კულტურული ცხოვრებისა და გართობის მოყვარულთ ამ კვირაში ელოდებათ მკვდრეთით აღმდგარი პატარძლები, მეოცნებე ოფიციანტები და მოზარდი გამომძიებლები - როგორც ჩანს, ბევრისთვის საყვარელი გმირები ისევ გამოჩნდებიან სცენაზე. აი, კიდევ რას უნდა მიაქციოთ ყველაზე დიდი ყურადღება მიმდინარე კვირას.
მარტს კარგად მომზადებული გზამკვლევით დავხვდით, რომელიც მოიცავს კინოფილმების გაცოცხლებულ ურჩხულებს, სცენაზე დაბრუნებულ ძველ პოპვარსკვლავებს, კულტურულ იუბილეებსა და გამოფენებს, რომელთაც მცდარი ისტორიული მოსაზრებები გააქარწყლეს.
მარტში ტრადიციულად ქალთა ისტორიის თვე აღინიშნება, რაც იმას ნიშნავს, რომ თვის ბოლომდე სულ უფრო მეტი ისეთი ღონისძიება გაიმართება, რომელიც ხელოვნებაში ქალების წვლილსა და გავლენას წარმოაჩენს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ისევ აღვნიშნოთ, რომ ლონდონის თანამედროვე ხელოვნების ახალი მუზეუმის „ტეიტ მოდერნის“ (Tate Modern) სივრცეში მიმდინარეობს ტრეისი ემინის რეტროსპექტიული გამოფენა, კინოთეატრებში კი გადის „კივილი 7“.
ასე რომ, ბევრი ფიქრის გარეშე დაივიწყეთ, რაც ცუდია და გული გაუხსენით დამდეგი გაზახფულის მშვენიერ დღეებს. მიმდინარე კვირაში კი ჩვენი რეკომენდაციები ასეთია:
გამოფენები
დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებული იყო მოსაზრება, რომ ხელოვნების ისტორიამ დიდწილად ქალის გარეშე ჩაიარა, რადგან ქალის გამოჩენას ხელოვნების სარბიელზე ზღუდავდნენ, ან მის სახელს სულაც შლიდნენ ძველი ეპოქის ქალთმოძულე ინსტიტუტები. შესაძლოა, ეს მოსაზრება ნაწილობრივ მართალიცაა, მაგრამ ვარშავის თანამედროვე ხელოვნების მუზუემი 3 მაისის ჩათვლით მასპინძლობს გამოფენას, რომელიც ხსენებულ მოსაზრებას ეწინააღმდეგება, რადგან გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ბოლო 500 წლის განმავლობაში ქალების მიერ შესრულებული თითქმის 200 ნამუშევარი, რომლებიც მოიცავს როგორც რენესანსის ეპოქას, ისე მე-19 საუკუნის პორტრეტებსა და თანამედროვე ნახატებს.
5 მარტიდან 6 აპრილამდე ლონდონის ოპერის გალერეაში (Opera Gallery) გაიმართება თანამედროვე სიურეალისტური მიმდინარეობის გამოფენა, სახელწოდებით „ოცნება ფერებში“ (Dreaming in Colour). ამ გამოფენაზე წარმოდგენილია 20 მხატვარი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ნამუშევრებში ხელოვანები წარსულის ნაცვლად სიურეალიზმის მომავალზე ამახვილებენ ყურადღებას.
ლონდონის მახლობლად კი კიუს სამეფო ბოტანიკურ ბაღებში (Kew Gardens) მიმდინარე ორქიდეების ფესტივალი 8 მარტს დასრულდება. ეს მასშტაბური და ფერადი ფესტივალი ჩინეთის საოცარი ბიომრავალფეროვნებით არის შთაგონებული და ბუნების მოყვარულებმა არ უნდა გამოტოვონ.
ფილმები
„ფრანკენშტეინის“ გილერმო დელ ტოროს ცნობილი ვერსიის შემდეგ ეს საოცარი ქმნილება ახლა მეგი ჯილენჰოლმა გააცოცხლა. ფილმი 6 მარტიდან გამოვა კინოეკრანებზე, მისი სცენარი ასეთია: მას შემდეგ, რაც ფრანკენშტეინი (კრისტიან ბეილის შესრულებით), რომელსაც ეს სახელი ამ ვერსიის მიხედვით მისი შემქმნელის პატივსაცემად ჰქვია, მოკლული ქალის (ჯესი ბაკლეის შესრულებით) გაცოცხლებას მოითხოვს. ეს წყვილი დანაშაულის მთელ სერიას ჩაიდენს. დანაშაულის მოტივი საზოგადოებაში მკვდრეთით აღმდგარი მიცვალებულების მიმართ არსებული მტრული დამოკიდებულებაა.
მეოცნებეთა ხვედრი რთულია, მაგრამ, საბედნიეროდ, მეოცნებეებს ცხოვრება რომ გაუმარტივონ, დიდ ბრიტანეთში ინიციატივა „Escapes“-ის ფარგლებში 9-10 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ კინოთეატრებში გაიმართება ფრანგული კლასიკის ჟან-პიერ ჟენეს კინომოყვარულთა დიდი ნაწილის საყვარელი ფილმის „ამელის“ უფასო ჩვენება, რომელიც „ამელის“ გამოსვლიდან 25-ე წლისთავს ეძღვნება.
გარდა ამისა, 6 მარტს გაერთიანებული სამეფოს შერჩეული კინოთეატრების ეკრანებზე გამოჩნდება სტივენ ნაითის პოპულარული სერიალის „ალესილი კეპების“ გაგრძელება „ალესილი კეპები: უკვდავი კაცი“ (Peaky Blinders: The Immortal Man), რომელიც 20 მარტიდან Netflix-ის პლატფორმაზეც დაიწყება.
ტელესერიალები
4 მარტიდან Prime Video-ს პლატფორმაზე გამოვა გაი რიჩის ახალი სერიალი “ახალგაზრდა შერლოკი“, რომელიც არტურ კონან დოილის ლეგენდარული დეტექტივის გათანამედროვებული ეკრანიზაციაა და ენდი ლეინის წიგნებს ეყრდნობა**. სერიალის მთავარი გმირი არის 19 წლის დაუდეგარი ჰოლმსი (რომლის როლსაც ჰირო ფაინს-ტიფინი ასრულებს), რომელიც ჩაერევა ოქსფორდის უნივერსიტეტში მომხდარ მკვლელობაში, რის გამოც მის თავისუფლებას საფრთხე შეექმნება და მას მთელ მსოფლიოში მოუწევს ხეტიალი.
ბოლო სეზონის გასვლიდან 16 წლის შემდეგ ზაკ ბრაფის სამედიცინო თემაზე შექმნილი კომედიური სერიალი „კლინიკა“ (Scrubs) ისევ ბრუნდება - ამჟამად სტრიმინგის პლატფორმაზე Disney+.
მუსიკა
ჰარი სტაილზის ბოლო ალბომი „ჰარის სახლი“ იყო, რომელმაც მიიღო სამი გრემი და 2022 წლის საუკეთესო ალბომად დასახელდა. თუმცა მას შემდეგ ჰარის მუსიკის მოყვარულები სამ წელზე მეტია, უცდიან სიახლეს და ბოლოს და ბოლოს ბრიტანელმა მომღერალმა ბერლინში ჩაწერა ახალი სტუდიური ალბომი „Kiss All the Time“, რომელიც ამ ქალაქის ცხოვრებას მიუძღვნა. ალბომი 6 მარტს გამოვა.
შაბაკა ჰათჩინგსმა გამოუშვა 2024 წლის ერთ-ერთი ჩვენთვის საყვარელი ალბომი და ახლა კვლავ დაგვიტკნობს სმენას მისი მესამე სტუდიური ალბომი, სახელწოდებით ‘Of The Earth’, რომელიც ასევე 6 მარტს გამოვა.
ავტორი: ამბერ ლუის ბრაისი
