ომის შედეგად განადგურებულ ღაზის სექტორში მცხოვრებ, იძულებით გადაადგილებულ პალესტინელებს აღარ აქვთ იმედი, რომ აღდგენის პროცესი მალე დაიწყება. მძიმე ჰუმანიტარული ვითარების ფონზე მათ კვლავ ნანგრევებს შორის კარვებში უწევთ ცხოვრება, რადგან არ აქვთ წვდომა შესაბამის ინფრასტრუქტურასა თუ მასალებზე, რომ საცხოვრებელი პირობები გაიუმჯუბესონ.
„თუ ღაზის სექტორს დააკვირდებით, ის სავსეა კარვების ბანაკებით. შეხედეთ ამ ბანაკებს. მე მათ უბნების საფლავებს ვუწოდებ. ფართო და უზარმაზარ ტერიტორიებზე გაშლილი კარვები თეთრი, ლურჯი და შერეული ფერისაა. აქ ხალხი შვილებთან ერთად ცხოვრობს. თუ კარვებში შეხვალთ, ნახავთ, რა პირობებიცაა. არ არის არც საწოლები, არც საპირფარეშოები თუ სამზარეულოს ჭურჭელი. ყველა რეკონსტრუქციას ელოდება“. - ამბობს ჯაბალიიდან იძულებით გადაადგილებული პირი, ეისა ხედრი.
„ქუჩაში სიარული და ნგრევის მასშტაბის დანახვაც კი ფსიქოლოგიურად ძალიან მოქმედებს. ჩვენ არ გვაქვს იმედი, რომ სწრაფად აღადგენენ ღაზას. ამის არანაირი იმედი არ არსებობს“. - აცხადებს ღაზის მკვიდრი, ხალედ მასუდი.
ღაზიდან გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს ნგრევის მასშტაბი. უზარმაზარი ტერიტორიები დაფარულია ნარჩენების უზარმაზარი გროვებითა და დანგრეული შენობებით.
ზოგიერთი ფიქრობს, რომ მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა მეორეხარისხოვანი გახდა ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის მიერ წამოწყებული სამხედრო კამპანიის შემდეგ.
გაეროს განვითარების პროგრამაში ამბობენ, რომ ისინი 2026 წელს ღაზის სექტორიდან ერთი მილიონი ტონა ნანგრევის გატანას გეგმავენ, თუმცა დასძენენ, რომ ამისთვის საჭიროა საწვავსა და ტექნიკაზე ჰქონდეთ წვდომა. გაეროში ვარაუდობენ, რომ ანკლავში ჯამში 61 მილიონი ტონა ნანგრევია. დასუფთავების პროცესი დაწყებულია, როგორც გაეროში ამბობენ, რეგიონში დიდი სამუშაოა ჩასატარებელი.
„დღეის მდგომარეობით, ჩვენ შევაგროვეთ 500 000 ტონა ნანგრევი. ეს აისბერგის წვერია. ღაზაში დღეის მდგომარეობით 61 მილიონი ტონა ნანგრევი გვაქვს. ეს უზარმაზარი მოცულობაა“. - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის ღაზის ოფისის ხელმძღვანელმა, ალესანდრო მრაკიჩმა.
მრაკიჩის თქმით, გაეროს განვითარების პროგრამის თანამშრომლები გზის შესაკეთებლად თავშესაფრებისა და წყლის ჭებამდე მისასვლელი ბილიკებისთვის შეგროვებულ ნარჩენებს იყნებენ და, ამავდროულად, რეკონსტრუქციის დროს მათი ხელახლა გამოყენების ახალ გზებს ეძებენ.
ჯერ კიდევ ძალაშია გასული წლის ოქტომბერში გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის მყიფე შეთანხმება, თუმცა ღაზაში მცხოვრებ პალესტინელებს ჯერ კიდევ არ აქვთ შესაბამისი წვდომა სათანადო თავშესაფარზე, ელექტროენერგიაზე, წყალზე. ბევრი მათგანს არც საკმარისი საკვები აქვს.
