„კუბაც დაეცემა“, — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, და თქვა, რომ მოგვიანებით კუნძულოვანი ქვეყნისთვისაც „მოიცლის“, რითაც მიანიშნა, რომ ჰავანას პოლიტიკური მმართველობა იქნება ვენესუელასა და ირანის შემდეგ ვაშინგტონის მომდევნო სამიზნე.
„რაც ხდება კუბასთან დაკავშირებით, გასაოცარია. ვფიქრობთ, გვინდა ჯერ ეს დავასრულოთ, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საკითხია, სანამ თქვენ და ბევრი შესანიშნავი ადამიანი კუბაში დაბრუნდებით.
ჩვენ გვყავს შესანიშნავი ადამიანი თქვენი არჩეული პრეზიდენტის, დელსი როდრიგესის სახით. ის და მისი გუნდი ჩვენთან ერთად ფანტასტიკურ სამუშაოს ასრულებენ. ჩვენ ასობით მილიონ ბარელ ნავთობს მოვიპოვებთ. ის ჰიუსტონსა და სხვადასხვა ადგილას მიდის, სადაც მისი გადამუშავება მიმდინარეობს. ჩვენ მათ გაცილებით მეტ ფულს ვუგზავნით, ვიდრე მათ მრავალი წლის განმავლობაში გამოიმუშავეს.
სინამდვილეში, ძალიან მალე ეს იქნება იმაზე მეტი ფული, ვიდრე მათ ოდესმე გამოიმუშავეს. უბრალოდ რამდენიმე კვირა მინდა დაველოდო. რამდენიმე კვირა მინდოდა დავლოდებოდი, მაგრამ ვფიქრობ, მალე ისევ ერთად ვიქნებით და კუბაში მიმდინარე მოვლენებს აღვნიშნავთ.
ვერც კი წარმოიდგენთ, მაგრამ ძალიან უნდათ შეთანხმების დადება“, — თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ მოსალოდნელია, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია მეტად ხისტი აღმოჩნდება კუბის მიმართ, რადგან მისი ხელისუფლება ღრმა მწუხარებით შეხვდა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის, სიკვდილს.
„კუბაში მას გავიხსენებთ, როგორც გამორჩეულ სახელმწიფო მოღვაწესა და ირანელი ხალხის ლიდერს, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენს ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის კავშირების განვითარებასა და განმტკიცებაში.
ამ ღრმა მწუხარების ჟამს გთხოვთ, მიიღოთ კუბელი ხალხისა და მთავრობის სოლიდარობა და გულწრფელი სამძიმარი, რომელსაც ვუცხადებთ მის ოჯახს, მის ახლობლებსა და სრულიად ირანის სახელმწიფოს“, — განაცხადა კუბის პრეზიდენტმა, მიხელ დიას-კანელმა.
ენერგობლოკადასა და მოსალოდნელი ცვლილებების მოლოდინში მყოფი კუბის მოსახლეობა ურთულეს პირობებში განაგრძობს ცხოვრებას.
ქვეყანაში ელექტროენერგიის თვალსაზრისით ვითარება ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით გართულდა, რადგან მთავარი სახელმწიფო ელექტროსადგური გაითიშა.
მილიონობით მოქალაქეს დენის, ბუნებრივი აირისა და წყლის გარეშე უწევს თავის გატანა, ხოლო ნავთობის მარაგები თითქმის სრულად ამოიწურა.
„შესაძლოა, პრობლემა არ არის ჩვენს მთავრობაში, არამედ ვითარება სხვების ხელშია. უზარმაზარი პრობლემები გვაქვს, მაგრამ ჩვენ ნამდვილად უნდა გავაგრძელოთ და დაველოდოთ, როდის გამოგვიგზავნიან ერთ დღეს ამ ქალაქისთვის რაიმეს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რადგან ეს ნამდვილად გვჭირდება“, — ამბობს ადგილობრივი ხორხე მარტინესი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, არაერთხელ განაცხადა, რომ არსებულ მდგომარეობაში კუბის მოსახლეობა პრობლემის სათავეს არა ვაშინგტონში, არამედ საკუთარი ქვეყნის კომუნისტურ მმართველობაში უნდა ხედავდეს, რომელსაც „დიქტატორულ რეჟიმს“ უწოდებს.
გასულ თვეში კუბის ხელისუფლებამ ნავთობის დაზოგვის მიზნით მკაცრი ზომები მიიღო და განაცხადა, რომ ავიაციისთვის საჭირო საწვავი ქვეყნის ცხრა აეროპორტში მარტის შუა რიცხვებამდე არ იქნებოდა ხელმისაწვდომი.
როგორც მოსალოდნელია, შეზღუდვის ეს ვადა კიდევ უფრო გადაიწევს, რადგან ნედლეულის მარაგების თვალსაზრისით ვითარება კვლავ უკიდურესად მძიმე რჩება.
