სერბეთში სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა ასობით მომიტინგის წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყნის დედაქალაქის მერიის შენობაში ცდილობდნენ შეჭრას.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ 17 დეკემბერს გამართული არჩევნების შედეგებს, რომელშიც გამარჯვება მმართველმა პარტიამ მოიპოვა.
აქციის მონაწილეებმა ქვები და სხვა საგნები დაუშინეს მერიის შენობას, სადაც სპეცრაზმელები იყვნენ მობილიზებული. მოგვიანებით შენობის წინ ტერიტორიაზე პოლიციელები ხელკეტებით შეცვივდნენ და რამდენიმე მომიტინგე დააკავეს.
ქვეყნის პოპულისტი მთავრობის წარმომადგენლები უარყოფენ კენჭისყრის პროცესის გაყალბებას. მათი თქმით, ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნები სამართლიანად ჩატარდა.
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა, რომლის გავრცელებასაც ქვეყნის პოლიტიკური ოპოზიცია უწყობს ხელს. მისი თქმით, საპრეზიდენტო შენობიდან 100 მეტრში დემონსტრანტები და ძალადობრივი ჯგუფები ბელგრადის მერიის შენობის დაკავებას ცდილობენ. იგი ამშვიდებს სერბეთის მოქალაქეებს, რომ რევოლუცია არ მოხდება და აღნიშნავს, რომ დრამატული სიტუაციის მიუხედავად, სერბებს უყვართ თავიანთი ქვეყანა, ქალაქი. ისინი არ არიან მინების მსხვრევასა და სახლების დარბევას მიჩვეული.
პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ მისმა პარტიამ სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა ოპოზიცია დარღვევებზე საუბრობს და შედეგებს არ აღიარებს.https://t.co/sfktLiNewi
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) December 18, 2023
ფარებით აღჭურვილმა სპეცრაზმმა სამთავრობო შენობაში ბარიკადები აღმართა და გამოიყენა ცრემლსადენი გაზი ასობით მომიტინგის წინააღმდეგ, რომლებმაც შესასვლელში მინები ჩაამსხვრიეს.
აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ კარის გაღებას და მთავრობის წევრებს ქურდებად მოიხსენიებდნენ. ზოგიერთი სერბეთის ლიდერს რუსეთის პრეზიდენტს ადარებდა და ამბობდა, რომ ვუჩიჩი იგივე პუტინია.
17 დეკემბერს გამართული ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, გამარჯვება ალექსანდარ ვუჩიჩის პარტიამ მოიპოვა. მმართველი პარტიის მთავარ ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა, განსაკუთრებით ბელგრადში.
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კენჭისყრის პროცესში გამოვლინდა მრავალი დარღვევა, მათ შორის ხმების მოსყიდვისა და საარჩევნო ყუთში ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევები.