დღეიდან, 30 დეკემბრიდან, ძალაში შედის ევროკავშირის ახალი მექანიზმი მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, რომელზეც ევროპული საბჭო და ევროპარლამენტი ევროკომისიის წინადადების საფუძველზე 2025 წლის ივნისში შეთანხმდნენ.
განახლებული წესები ევროკავშირს აძლევ საშუალებას, „უფრო სწრაფად და მკაცრად უპასუხოს უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენების ან ევროკავშირის ინტერესებთან შეუსაბამობის შემთხვევებს“. კერძოდ, ახალი მექანიზმით, ევროკავშირს უფლება აქვს უვიზო რეჟიმი შეაჩეროს, თუკი თუკი მესამე ქვეყნის სავიზო პოლიტიკა ევროკავშირისას არ შეესაბამება.
ამასთან, მექანიზმი შესაძლოა ამოქმედდეს იმ შემთხვევაშიც, თუ ევრობლოკსა და მესამე ქვეყანას შორის ურთიერთობა გაუარესდება. ამის მიზეზი კი შესაძლებელია ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევა იყოს.
ორიოდე კვირის წინ, 2025 წლის 19 დეკემბერს, ევროკომისიამ მიიღო სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ გარკვეულ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოს მთელ მოსახლეობას ემუქრება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის „სისტემური და მიზანმიმართული ხასიათის გათვალისწინებით“ უვიზო მიმოსვლის შეჩერება ახალი წესების ფარგლებში განიხილება.
ანგარიშის თანახმად, საქართველომ დაარღვია უვიზო რეჟიმის დიალოგის ფარგლებში აღებული მრავალი ვალდებულება და არ შეასრულა უვიზო რეჟიმის მექანიზმის ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების თითქმის არცერთი პუნქტი. „ბოლო წლების განმავლობაში განმეორებითი მოთხოვნების მიუხედავად, სავიზო პოლიტიკის დაახლოებისა და კორუფციის პრევენციის მიმართულებებით პროგრესის მისაღწევად, 2024–2025 წლებში საქართველომ კიდევ უფრო დიდი უკუსვლა განიცადა, მათ შორის, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხითაც“, – წერია ევროკომისიის ანგარიში.
ევროკომისია აღნიშნავს იმასაც, რომ პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შეიძლება შეეხოს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, „რომლებიც პირველ რიგში არიან პასუხისმგებელნი კომისიის რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე“, მეორე ეტაპზე კი, სავიზო რეჟიმის შეჩერება შესაძლოა ქვეყნის მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს.


