„თავი აარიდეთ პროვოკაციულ ნაბიჯებს“, — რეჯეფ თაიფ ერდოღანი თეირანს აფრთხილებს, შეწყვიტოს თურქეთის წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედება, რომელმაც შესაძლოა საბედისწეროდ წარმართოს პროცესები როგორც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების, ისე რეგიონული მდგომარეობის თვალსაზრისით.
ეს კი მას შემდეგ, რაც თურქეთის საჰაერო სივრცე უკვე მეორედ დაარღვია ირანულმა საფრენმა აპარატმა.
ბალისტიკური რაკეტა 9 მარტს ნატო-ს თავდაცვის სისტემამ გადაიჭირა, ხოლო საბრძოლო მასალის ნაწილი თურქეთის სამხრეთით, გაზიანთეპის პროვინცია-ში ჩამოვარდა.
ქვეყნის ამ ნაწილში მდებარეობს ინჯირლიკის ავიაბაზა-ც, რომელზეც აშშ-ს სამხედრო ძალები ჰყავს განლაგებული.
„მიუხედავად ჩვენი გულწრფელი გაფრთხილებებისა, კვლავაც გრძელდება უკიდურესად არასწორი და პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმა, რაც ორმხრივ მეგობრულ კავშირებს რისკის ქვეშ აყენებს.
ჩვენ არ უნდა ვმონაწილეობდეთ რაიმე შეთქმულებებში, რაც ღრმა იარას დატოვებს ჩვენი ხალხის გულებსა და გონებაში და ჩრდილში მოაქცევს ათასწლოვან კეთილმეზობლურ და ძმურ ურთიერთობებს.
თურქეთის პოზიცია მკაფიოა. ასევე მკაფიოა მისი ძალისხმევა, თავიდან აიცილოს კონფლიქტის უფრო ფართოდ გავრცელება და სისხლისღვრა.
დღევანდელი მოვლენების გათვალისწინებით, კვლავ მკაფიოდ ვუსვამ ხაზს, რომ აუცილებელია შეცდომების დაშვებისა და სიჯიუტის თავიდან აცილება“, — განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ამ განცხადების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტი თავის ირანელ კოლეგას გაესაუბრა.
სატელეფონო კომუნიკაციისას რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მასუდ ფეზეშქიანი-ს განუცხადა, რომ საჰაერო სივრცის დარღვევა „არანაირი მიზეზით არ შეიძლება იყოს გამართლებული“. თურქეთის პოლიტიკური ლიდერის სიტყვებით, „ანკარა არ ეთანხმება ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ არაკანონიერ ჩარევებს, ისევე როგორც ირანის მხრიდან რეგიონის ქვეყნების სამიზნეებად ქცევას“.
თურქული სახელმწიფო მედიის ცნობით, მასუდ ფეზეშქიანმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს მომხდარის შესახებ „ყოვლისმომცველი გამოძიების პირობა მისცა“ და უთხრა, რომ თურქეთის საჰაერო სივრცეში საფრენი აპარატი არ ყოფილა ირანული წარმოების.
მსგავსი პოზიცია თეირანს აქვს ნახჭევანი-ს საერთაშორისო აეროპორტზე დრონით მომხდარ დარტყმასთან დაკავშირებითაც.
ანკარასგან განსხვავებით, ბაქო-მ უფრო მტკიცედ მოითხოვა ახსნა-განმარტებები და საპასუხო ზომების მიღება დაავალა აზერბაიჯანი-ს სამხედრო ძალებს.
ქვეყნის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევი-მ მალევე დაგმო მისი დიდი ხნის სტრატეგიული მოკავშირის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედება და თურქეთის ხელისუფლებასა და ხალხს ნებისმიერი ფორმით დახმარების მზადყოფნა აღუთქვა.
ამასთან, 9 მარტს თურქეთის საჰაერო სივრცეში მომხდარი მორიგი ინციდენტის შემდეგ, ნატო აცხადებს, რომ „მტკიცედ დგას“ და „მზადყოფნაშია“ დაიცვას მისი წევრების ტერიტორია ნებისმიერი საფრთხისგან.
მიუხედავად ამ პოზიციისა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დასძენენ — „თურქული მხარისგან ჯერჯერობით არ არსებობს ნიშანი იმისა, რომ იგეგმება რაიმე მოქმედება ირანის წინააღმდეგ რაიმე ზომების მისაღებად“.
ანკარა ამ ეტაპზე დიპლომატიური ნაბიჯით შემოიფარგლა და საყვედურის გადასაცემად საგარეო უწყებაში დაიბარა თურქეთში ირანის ელჩი.
ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი შტაბის მეთაურის, მარტინ ო’დონელი-ს თქმით, ირანი სხვადასხვა სახელმწიფოში განლაგებულ ამერიკულ პოზიციებს უმიზნებს და, ამასთან, განურჩევლად ყველაფრისა, ესხმის თავს სხვა ობიექტებსაც.
