კატეგორიები

დონალდ ტრამპი ირანელ დიპლომატებს მოუწოდებს, აშშ-ში თავშესაფარი მოითხოვონ

დონალდ ტრამპი ირანელ დიპლომატებს მოუწოდებს, აშშ-ში თავშესაფარი მოითხოვონ
Bloomberg via Getty Images file
მეექვსე დღეა, აშშ და ისრაელი ირანზე ინტენსიურ იერიშებს აგრძელებენ. ირანს კი საპასუხო შეტევები მიაქვს ისრაელზე, ამერიკულ ბაზებსა და რეგიონის სხვადასხვა ქვეყანაზე. მიმდინარე ომი უკვე 14 ქვეყანას შეეხო.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ირანის საზღვაო და საჰაერო ძალები აღარ არსებობენ. ირანის საჰაერო თავდაცვის იარაღი და თვითმფრინავები ამერიკული და ისრაელის იერიშების შედეგად განადგურებულია. ამერიკის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ირანის ლიდერები უკვე მზად არიან, შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და დადონ შეთანხმება, თუმცა დასძინა, რომ ამ ეტაპზე აშშ-ს უფრო მეტად სურს ბრძოლის გაგრძელება, ვიდრე ირანს.

„ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალები, შესანიშნავ ისრაელელ პარტნიორებთან ერთად, სრულად ანადგურებენ მტერს. და ამას აკეთებენ იმაზე უფრო სწრაფად, ვიდრე ეს გეგმით იყო გათვალისწინებული, თან იმ მასშტაბებით, რომელიც აქამდე არავის არასდროს უნახავს. ყოველ ერთ საათში ვანადგურებთ ირანის მრავალ რაკეტასა და დრონს. თანაც ისე ვანადგურებთ... არავის ეგონა, რომ ეს შესაძლებელი იყო. როგორც კი ისინი რაკეტას გაუშვებენ, ოთხ წუთში გამშვები მოწყობილობა იბომბება. მათ არც კი ესმით, რა მოხდა. ჩვენ გვყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა. მათი საზღვაო ძალები აღარ არსებობენ. სამ დღეში 24 ხომალდი განადგურდა. ეს ძალიან ბევრია. მათი საჰაერო თავდაცვის სისტემები აღარ არსებობს. შესაბამისად, მათ აღარ აქვთ საჰაერო ძალა. აღარ აქვთ საჰაერო თავდაცვა. მათი ყველა თვითმფრინავი განადგურებულია. მათი კომუნიკაციები აღარ არსებობს. რაკეტები აღარ აქვთ. არც გამშვები დანადგარები აქვთ — დაახლოებით 60%-64% განადგურებულია. ამის მიუხედავად, ისინი მაინც საკმაოდ კარგად არიან. ვგულისხმობ იმას, რაც დარჩათ. გამძლეები არიან და ბრძოლა უნდათ. ისინი გვირეკავენ და გვეკითხებიან, როგორ შეიძლება შეთანხმების მიღწევა. მე ვუთხარი, ცოტა დაგვიანებულია. ახლა ჩვენ უფრო მეტად გვინდა ბრძოლა, ვიდრე მათ. 47 წელი გავიდა, გააჩნია, როგორ დაითვლით, მაგრამ 47 წელია ამ ჯგუფთან დაკავშირებულ საშინელებებს ვხედავთ. ხედავ ადამიანს ქუჩაში, რომელსაც ფეხები ან ხელები აღარ აქვს, ან სახე ძალიან აქვს დაზიანებული. უმეტეს შემთხვევაში, 95 პროცენტს ეს სოლეიმანისა და ირანის გამო მოუვიდა“, — განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტი ირანელ დიპლომატებს მოუწოდებს, აშშ-ში თავშესაფარი მოითხოვონ. მისი განცხადებით, მათ, ვინც იმუნიტეტს მოითხოვს, შეეძლებათ აშშ-ს დაეხმარონ, შექმნას ახალი და უკეთესი ირანი დიდი პოტენციალით. დონალდ ტრამპმა ირანელ ხალხსაც მიმართა, დაიბრუნონ თავიანთი ქვეყანა. დონალდ ტრამპს სურს, რომ ომის დასრულების შემდეგ ირანში უზენაესი ლიდერის არჩევაში თავად მიიღოს მონაწილეობა.

დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი. აბას არაღჩის თქმით, თეირანს ვაშინგტონისთვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის ინიციატივით არ მიუმართავს. ამერიკულ მაუწყებელ NBC News-თან საუბრისას აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანი ამერიკასთან საუბრის ვერანაირ საბაბს ვერ ხედავს.

„ჩვენ ცეცხლის შეწყვეტას არ ვითხოვთ და ვერც ვხედავთ მიზეზს, რატომ უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკება აშშ-სთან, როცა მათთან უკვე ორჯერ გვქონდა მოლაპარაკება და ყოველ ჯერზე ამ პროცესში დაგვესხნენ თავს. ამიტომ ჩვენგან არც ცეცხლის შეწყვეტისა და არც აშშ-სთან მოლაპარაკების მოთხოვნა არსებობს. ჩვენ მათთვის არანაირი შეტყობინება არ გაგვიგზავნია. ასევე შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი რაკეტების ხარისხი, რამდენად გაუმჯობესებულია ისინი ბოლო ომის შემდეგ. მას შემდეგ ბევრი გაკვეთილი მივიღეთ. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სხვა სცენარისთვისაც, თუნდაც სახმელეთო შეჭრისთვის“, — განაცხადა აბას არაღჩიმ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, განაცხადა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალებმა სისასტიკე გამოიჩინეს, როდესაც ინდოეთის ოკეანეში ირანული ხომალდი ჩაძირეს, რასაც ეკიპაჟის 87 წევრი ემსხვერპლა. აშშ კი ირანს აფრთხილებს, რომ იერიშები მნიშვნელოვნად გაძლიერდება. ამასობაში ისრაელის სამხედროებმა 6 მარტს, დილით, განაცხადეს, რომ ირანის დედაქალაქ თეირანზე მასშტაბური დარტყმების ტალღა დაიწყეს.

Related news
„აღარ შეიძლება ენდო იმას, რასაც ხედავ ან გესმის“ - ექსპერტები კიბერთავდასხმების ზრდას ელიან აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „კუბისთვისაც მოიცლის“