ადგილობრივი გუბერნატორის, ალექსანდრ ბოგომაზის განცხადებით, რუსეთის ბრიანსკის რეგიონზე უკრაინის სარაკეტო თავდასხმას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, 37 კი დაიჭრა.
რუსული ტელეგრამარხ „ასტრას“ ცნობით, თავდასხმის სამიზნე იყო „კრემნი ელის“ მიკროელექტრონიკის ქარხანა. ქარხანაში აწარმოებენ ელექტრონულ კომპონენტებს, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა იარაღის სისტემებსა და სამხედრო აღჭურვილობაში, მათ შორის სარაკეტო სისტემებში, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და დრონებში.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიტანილი იერიშის შესახებ მას ალექსანდრ სირსკიმ აცნობა.
„ჩვენმა მეომრებმა ბრიანსკში ერთ-ერთ მთავარ რუსულ სამხედრო ქარხანას დაარტყეს. ეს ქარხანა რუსული რაკეტებისთვის საჭირო ელექტრონიკასა და კომპონენტებს აწარმოებდა - რაკეტებისთვის, რომლებითაც ჩვენს ქალაქებს, სოფლებსა და მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან თავს. ჩვენ თავს ვიცავთ. რუსეთს დიდი ხანია აქვს ამ ომის დასრულების შესაძლებლობა, ომის, რომელიც თავად დაიწყო“. - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინული მხარე აცხადებს, რომ სამხედროებმა ბრიანსკში მდებარე „კრემნი ელ“ მიკროჩიპების ქარხანაზე, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი მიკროელექტრონიკის მწარმოებელია, იერიში ბრიტანული Storm Shadow-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტებით მიიტანეს.
ამასთან, ზელენსკიმ ვაშინგტონს მოუწოდა, არ მოხსნას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. როგორც ცნობილია, აშშ განიხილავს მოსკოვის ნავთობის გაყიდვებზე სანქციების შემსუბუქებას, რათა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაგრძელების ფონზე შეამციროს ზეწოლა მიწოდებასა და ნათობპროდუქტების ფასებზე.
