ახლო აღმოსავლეთში ომი უკვე მე-14 დღეა გრძელდება. შეერთებული შტატების განცხადებით, მან ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანის 16 დამნაღმველი ხომალდი გაანადგურა. აშშ-მ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც თეირანმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს ნავთობის ტრანზიტს იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც მის წინააღმდეგ მოქმედებენ.
ვაშინგტონის ინფორმაციით, ირანი გეგმავდა ჰორმუზის სრუტის დანაღმვას, რომლის გავლითაც მსოფლიოში წარმოებული ნავთობის დაახლოებით მეხუთედი გადის. ამერიკის სამხედრო ძალებმა პრევენციული ზომები მიიღეს და ირანის ხომალდები გაანადგურეს.
ამავდროულად, ირანი აგრძელებს საპასუხო მოქმედებებს. თეირანმა ისრაელისა და სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით დრონებითა და რაკეტებით მიიტანა იერიში. ირანის თავდასხმების შესახებ ცნობები გავრცელდა საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარსა და ქუვეითში, სადაც ასევე განთავსებულია ამერიკული სამხედრო ბაზები.
კონფლიქტი მძიმედ აისახა ლიბანზეც. ისრაელის არმია ყოველდღიურად აგრძელებს თავდასხმებს „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე. ლიბანის ხელისუფლების განცხადებით, ისრაელის ბოლო იერიშებს შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათეულობით კი დაშავდა.
გაერო ასევე საუბრობს ჰუმანიტარულ კრიზისზე. ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ისრაელის თავდასხმების შედეგად ლიბანში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ დაახლოებით 667 ათასს მიაღწია.
პენტაგონის მონაცემებით, ირანის შეტევების შედეგად რეგიონში განლაგებული ამერიკული სამხედრო ძალებიდან დაღუპულია შვიდი სამხედრო, 140 კი დაჭრილია.
ქუვეითის განცხადებით, მათ ირანის რვა დრონი ჩამოაგდეს, ხოლო საუდის არაბეთმა გაანადგურა ხუთი უპილოტო აპარატი, რომლებიც შაიბას ნავთობის საბადოსკენ მიფრინავდნენ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ბრძოლას გააგრძელებს მანამ, სანამ ირანი და მისი მოკავშირე დაჯგუფებები ქვეყანას საფრთხეს უქმნიან.
დონალდ ტრამპის შეფასებით, ერთობლივი ოპერაციები წარმატებით მიმდინარეობს. მისი თქმით, კონფლიქტი მალე დასრულდება.
