კატეგორიები

ევროპელი ლიდერების პოზიციაა - ახლო აღმოსავლეთში შეწყდეს იერიშები სტრატეგიულ და სამოქალაქო ობიექტებზე

ევროპელი ლიდერების პოზიციაა - ახლო აღმოსავლეთში შეწყდეს იერიშები სტრატეგიულ და სამოქალაქო ობიექტებზე
Copyright FREDERIC SIERAKOWSKI/
ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება, რომელიც ახლო აღმოსავლეთის რეგიონს სცდება და ევროპული კონტინენტის უსაფრთხოებაზეც ახდენს გავლენას.

ირანის წინააღმდეგ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები, ფაქტობრივად, დაწყების დღიდანვე იქცა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების საზრუნავად სხვადასხვა მიზეზის გამო. ერთ-ერთი არის რეგიონში ზოგიერთი მათგანის განლაგებული სამხედრო ბაზები, რომლებიც ირანული იერიშების სამიზნე გახდა.

ომთან დაკავშირებით ევროპელ ლიდერებს მეტ-ნაკლებად საერთო პოზიცია აქვთ — არავის სურს კონფლიქტის ესკალაცია, მასში ჩაბმა და სამოქალაქო ობიექტებზე იერიშების მხარდაჭერა, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ისინი.

„ეს ესკალაცია უგუნურია. გუშინ მქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდი პრეზიდენტ ტრამპს და ღამით ის თავად გამოვიდა მოწოდებით, შეწყვეტილიყო ყველა ეს თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე — ბუნებრივი აირის, ნავთობისა და წყალმომარაგების ობიექტებზე.

მხარს ვუჭერთ ამ კონფლიქტში სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე იერიშების შესახებ მორატორიუმის გამოცხადების, ასევე კონფლიქტის სწრაფი დეესკალაციის იდეას.

ვინაიდან რეგიონში რელიგიური დღესასწაულების პერიოდი იწყება, ვფიქრობ, სამხედრო მოქმედებები თუნდაც რამდენიმე დღით მაინც უნდა შეწყდეს, რათა მოლაპარაკებების პროცესს კიდევ ერთი შანსი მიეცეს,“ — განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

მის მსგავსად ფიქრობს ავსტრიის კანცლერი, რომლის თქმითაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს არ სურთ, „ჩართული იყვნენ იმ კონფლიქტში, რომელიც არ დაუწყიათ“:

„აშშ-ის სამომავლო მოქმედებების განჭვრეტა რთულია. ახლო აღმოსავლეთში ამჟამინდელი მოვლენების გათვალისწინებით, მათი სტრატეგია უცნობია. არ ვიცი, რა რეაგირება ექნებათ, მაგრამ ევროპა და, მათ შორის, ავსტრიაც, მათ შანტაჟის უფლებას არ მისცემენ…“ — განაცხადა კრისტიან შტოკერმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, ევროკავშირი ყოველთვის მზად არის მოკავშირეთა დასახმარებლად, თუმცა ჰორმუზის სრუტის გახსნაში ბლოკის მხრიდან ხელშეწყობა ნაკლებად სავარაუდოა, ვიდრე სამხედრო კონფლიქტი აქტიურ ფაზაშია.

ბრიუსელში ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე, ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას, ფრიდრიხ მერცმა თქვა, რომ არ სურს, ამ ომმა ტრანსატლანტიკური ურთიერთობები დაარღვიოს.

„განსაკუთრებით მადლიერი ვარ აშშ-ის პრეზიდენტის, რომელმაც წინა დღით მაცნობა, რომ თავადაც მზად არის, ბოლო მოუღოს ამ სამხედრო დაპირისპირებას, თუმცა ეს გულისხმობს ირანის მიერ ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმას, ტერორიზმის მხარდაჭერის შეწყვეტასა და მოლაპარაკებებისთვის მზაობას.

თუკი ეს ყველაფერი საკმარისი იქნება მომდევნო დღეებში, მაშინ სწორი მიმართულებით ვივლით, თუმცა კიდევ დიდხანს მოგვიწევს ამ პრობლემებთან გამკლავება. რა თქმა უნდა, ბევრის გაკეთებას შევძლებთ, მათ შორის საზღვაო მარშრუტების გახსნითა და იქ ხომალდების შეუფერხებელი გადაადგილებით, თუმცა ამას არ ვიზამთ, ვიდრე საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ამას მხოლოდ მათი დასრულების შემდეგ ვიზამთ.

ამისთვის ასევე დაგვჭირდება საერთაშორისო მანდატი, რომელიც ახლა არ გვაქვს. სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ ბევრი ნაბიჯის გადადგმა მოგვიწევს, ვიდრე ამ საკითხის განხილვას დავიწყებთ,“ — განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

ამავე დროს, ევროპარლამენტის პრეზიდენტი ირანში ნამდვილი და ძირეული ცვლილებების შესაძლებლობას მხოლოდ შიდა პროცესების დაძვრით ხედავს. რობერტა მეცოლას თქმით, ევროკავშირი იყო და ახლაც რჩება ირანელი ხალხის ერთგულ მხარდამჭერად.

Related news
ევროპელი ლიდერების პოზიციაა - ახლო აღმოსავლეთში შეწყდეს იერიშები სტრატეგიულ და სამოქალაქო ობიექტებზე სლოვენიაში არჩევნები უცხოელ ჯაშუშებთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე ჩატარდება