მთავარიევროპარუსეთირუსეთში საგადასახადო რეფორმები მცირე ბიზნესზე ეკონომიკურ ზეწოლას ზრდის

რუსეთში საგადასახადო რეფორმები მცირე ბიზნესზე ეკონომიკურ ზეწოლას ზრდის

უკრაინაში ომის მეოთხე წელს რუსეთში მცირე ბიზნესზე ეკონომიკური ზეწოლა იზრდება. იმატებს ხარჯები და საგადასახადო ტვირთი. ბევრი მეწარმე იძულებულია, საქმიანობა შეწყვიტოს.

დენის მაქსიმოვის საცხობმა ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც მფლობელმა ვლადიმერ პუტინს ტელეფონით საუბრისას საგადასახადო რეფორმების გადახედვა სთხოვა.  ცვლილებების მიხედვით, შემცირებულია ბრუნვის ზღვარი, რომლის  შედეგადაც ბიზნესის წარმომადგენლებს დღგ-ის გადახდა მოუწევთ. შესაბამისად,  მცირე კომპანიებისთვის გადასახადები მკვეთრად იზრდება.

„გადასახადების ზრდა სერიოზულია. დასამალი არაა. კონკრეტული ციფრების დასახელება არ მსურს, რადგან ეს კომერციული საიდუმლოა, თუნდაც მცირე კომპანიისთვის. რთული იყო, მაგრამ საჭირო თანხების მობილიზება შევძელით, გადავრიცხეთ და ამ ეტაპზე მომავალს შედარებით მშვიდად ვუყურებთ.

კარგად გვესმის, რომ ქვეყნისთვის მარტივი ვითარება არ არის. გვესმის, რომ გადასახადების გაზრდა აუცილებელია. თუმცა გულწრფელად რომ ვთქვათ, მომავალს ყველა ოპტიმიზმით ვერ უყურებს. ბევრი ბიზნესი დაიხურება ან ჩრდილოვან ეკონომიკაში გადავა“ – ამბობს საცხობ „მაშენკას“ მფლობელი დენის მაქსიმოვი.

მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმოვის საქმეზე შესაძლო შეღავათები განიხილება, სხვა მეწარმეები აცხადებენ, რომ პრობლემები სისტემურია და საგადასახადო რეფორმები მცირე და საშუალო ბიზნესზე ზეწოლას კიდევ უფრო აძლიერებს.

„ბიზნესი არ უნდა დაზარალდეს ახალ საგადასახადო სისტემაზე გადასვლის პროცესში. გპირდებით, ეს საკითხი აუცილებლად იქნება განხილული მთავრობასთან” – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

„პრეზიდენტმა განაცხადა, რომ, როდესაც ეკონომიკა ან ბიუჯეტი ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება, შესაძლოა, დღგ-ის განაკვეთი კვლავ 20 პროცენტამდე შემცირდეს. თუმცა არ ჩანს იმის წინაპირობა, რომ მცირე ბიზნესს საერთოდ მოეხსნას დღგ-ის გადახდის ვალდებულება. ვფიქრობ, ეს უკვე მუდმივი ცვლილებაა, მიუხედავად იმისა, როგორი იქნება საბოლოო განაკვეთი“ – ამბობს Macro-Advisory-ის აღმასრულებელი დირექტორი კრის უიფერი.

„ადრე წელიწადში დაახლოებით 120 ათას რუბლს ვიხდიდით გადასახადებში. ახლა, 5%-იან დღგ-ზე გადასვლის შემდეგ, ჩვენი საშუალო საგადასახადო ტვირთი თვეში 250–300 ათას რუბლამდე გაიზარდა. ხვალინდელი დღის მეშინია. ასეთი განცდა არასდროს გვქონია. საქმე მხოლოდ კლიენტების ნაკლებობაში, მოსახლეობის გადახდისუნარიანობის შემცირებაში ან საგადასახადო რეფორმაში არ არის. ჩვენ, ფაქტობრივად, წაგვართვეს მომხმარებლებთან კომუნიკაციის საშუალებებიც. წელს ერთი სალონი სწორედ საგადასახადო ცვლილებების გამო დავხურე. ზრდა საშიშია, გადაადგილებაც საშიშია. ყველანაირად ვცდილობთ, რაც გვაქვს, შევინარჩუნოთ“ – ამბობს სილამაზის სალონების ქსელის მფლობელი დარია დემჩენკო.

რუსეთში მცირე მეწარმეები შიშობენ, რომ, თუ საგადასახადო პოლიტიკა არ გადაიხედება, ეკონომიკური ზეწოლა კიდევ უფრო გაიზრდება და მცირე ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილი ბაზრიდან საერთოდ გაქრება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend