„ირანში ომი მალე დასრულდება“, — აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი, თუმცა აზუსტებს, რომ მიმდინარე კვირას არა. დონალდ ტრამპი ფლორიდაში გამართულ პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვაზე, თუ როდის დასრულდება ირანში აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაცია, უპასუხა, რომ ის დასასრულს უახლოვდება და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ამ მხრივ დიდი წარმატებები აქვთ — პროგნოზირებულზე უფრო მეტიც, თუმცა ჯერ არასაკმარისი.
ეს ნარატივი დონალდ ტრამპმა გუშინდელი დღის განმავლობაში რამდენჯერმე გაიმეორა, მათ შორის CBS News-თან ინტერვიუშიც, სადაც ომის მალე დასრულების ერთ-ერთ არგუმენტად ის დაასახელა, რომ ირანს იარაღი ეწურება.
„ამ ომის დასრულების შემდეგ ჩვენ გაცილებით უსაფრთხო სამყარო გვექნება. ის საკმაოდ სწრაფად დასრულდება. ვფიქრობ, ეს მალე მოხდება, რადგან მათ ყველაფერი დაკარგეს: აღარ ჰყავთ საზღვაო ძალები, არ ჰყავთ საჰაერო ძალები, არ აქვთ ანტისარაკეტო სისტემები, ტელეკომუნიკაციები და, რაც მთავარია, აღარ ჰყავთ ლიდერი. ადამიანების უმრავლესობას არც კი გაუგია იმ ახალი ხელმძღვანელის შესახებ, რომელზეც ახლა იქ საუბრობენ.
ჩვენ მოვაწყვეთ ხანმოკლე ექსკურსია, რათა ბოროტება აღმოგვეფხვრა. თქვენ ნახავთ, რომ ეს მართლაც ხანმოკლე იყო. ჩვენ ბევრი გაგებით მოვიგეთ, თუმცა ჯერ არასაკმარისად. წინ მივიწევთ მტკიცედ, როგორც არასდროს, რათა მივაღწიოთ საბოლოო შედეგს, რომელიც ამ საშიშროებას ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის.
რაკეტების დიდი ნაწილი მოგერიებულია, მათ შორის დრონებიც, და ახლა ჩვენ ვურტყამთ იქ, სადაც ეს დრონები მზადდება. რაც მოხდა, უკვე დიდი წარმატებაა, ან შეგვიძლია უფრო შორსაც წავიდეთ და წავალთ. დიდი რისკი ამ ომის პირველ სამ დღეში აღმოიფხვრა. ჩვენ გეგმებს ვუსწრებთ, ჩვენი შეიარაღებული ძალები კი მსოფლიოში საუკეთესოა.
ირანი ძლიერი სახელმწიფოა და ჩვენ რომ არა, ისინი მთელ ახლო აღმოსავლეთს აიღებდნენ. მაგრამ სწორ დროს ვიმოქმედეთ, მათი შესაძლებლობების დიდი ნაწილი უკვე განადგურებულია. ამაყები ვართ, რომ ამაში ჩავერთეთ და ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება. თუ ისევ დაიწყებენ, ორმაგად დავარტყამთ“, — აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
საბოლოო მიზნად თეთრ სახლს დასახული აქვს იმგვარი მოცემულობა, როდესაც ირანი ბირთვულ შეიარაღებაზე მუშაობის გაგრძელებას ვერც შეძლებს და ეს თავშიც არ მოუვა. თუმცა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ახალ აიათოლად ძველის ვაჟი აირჩია, თეთრმა სახლმა ახალი პრეტენზიები წამოაყენა. მოჯთაბა ხამენეი აშშ-ის პრეზიდენტისთვის არასასურველი ფიგურაა. ამასთან, აშშ-ს სურს, ახალი აიათოლას არჩევაში სიტყვა ეთქმოდეს და ეს ვაშინგტონმა არაერთხელ დააფიქსირა. მან მიანიშნა, რომ ირანში აშშ სულ სხვა ლიდერს ელის. შესაბამისად, გაჩნდა შეკითხვა — ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ მოჯთაბა ხამენეი უკვე ამერიკელების სამიზნეშია.
„არ მსურს ასე ვთქვა, რადგან ეს არ იქნება მისაღები. ამ გაგებით მეც სამიზნეში ვარ, რადგან ახლახან დაიჭირეს ადამიანი, რომელსაც ჩემი მოკვლა სურდა. ირანის ლიდერს რაც შეეხება, მე მომწონს იდეა მისი შიგნიდან დანიშვნის შესახებ, რადგან ეს კარგად მუშაობს და ეს ვენესუელაშიც დამტკიცდა. იქ ახლა პრეზიდენტი ქალი გვყავს, დულსი, რომელიც დაფასებულიცაა და კარგადაც მუშაობს, გართულებების გარეშე.
დავეხმარები თუ არა ირანელ ხალხს? ვისურვებდი, თუ კარგად მოქცევას შეძლებენ, თუმცა მუქარით არიან განწყობილნი. ისინი კარგი ადამიანები არიან, არაჩვეულებრივი მოსახლეობა ჰყავთ — ჭკვიანი და ენერგიული. მე ვისურვებდი მათ დავხმარებოდი, მაგრამ ისინი უნდა იყვნენ იმგვარ სისტემაში, რომელიც დახმარების შესაძლებლობას იძლევა. ამჟამად ისინი არიან სისტემაში, რომელიც მხოლოდ მარცხის საშუალებას იძლევა.
მე ეს არ მსურს. მსურს, იქ არსებობდეს სისტემა, რომელიც ჩვენ არ შეგვიტევს — ისეთი, რომელიც ქვეყანას მრავალწლიან მშვიდობაში ამყოფებს. თუ ამას ვერ მივიღებთ, სჯობს ახლავე მოვაგვაროთ ეს საკითხი“, — თქვა პრეზიდენტმა.
ვაშინგტონის ეს მიდგომები ირანში აღიზიანებთ და ამას ხმამაღლა გამოხატავენ, მიუხედავად ომში შესუსტებული პოზიციებისა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკულ მედიასთან მორიგ ინტერვიუში ხაზს უსვამს, რომ ხელმძღვანელების არჩევა ქვეყნის სუვერენული უფლებაა.
„ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, ჩაერიოს ჩვენს საშინაო საქმეებში. ახალი ლიდერის არჩევა ირანელი ხალხის გადასაწყვეტია. ექსპერტთა ასამბლეამ უკვე აირჩია ახალი ლიდერი და ისინი საქმეს ბოლომდე მიიყვანენ. ეს მხოლოდ ირანელი ხალხის საქმეა და არავის სხვის“, — აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩი.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი-მა აშშ-ის პრეზიდენტს შეუთვალა, რომ ომი მაშინ დასრულდება, როდესაც ამას თავად გადაწყვეტენ. ასევე განმარტეს, რომ არ დაუშვებენ ერთი ლიტრი ნავთობის ქვეყნიდან გასვლასაც კი, ვიდრე ქვეყანაში სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს.
2022 წლის შემდეგ პირველად ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე 100 დოლარს მიაღწია. ირანის მხრიდან ჰორმუზის სრუტე-ის ჩაკეტვამ შესაძლოა დიდი ხნით შეაფერხოს ენერგომიმოსვლა. აშშ-ის პრეზიდენტი ამ საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს პოზიტიური პროცესების თანმდევი გართულებაა, რომელიც მალე დასრულდება და ბრძოლას ბოლომდე მიიყვანენ, რათა ამერიკულმა ოჯახებმა შედეგად ნავთობსა და გაზზე დაბალი ფასები მიიღონ.
პრეზიდენტი ასევე დაიმუქრა, რომ ირანს ოცჯერ უფრო მეტი ძალით დაარტყამს, თუ ჰორმუზში ნავთობტანკერების მიმოსვლა სრულად შეჩერდება.
