ისრაელის სამხრეთ ნაწილზე ირანის სარაკეტო იერიშმა მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ორი ირანული რაკეტა, რომელთა განეიტრალება ვერ მოხერხდა, დიმონასა და არადში ჩამოვარდა. დაშავდა თითქმის ორასი ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაზიანებულია 10-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი.
64 პირი სამკურნალოდ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. არადში ჩასულმა ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უცხოელ ჟურნალისტებთან ირანსა და მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.
„თუ გსურთ მტკიცებულება, რომ ირანი მთელ მსოფლიოს საფრთხეს უქმნის, ბოლო 24 საათი ამის დასტურია. ირანმა მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებული ტერიტორია დაბომბა. ისინი ამას მოსახლეობის მასობრივი განადგურების მიზნით აკეთებენ. საბედნიეროდ, არავინ დაღუპულა, ეს უბრალოდ იღბლის ამბავია.“ - ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ.
ისრაელის სამხედრო პრესსპიკერი ნადავ შოშანი ამბობს, რომ არადში დაშავებულთა რიცხვი 100-ამდეა. ისრაელის სამხედრო პრესსპიკერი აცხადებს, რომ მიუხედავად მომხდარისა, ირანთან ომის დაწყებიდან რაკეტების შეჩერების მაჩვენებელი 90%-ზე მეტია.
„ჩვენ ვართ სამხრეთ ქალაქ არადში, სადაც ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა, რამაც ათობით შენობა დააზიანა, თითქმის 100-ამდე ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ბევრი მძიმე მდგომარეობაშია. ეს არის ირანის რეჟიმის სახე. ისინი ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან თავს. ამ ომში ვინც დაიღუპა ან დაშავდა, მშვიდობიანი მოქალაქე იყო. ირანის რეჟიმი ამას წარმატებად მიიჩნევს. ეს არის ერთი ირანული ბალისტიკური რაკეტის შედეგი. გუშინ კი გავიგეთ, რომ ბალისტიკური რაკეტის მოქმედების რადიუსი მთელ ევროპას მოიცავს. ეს საფრთხე მხოლოდ ისრაელის არ ემუქრება. ეს საფრთხეა აზიის დიდი ნაწილისთვის, მთელი ევროპისა და აფრიკისთვის“. - ამბობს ისრეალის ისრაელის სამხედრო პრესსპიკერი, ნადავ შოშანი.
მეორე რაკეტა ქალაქ დიმონში ჩამოვარდა, სადაც სტრატეგიული ბირთვული კვლევითი ცენტრია, ქალაქი აფეთქების ადგილიდან დაახლოებით ხუთ კილომეტრში მდებარეობს.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ირანის რაკეტებმა შეაღწიეს ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებში ბირთვული ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ისრაელი ახლო აღმოსავლეთის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს, თუმცა მისი ლიდერები ამ ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.
თავდასხმა იყო ასევე ცენტრალურ ისრაელზე. სარაკეტო იერიშის შედეგად თელ-ავივში ერთ-ერთი საცხოვრებელი შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება
