ელებს, მათ შორის ქალებსა და ბავშვებს, ცხელი საკვების მისაღებად გრძელ რიგში უწევთ დგომა. ომით განადგურებულ ტერიტორიაზე ეს უკვე ყოველდღიურ რეალობად იქცა.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომის განმავლობაში ე.წ. „თიქია“ - მცირე სამზარეულოები - ასობით ათასი პალესტინელისთვის ერთადერთი იმედიღაა. ჰუმანიტარული დახმარების დეფიციტისა და ბაზარზე საკვების გაძვირების ფონზე, მოსახლეობა პრაქტიკულად მხოლოდ ამგვარ დახმარებაზეა დამოკიდებული.
ღაზაში იძულებით გადაადგილებულების თქმით, მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ხალხისთვის არაფერი შეცვლილა. სასაზღვრო გამშვები პუნქტები დახურულია, რის გამოც ღაზაში საკვები არ შედის.
„როგორც ხედავთ, მდგომარეობა ტრაგიკულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სამზარეულოებში იფთარის მისაღებად მოდიან. ფასები ძალიან მაღალია, რადგან გამშვები პუნქტები დახურული იყო. როდესაც ნაწილობრივ იხსნება, ქვეყანაში შემოსული მცირე რაოდენობის საკვები არ არის საკმარისი ხალხის გამოსაკვებად. გარდა ამისა, ადამიანებს ფული არ აქვთ, არც ნაღდი, არც ბანკში იმ ბლოკადის გამო, რომელშიც ვცხოვრობთ და ზოგადად რეგიონში არსებული მძიმე ვითარების გამო“ - ამბობს რაფაჰიდან იძულებით გადაადგილებული ვალიდ ალ-ზამლი.
ჰუმანიტარული ორგანიზაციების ინფორმაციით, ღაზაში შესული დახმარება ბევრად მცირეა იმ მოცულობაზე, რომელიც ოქტომბერში აშშ-ის მხარდაჭერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით იყო განსაზღვრული. მათი განცხადებით, ისრაელის მიერ დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო ამწვავებს მდგომარეობას.
„ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ადამიანები ვერ პოულობენ საკვებს, იტანჯებიან. ვითარება კრიტიკულია. რამადანის დროს ხალხისთვის არაფერი შეცვლილა. გამშვები პუნქტები დახურულია, საკვები არ შემოდის. ადამიანები ამ სამზარეულოზე არიან დამოკიდებული. აქაც რვა საათი ველოდებით, რომ ბრინჯი მივიღოთ, რომელიც 15-სულიანი ოჯახისთვის საკმარისი არ არის. მდგომარეობა ძალიან რთულია. მხოლოდ ღმერთის წყალობას ველით“. - ამბობს ხან-იუნისის აღმოსავლეთიდან იძულებით გადაადგილებული ასად აბუ ჯამე.
ღაზის დაახლოებით 2-მილიონიანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დღეს ჰუმანიტარულ დახმარებაზეა დამოკიდებული, თუმცა ეს დახმარება მათ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს.
კონფლიქტი ისრაელსა და ღაზას შორის 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმით დაიწყო, რომლის შედეგად ისრაელის სამხრეთში დაახლოებით 1 200 ადამიანი დაიღუპა, 251 კი მძევლად აიყვანეს.
მას შემდეგ ისრაელის სამხედრო ოპერაციებს ღაზაში, ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 72 ათასზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.
