სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები და ვენესუელა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ.
მათი თქმით, ქვეყნებს შორის მოლაპარაკებების დროს ყურადღება გამახვილებული იყო ვენესუელელი ხალხის დახმარებაზე ეტაპობრივი პროცესის გავლით, რომელიც დემოკრატიულად არჩეული მთავრობისთვის მშვიდობიან გარდამავალ პერიოდს შექმნის.
ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტმა შეერთებული შტატების შინაგან საქმეთა მდივნის, დაგ ბურგუმის, ვენესუელაში ორდღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ამ ქვეყნის პოზიტიურ მომავალზე. და ეს არის ის, რაც ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პირობებში კეთდება და რაც ძალიან პოზიტიურია ამ ქვეყანაში ყველასთვის. ვფიქრობ, რომ ეს უკვე კარგად ჩანს მიღებული კანონებით. ისინი კვლავ ქმნიან სამუშაო ჩარჩოს, რომელიც ვენესუელის ხალხისთვის მეტი მშვიდობის, მეტი სტაბილურობისა და კეთილდღეობის მომტანი იქნება. ასე რომ, ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმ მიმართულებით, რომლითაც ეს ქვეყანა მიდის. შეერთებული შტატები ძალიან ბედნიერია, რომ ამ პროგრესში მხარდამჭერი პარტნიორია“. - განაცხადა აშშ-ის შინაგან საქმეთა მდივანმა, დაგ ბურგუმმა.
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა და ნიკოლას მადუროს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯები გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს.
როდრიგესის მთავრობამ გამოთქვა იმედი, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ხელს შეუწყობს ურთიერთგაგების განმტკიცებას და გახსნის შესაძლებლობებს პოზიტიური და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობისთვის.
ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2019 წელს, ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს, მადუროს გადაწყვეტილებით შეწყდა.
დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მას შედეგ გახდა შესაძლებელი, რაც იანვარში მადუროს დაკავების შემდეგ სამხრეთამერიკულ ქვეყანას ტრამპის ადმინისტრაციის რამდენიმე წარმომადგენელი, სხვდასხვა საკითხებზე მოსალაპარაკებლად ეწვია.
დონალდ ტრამპმა 4 მარტს თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე განაცხადა, რომ დელსი როდრიგესი შესანიშნავ საქმეს აკეთებს და აშშ-ის წარმომადგენლებთან ძალიან კარგად თანამშრომლობს.
