კატეგორიები

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი ალი ხამენეის ვაჟი იქნება

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი ალი ხამენეის ვაჟი იქნება
Copyright AP
ირანს ახალი უზენაესი ლიდერი ჰყავს. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ მოკლული აიათოლა ალი ხამენეის შემდეგ თეოკრატიულ რეჟიმს სათავეში მისი ვაჟი, მოჯტაბა ხამენეი ჩაუდგება. გადაწყვეტილება თეირანში ირანის წინააღმდეგ ვაშინგტონისა და თელ-ავივის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მე-10 დღეს გამოაცხადეს.

ამის აღსანიშნად ირანის დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში რეჟიმის მხარდამჭერები გამოვიდნენ.

ირანის ექსპერტთა საბჭომ ქვეყნის უზენაეს ლიდერად აირჩია საიდუმლოებით მოცული 56 წლის სასულიერო პირი, რომელსაც რევოლუციურ გვარდიასთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს. ომში ირანის სამხედრო პასუხზე პასუხისმგებელი დიდწილად სწორედ გუშაგთა კორპუსია. მათ ფიცი დადეს, რომ შურს იძიებენ ალი ხამენეისთვის, რომელიც 28 თებერვალს, ომის დაწყებისას მოკლეს.

 

მოჯტაბა ხამენეი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა და არც რაიმე განცხადება გაუკეთებია, ამ თანამდებობაზე უკვე დიდი ხანია განიხილება. იგი კანდიდატი ჯერ კიდევ იმ ავიაიერიშებამდე იყო, რომელმაც მამამისი იმსხვერპლა, თუმცა აქამდე არასდროს ყოფილა არჩეული ან დანიშნული სახელმწიფო თანამდებობაზე.

უზენაეს ლიდერად მის არჩევას გარკვეულწილად უკმაყოფილებაც მოჰყვა — უზენაესი ლიდერის თანამდებობის მემკვიდრეობით გადაცემა ბევრს არ მოეწონა.

ახლა მოჯტაბა ხამენეიმ, რომელსაც, როგორც მიიჩნევენ, კიდევ უფრო მკაცრი შეხედულებები აქვს, ვიდრე მამამისს, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს უნდა უხელმძღვანელოს. მანვე უნდა მიიღოს თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებიც.

 

მიუხედავად იმისა, რომ ირანის მთავარი ბირთვული ობიექტები — ფორდო, ისპაჰანი და ნათანზი — გასულ წელს ამერიკის შეერთებული შტატების იერიშების შედეგად მძიმედ დაზიანდა და პრეზიდენტ ტრამპის თანახმად, სულაც „განადგურდა“, თეირანს მაღალგამდიდრებული ურანის მარაგი კვლავ აქვს. გავრცელებული ცნობებით, ეს მარაგი გასული წლის ივნისში ამერიკის შეერთებული შტატების თავდასხმამდე უსაფრთხო ადგილზე გადაიტანეს.

ისრაელმა მოჯტაბა ხამენეი პოტენციურ სამიზნედ უკვე დაასახელა, დონალდ ტრამპმა კი მისთვის ძალაუფლების მიცემის იდეა მკაცრად გააკრიტიკა.

„ხამენეის ვაჟი ჩემთვის მიუღებელია,“ — თქვა ტრამპმა და დაამატა, რომ ვაშინგტონს ხამენეის შემცვლელად ისეთი ადამიანი სურს, რომელიც „ირანში ჰარმონიასა და მშვიდობას მოიტანს.“

ტრამპმა კვირას ამერიკულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მას სურს ჩაერიოს იმაში, თუ ვინ მოვა ხელისუფლებაში ომის დასრულების შემდეგ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ ახალი ლიდერი, რომელიც ვაშინგტონთან კონსულტაციის გარეშე აირჩევა, „დიდხანს ვერ გაძლებს.“

ახალ უზენაეს ლიდერს მხარდაჭერა უკვე გამოუცხადა ირანის რევოლუციურმა გვარდიამ. იგივე გააკეთა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰეზბოლამაც.

ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა, ალი ლარიჯანიმ, ირანის სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბარში ექსპერტთა საბჭოს გადაწყვეტილება შეაქო და განაცხადა, რომ ისინი „გაბედულად“ შეიკრიბნენ მაშინაც კი, როცა თეირანში ავიაიერიშები გრძელდებოდა. ლარიჯანი ამბობს, რომ ალი ხამენეიმ შვილი მოამზადა და რომ მას „სიტუაციასთან გამკლავება შეუძლია.“

Related news
ირანის ახალი უზენაესი ლიდერი ალი ხამენეის ვაჟი იქნება კონფლიქტის მეექვსე დღე ახლო აღმოსავლეთში