ექსპერტების ვარაუდით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ფართომასშტაბიანმა კონფლიქტმა შესაძლოა უახლოეს დღეებში კიბერშეტევების რაოდენობა მკვეთრად გაზარდოს. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ თანამედროვე ეპოქაში აშშ, ირანი და ისრაელი, სამხედრო შეტაკებების გარდა, ერთმანეთთან ციფრულ ომსაც აწარმოებენ.
კიბერუსაფრთხოების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მიმწოდებლის, Palo Alto Networks-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, თეირანის წინააღმდეგ ომის დაწყების პირველივე დღიდან ტექნოლოგიური უსაფრთხოების სფეროში თავდასხმებმა მნიშვნელოვნად იმატა.
ამის ერთ-ერთი მაგალითია 28 თებერვალს აშშ-სა და ისრაელის მიერ ერთობლივი კიბერშეტევა საინფორმაციო სააგენტოების ვებგვერდებსა და კალენდრის მობილურ აპლიკაციაზე, სახელწოდებით BadeSaba, რა დროსაც მომხმარებლებს მისდიოდათ შეტყობინება შემდეგი შინაარსით — „შურისძიების დროა!“ და „დახმარება უკვე გზაშია!“
The Jerusalem Post-ის თანახმად, კიბერთავდასხმების სამიზნეებად იქცა ირანის სახელმწიფო სტრუქტურები და სამხედრო ობიექტებიც.
თუმცა ექსპერტები National Cyber Security Centre-იდან აცხადებენ, რომ ციფრული შეტევები აქტიურად ხორციელდება დასავლურ პლატფორმებზეც ირანული მხრიდან — განურჩევლად იმისა, ეს პლატფორმები სახელმწიფო უწყებებს ეკუთვნიან თუ კომერციულ სერვისს უზრუნველყოფენ.
მაგალითად, დაჯგუფებამ, რომელიც თავს „ისლამური კიბერწინააღმდეგობის ღერძს“ უწოდებს, პასუხისმგებლობა აიღო ისრაელის თავდაცვითი კომპანიის Rafael Advanced Defense Systems-ისა და უპილოტო საფრენი აპარატების აღმომჩენი სისტემის, VigilAir-ის წინააღმდეგ ციფრული ოპერაციების ჩატარებაზე.
ეს დაჯგუფება ცდილობდა კიბერუსაფრთხოების სფეროში ექსპერტების გადმობირებას ისრაელისა და აშშ-ის წინააღმდეგ მასშტაბურ ციფრულ კამპანიაში, სახელწოდებით „დიდი ეპიკური ბრძოლა“.
სპეციალისტების განმარტებით, დასავლურ ციფრულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების მიღმა ირანთან ერთად დგანან ჩრდილოეთი კორეა და რუსეთი.
ექსპერტების თანახმად, მაშინაც კი, თუ სამხედრო ფრონტზე კონფლიქტში ჩართული რომელიმე მხარე მიზანს ვერ მიაღწევს, ის დაიწყებს მასშტაბურ კიბერშეტევებს მოწინააღმდეგეზე.
ამას კი განსაკუთრებით ხელს უწყობს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების განვითარება, კერძოდ ე.წ. „დიფ ფეიქების“ შექმნა. ექსპერტების თქმით, საზოგადოება „აღარ შეიძლება ენდოს იმას, რასაც ხედავს ან ესმის“ და „ორგანიზაციებს სჭირდებათ მრავალდონიანი უსაფრთხოების პარამეტრების დაყენება, დამატებითი საკომუნიკაციო არხებისა და ისეთი კოდური სიტყვებისა თუ ფრაზების გამოყენება, რაც მხოლოდ ცალკეული წრეებისთვის არის ცნობილი“.
დარგის სპეციალისტების განმარტებით, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით თაღლითებისა და სახელმწიფო უწყებებისთვის გამარტივდა პირადი ინფორმაციის მოპოვება, ასევე მანიპულირება, რადგან ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი ჩვეულებრივი საქმიანი წერილიც კი შესაძლოა დანაშაულებრივი მიზნებისთვის იყოს გამოყენებული.
ეს კი იმიტომ, რომ თითქმის შეუძლებელი გახდა ადამიანის მიერ და რობოტის მიერ დაწერილი ტექსტის ერთმანეთისგან გარჩევა. გამოსავლის ერთადერთ გზად ექსპერტები ასახელებენ ხელოვნური ინტელექტის მექანიზმების შეკავებას.
