8 მარტს „ამერიკის ფარის“ ინიციატივის ფარგლებში მაიამიში შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და რეგიონის 14 ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ხავიერ მილეი, ნაიიბ ბუკელე და ჩილეს ახლად არჩეული პრეზიდენტი ხოსე ანტონიო კასტი, ასევე ეკვადორის, პარაგვაის, ჰონდურასისა და დომინიკის რესპუბლიკის ლიდერები და სხვები. შეხვედრაზე არ იმყოფებოდა მექსიკის პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო სამხედრო ალიანსის შექმნა. ალიანსის მიზანია კარტელების წინააღმდეგ ბრძოლა. დონალდ ტრამპის განცხადებით, მის ინიციატივას ჩვიდმეტი ქვეყანა უკვე ოფიციალურად შეუერთდა.
„დღეს აქ შეკრებილებს ერთი რამ გვაერთიანებს. ჩვენ აღარ ვაპირებთ ჩვენს ნახევარსფეროში უკანონობის ატანას. მტრების დამარცხება მხოლოდ ჩვენი სამხედრო ძალების მეშვეობით არის შესაძლებელი. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი სამხედრო ძალები. თქვენც უნდა გამოიყენოთ თქვენი სამხედრო ძალები. თქვენ არ შეგიძლიათ ამ ხალხთან ბრძოლა მხოლოდ პოლიციის საშუალებით თქვენ გყავთ შესანიშნავი პოლიცია, მაგრამ ისინი ემუქრებიან მათ და აშინებენ“. - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
ტრამპმა გამოსვლისას ისაუბრა კუბაზეც. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კუნძული ბოლო წუთებს ითვლის. ის ჰავანასთან პირდაპირ მოლაპარაკებებს სახელმწიფო მდივნის, კუბაში დაბადებული მარკო რუბიოს მეშვეობით აწარმოებს. „მათ სურთ მოლაპარაკება და ვფიქრობ, შეთანხმებას ძალიან მარტივად მიაღწევენ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. მან ასევე აღნიშნა, რომ კუნძულზე კონტროლი შესაძლოა, აშშ-მ დაამყაროს.
„მათ მოლაპარაკება სურთ და ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ მარკო რუბიოსთან, ჩემთან და კიდევ სხვებთან. ვფიქრობ, რომ კუბასთან შეთანხმებას ადვილად მივაღწევთ. 50 წლის განმავლობაში, ჯერ კიდევ ბავშვი რომ ვიყავი, მესმოდა კუბის შესახებ, რომ ის კატასტროფაა. მაგრამ ის კუბა, რომელიც ახლა არსებობს, სიცოცხლის ბოლო წუთებს ითვლის. მას ექნება ახალი, შესანიშნავი მომავალი, მაგრამ ახლა სულს ღაფავს. მართალია, ახლა ჩვენი ყურადღება ირანისკენაა მიმართული, მაგრამ ამასაც მივხედავთ. დაახლოებით ორ დღეს დაისვენებს მარკო… არა, არ დაისვენებს. შეიძლება ერთი საათი დაისვენოს და შემდეგ კუბასთან შეთანხმებას დაასრულებს. ეს ადვილი იქნება“. - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამავდროულად, დონალდ ტრამპმა ოფიციალურად აღიარა დელსი როდრიგესის მთავრობა ვენესუელაში, ქვეყანაში, რომელიც ნიკოლას მადუროს დაპატიმრების შემდეგ თვეების განმავლობაში ვაშინგტონის მეთვალყურეობის ქვეშ გარდამავალ პროცესს გადის.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გამოაცხადა ვენესუელურ ოქროსთან დაკავშირებული შეთანხმების შესახებ, თუმცა პირობებზე დტალურად არ უსაუბრია. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არ დაუშვებს მტრულ უცხოურ გავლენას თავის საყვარელ პანამის არხზე, ამ განცხადებას პანამის პრეზიდენტი ხოსე რაულ მულინოც ისმენდა.
