გასულ კვირას ირანმა დრონით მიიტანა იერიში კუნძულ კვიპროსზე მდებარე დიდი ბრიტანეთის ავიაბაზაზე. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ კუნძულზე სამხედრო ხომალდებს გააგზავნიდა. 9 მარტს კი თავად ეწვია კვიპროსს.
ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ფრანგული ავიამზიდი „შარლ დე გოლი“ უკვე ახლოს არის ხმელთაშუაზღვის კუნძულთან. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საფრანგეთი კვიპროსს უჭერს მხარს. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ომის დროს საზღვაო ვაჭრობისა და მარშრუტების დაცვის მნიშვნელობაზე.
“ირანში არსებულ კრიზისულ ვითარებას დიდი გავლენა აქვს მთელ რეგიონზე, ამ დროს აქ თქვენთან და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად დგომა მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია. კვიპროსზე თავდასხმა ევროპაზე თავდასხმაა. შესაბამისად, კვიპროსის დაცვა ერთ-ერთი მთავარი საკითხია არა მხოლოდ თქვენი ქვეყნისა და თქვენი მეზობელი, პარტნიორი და მეგობარი საბერძნეთისთვის, არამედ საფრანგეთისა და მასთან ერთად მთელი ევროკავშირისთვისაც. როგორც ახლახან აღვნიშნეთ, ამჟამად ჩვენ ვქმნით წმინდა თავდაცვით, დამხმარე მისიას, რომელიც უნდა მომზადდეს ევროპულ და არაევროპულ სახელმწიფოებთან ერთად და რომლის მიზანია, რაც შეიძლება მალე, კონფლიქტის ყველაზე ინტენსიური ფაზის შემდეგ, კონტეინერმზიდებისა და ტანკერების ესკორტით ხელახლა გაიხსნას ჰორმუზის სრუტე, რომელიც აუცილებელია საერთაშორისო ვაჭრობისთვის, ასევე გაზისა და ნავთობის ნაკადისთვის, რომელიც უნდა გავიდეს ამ რეგიონიდან“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
როგორც ცნობილია, ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის წევრი ქვეყნის თავდაცვის გასაძლიერებლად კვიპროსის ტერიტორიულ წყლებში ავიამზიდ „შარლ დე გოლის“ გარდა, ფრანგული ფრეგატი „ლანგედოკიც“ გაგზავნა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე გადაწყვიტა, კუნძულზე, რომელიც ევროპის ტერიტორიის ნაწილია და რომელზეც პირველად მიიტანეს იერიში, დრონებისა და რაკეტების საწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები გაეგზავნა.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა, რომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ევროპის ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი ხელშეუხებელია. თუმცა იქვე დასძინა, რომ ნებისმიერი ქმედება მხოლოდ თავდაცვითი ხასიათისაა.
„ახლა დროა, ყველას ვაჩვენოთ, რომ ევროპის ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი ხელშეუხებელია. ჩვენი ერთადერთი და მთავარი მიზანია, დავიცვათ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ნებისმიერი საფრთხისგან. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ევროპის ტერიტორიის რომელიმე ნაწილს, მაგალითად, კვიპროსს, რაიმე სახის საფრთხე დაემუქროს“. - ამბობს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისი.
კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ქრისტოდულიდესმა განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნების გადამწყვეტმა დახმარებამ უკვე გააძლიერა უსაფრთხოება აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის კუნძულოვან სახელმწიფოში.
„საბერძნეთი, საფრანგეთი, ესპანეთი და იტალია აჩვენებენ, თუ რას ნიშნავს ევროპული სოლიდარობა. მათ გადამწყვეტი დახმარებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მათი მხრიდან ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი ევროპის პოტენციალისა და იმ გზის შესახებ, რომელიც მან უნდა გაიაროს, მიმდინარე გეოპოლიტიკური რეალობების გათვალისწინებით“, - განაცხადა კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ქრისტოდულიდესმა.
ქრისტოდულიდესის თქმით, საფრანგეთისა და საბერძნეთის ლიდერების კვიპროსში ვიზიტი ადასტურებს ევროკავშირის ერთიანობასა და სიმტკიცეს, ევროკავშირის მიზანია, უზრუნველყოს თავისი წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოება და იმუშაოს მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასა და ახლო აღმოსავლეთში.
