საგანაგებო სამსახურების ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ ცენტრალურ უკრაინაში დნიპროზე მიტანილი იერიშის შედეგად 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, იერიშის შედეგად დაზიანდა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, ქალაქის ადმინისტრაციული შენობა და კერძო სახლები.
დნიპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ განჟამ, თავისი სოციალური ქსელის გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მიყენებული ზიანი ჩანს.
სლოვიანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმაც 10 მარტს განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სლოვიანსკის ცენტრში დაბობმვის შედეგად სამი ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დაიჭრა 16 ადამიანი, მათ შორის 14 წლის გოგონა. დაზიანდა ექვსი საცხოვრებელი კორპუსი და 10 ავტომობილი.
„დღეს დილით, ათის 15 წუთზე, მოწინააღმდეგემ ჩვენს ქალაქზე ავიაიერიში მიტანა. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სამი მართვადი საავიაციო ბომბი ჩამოვარდა. ბევრია დაშავებული, არიან დაღუპულებიც. “ - ამბობს სლოვიანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვადიმ ლიახი.
როგორც საგანგებო სამსახურში აცხადებენ, იერიშები იყო უკრაინის სხვა ქალაქებზეც, სადაც 17 მოქალაქე, მათ შორის 2 ბავშვი დაიჭრა.
უკრაინის საჰაერო ძალები ამბობენ, რომ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 137 დრონიდან 122 ჩ44ამოაგდეს.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ყველაზე დიდი კონფლიქტიდან საერთაშორისო თანამეგობრობის მთელი ყურადღება ახლა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის მიმართაა მიპყრობილი. შესაბამისად, რუსეთსა და უკრაინას შორის აშშ-ის შუამავლობით ამ კვირაში დაგეგმილი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დროებით გადაიდო.
