ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ევა ბარბაქაძემ გამოაცხადა.
სხდომას თავად ბრალდებული არ ესწრებოდა – იგი რუსეთში იმყოფება. პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სხდომათა დარბაზში განმარტა, რომ მოწმეთა და ექსპერტიზის ჩვენებები ყოფილი გენერალური პროკურორის მიმართ პატიმრობის გამოყენების ფაქტობრივ საფუძვლებს წარმოადგენს და აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმის გამოყენების გარეშე ოთარ ფარცხალაძის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები არსებობს.
პატიმრობის გამოყენებას არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე, ადვოკატ გაგი მოსიაშვილის მტკიცებით, ამის საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, 32-ტომიან საქმეში მხოლოდ სამი მოწმის ჩვენებაა და მათი შინაარსი სასამართლოსთვის ცნობილია.
ყოფილ გენერალურ პროკურორ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი 29 დეკემბერს წარუდგინეს. მას შეკვეთითა და ანგარებით განზრახ მკვლელობას ედავებიან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ეს დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დანაშაულის უშუალო აღმსრულებლის, გელა უძილაურის, მიმართ სასამართლომ უკვე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. მას 24 ოქტომბერს უვადო პატიმრობა მიესაჯა. საქმეზე დაკავებულები არიან სხვა ბრალდებულებიც: გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე და გიორგი კაჭკაჭაშვილი. დავით მიქაძესა და გიორგი ჯოხაძეზე კი ძებნაა გამოცხადებული. მათი საქმეების განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზეა.


