახლონ ნავთობის მიწოდება უნგრეთში, ხელახლა გახსნან ფიზიკურად სრულყოფილი მილსადენი, შეწყვიტონ უნგრეთის საარჩევნო პროცესში ჩარევა და თავი შეიკავონ უნგრეთში ენერგომომარაგების კრიზისის გამოწვევისგან. რადგან ისინი ხედავენ, რომ ჩვენ თავს დავიცავთ. ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ, რომ უკრაინელებმა სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ განაახლონ ნავთობის მიწოდება უნგრეთში. უკრაინელებს არ შეუძლიათ ჩვენი დაშინება; მათ არ აქვთ უფლება ენერგომომარაგების მხრივ დაბრკოლება შეგვიქმნან“. - აბბობს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო.

გასულ კვირას ვიქტორ ორბანმა მოახლოებული არჩევნების წინ ბრიუსელი და კიევი  ოპოზიციასთან შეთქმულებაში დაადანაშაულა. ორბანის აზრით, მათ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება და  უნგრეთში პროუკრაინული მთავრობის დანიშვნა სურთ.

ამასთან, ბრიუსელმა უკრაინის მთავრობას სთხოვა, დააჩქაროს მილსადენ „დრუჟბის“  შეკეთება. პირად საუბრებში ევროკავშირის ოფიციალური პირები და დიპლომატები აცხადებენ, რომ ეს კრიზისს გადაჭრის, უნგრეთის ვეტოს მოხსნის და 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის საბოლოო დამტკიცებასაც უზრუნველყოფს.

25 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მილსადენი  ასე სწრაფად ვერ შეკეთდება.

ამავდროულად, „ადრიას“ მილსადენი, რომლითაც ხორვატიის გავლით ზღვით შემოსული ნავთობი გადის, ალტერნატიული მარშრუტია. თუმცა, უნგრეთმა ღიად განაცხადა, რომ არ არის დაინტერესებული მაღალი ფასის გადახდით, იგი  იაფი რუსული ნავთობის ჩანაცვლებას არ აპირებს.

Related news
ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ბირთვული შეკავების განახლებულ ხედვას წარადგენს უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა