საინფორმაციო ომი რუსული შიდა თუ საგარეო პოლიტიკის განხორციელებისა და გავლენის მოპოვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა, რომელსაც რუსული სპეცსამსახურები საკმაოდ წარმატებით იყენებენ. კრემლის საინფორმაციო ომის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი შეთქმულების თეორიების გავრცელებაა, რომელიც ემსახურება შიდა და გარე აუდიტორიისთვის დამახინჯებული ინფორმაციის მიწოდებას, დასავლური ინსტიტუტების დემონიზაციასა და რუსეთის იმპერიალისტური, აგრესიული პოლიტიკის გამართლებას.
ჩრდილოვან მმართველობასთან დაკავშირებით საუკუნეების განმავლობაში არსებობდა სხვადასხვა მოსაზრება. შეთქმულების თეორიები ხშირი იყო შუა საუკუნეებში, როდესაც მაშინდელი მოღვაწეები საკუთარ შეცდომებსა თუ არასწორ გადაწყვეტილებებს მოგონილ მტერს აბრალებდნენ. შუა საუკუნეებში შეთქმულების თეორიები იყო ალქაჯებზე, ჯადოქრებზე, შემდეგ მასონებსა და ილუმინატებზე, მოგვიანებით ანტისემიტური განწყობაც დაემატა ამ შეთქმულების თეორიებს. დასავლეთის კოლექტიურ მტრად მოაზრება განსაკუთრებით გააქტიურდა საბჭოთა კავშირის პერიოდში. თუმცა ჩრდილოვან მმართველობასა და ასეთ კონსპირაციულ თემებზე საუბარი კვალვაც გრძელდება და რუსეთის ხელში მსგავსი შეხედულებების გავრცელება ერთგვარ იარაღადაც კი იქცა.
რუსულ პროპაგანდას ორი სამიზნე – გარე და შიდა აუდიტორია ჰყავს. კრემლი შიდა აუდიტორიის კონსოლიდაციის მიზნით პროპაგანდის სხვადასხვა მიმართულებიდან სწორედ დასავლეთის დემონიზებას იყენებს, რომ რუსეთს ეწინააღმდეგებიან გარე ძალები, ქმნიან მტრის ხატს, რომელსაც ებრძვის რუსეთი, რომ ეს წმინდა ომია. ის ამ ყველაფრის მისაღწევად კრიტიკული აზროვნების შესუსტებასაც ცდილობს. სწორედ ასეთი შეთქმულების თეორიებით კვებავს კრემლი საკუთარ მოქალაქეებს. თუმცა გარე ქვეყნების წინააღმდეგაც რუსული სპეცსამსახურები მსგავსად მოქმედებენ. ქმნიან ახალი მტრის ხატს. ამით რუსული დანაშაულის ჩანაცვლებას ცდილობენ. ანუ პრობლემებიდან ეტაპობრივად ქრება რუსეთის ფაქტორი და შემოდის ახალი საფრთხე, რომელსაც ებრძვის რუსეთი. თავად მოძალადე ცდილობს, მოირგოს მაშველის ნიღაბი. გლობალური ომის პარტია, „დიფ სთეითი“ სწორედ ის ახალი მტრის ხატია, რომლის წევრადაც რუსეთი არსად იხსენიება. მეტიც გლობალურ ომის პარტიაში მოიაზრება კრემლის ყველა მოწინააღმდეგე. იკვეთება ორი მიზანი – ერთი დასავლეთის დემონიზება და მეორე – დემონებთან მებრძოლი კრემლის წარმოჩენა. და ეს იმ დროს, როდესაც არაერთმა ქვეყანამ იწვნია რუსული აგრესია საკუთარ თავზე – მათ შორის საქართველომ 2008 წელს.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში რუსეთის ჰიბრიდული ომის დეტალებზე „ჯეოქეისის“ მკვლევარმა და ყოფილმა დიპლომატმა ნიკოლოზ ხატიაშვილმა ისაუბრა.
