კატეგორიები

ისრაელი ლიბანში „ჰეზბოლას“ პოზიციებს ურტყამს, ირანი - სპარსეთის ყურის ქვეყნებზე იერიშებს არ წყვეტს

ისრაელი ლიბანში „ჰეზბოლას“ პოზიციებს ურტყამს, ირანი -  სპარსეთის ყურის ქვეყნებზე იერიშებს არ წყვეტს
Copyright AP
გასული დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ომის არეალი და მასშტაბი დღითიდღე იზრდება.

ირანის გარდა, ისრაელი სამხედრო მოქმედებებს აწარმოებს ისლამურ ქვეყანასთან დაკავშირებულ მარიონეტულ დაჯგუფებებთან, როგორიცაა, მაგალითად, ლიბანში დამკვიდრებული ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლა“.

მეზობელი ქვეყნის სამხრეთით ისრაელმა გაზარდა როგორც სამხედროების, ისე საბრძოლო ტექნიკის რაოდენობა; ლიბანის დედაქალაქზე კი ფაქტობრივად არ წყვეტს იერიშებს.

თელ–ავივი აცხადებს, რომ დარტყმებამდე ისრაელმა მოუწოდა ადგილობრივებს, დაემორჩილნენ სამხედროებს, დაეტოვებინათ ტერიტორია და შედარებით უსაფრთხო ადგილზე გადაენაცვლათ.

„ღამით ჩვენ ბეირუთში, ‚ყუდსის‘ ძალების წინააღმდეგ ვიმოქმედეთ და მათზე იერიშები მივიტანეთ. გეუბნებით, რომ ახლო აღმოსავლეთში, არც ბეირუთში და არც სხვაგან, ბოროტების ირანული შტოებისთვის უსაფრთხო ადგილი არ არსებობს“, — განაცხადა ისრაელის არმიის შტაბის უფროსმა ეიალ ზამირმა.

ბეირუთზე ერთ-ერთი ბოლო დარტყმის შედეგად თითქმის სრულად განადგურდა ირანთან დაკავშირებული ერთ-ერთი სამეთაურო შტაბი, თუმცა ლიბანის სხვა ნაწილებში სამიზნეებად იქცა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც, რის შედეგადაც დაღუპულთა რაოდენობა, სულ მცირე, 20-ს აღწევს.

„ისრაელელთა მხრიდან სახიფათო ესკალაციას ვაკვირდებით — თავდასხმების რაოდენობის ზრდასთან ერთად სამიზნეები არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, განსაკუთრებით ბავშვები და ქალები. მასობრივი ხოცვა-ჟლეტა მიმდინარეობს.

ამჟამად დაღუპულია 394 ადამიანი, მათ შორის, სამწუხაროდ, 83 ბავშვი და 42 ქალი. დაშავდა 1 130 პირი, მათ შორის 254 ბავშვი და 274 ქალი. ციფრები ყველაფერს ამბობენ. ეს არიან თავდასხმის სამიზნეებად ქცეული ოჯახები — მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები და ქალები.

ეს სასტიკი ძალადობაა და წარმოადგენს ჟენევის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო ნორმების სერიოზულ დარღვევას. პირდაპირი თავდასხმების სამიზნეებად ქცეულია სამედიცინო ბრიგადები და სასწრაფო დახმარების მანქანები.

ეს მიუღებელია და ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ ჩვენს პოზიციებზე. ასე ვერ გაგრძელდება“, — განაცხადა ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა რაკან ნასერედინმა.

იერიშებს არ წყვეტს თეირანიც. ირანის პრეზიდენტის დაპირების მიუხედავად, რომლის მიხედვითაც ისლამური ქვეყანა აღარ დაირტყამდა მეზობელ სახელმწიფოებს, სპარსეთის ყურის ქვეყნები კვლავ სამიზნეებად რჩებიან.

ირანი ამტკიცებს, რომ მათი თავდასხმები მიზნად ისახავს მხოლოდ აშშ-სა და ისრაელს დაკავშირებულ სტრატეგიულ ობიექტებს.

„არაერთხელ გვითქვამს და ეს იყო უზენაესი ლიდერის განზრახვაც, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს მივიჩნევთ მოძმე სახელმწიფოებად და რომ ჩვენი ურთიერთობები უნდა იყოს მტკიცე. თუმცაღა საქმე ასეა: თუ რომელიმე ქვეყანა ჩვენს ტერიტორიას ესხმის თავს, რა თქმა უნდა, იძულებული ვიქნებით ვუპასუხოთ“, — თქვა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა.

მისი სიტყვების ფონზე ირანული უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმების მორიგი ტალღის შედეგად 8 მარტის ღამით ქუვეითის დედაქალაქში ერთ-ერთი ცათამბჯენი დაიწვა, სადაც, წინასწარი ვერსიით, არც ისრაელის და არც აშშ-ის სტრატეგიული ობიექტები არ იყო განლაგებული. მსგავს შემთხვევებს სპარსეთის ყურის ქვეყნები მკაცრად გმობენ და ირანის მხრიდან განხორციელებულ შეტევებს ღალატად აჯამებენ.

„სამწუხაროდ, ირანი იყენებს გარკვეულ საბაბს კატარისა და სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ თავდასხმების გასამართლებლად, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

ეს უდიდესი ღალატია, რომელსაც უკვე მეორედ განვიცდით. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ვიხილეთ წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა.

ომის დაწყებიდან დაახლოებით ერთ საათში კატარი და სპარსეთის ყურის სხვა სახელმწიფოები გახდნენ თავდასხმის სამიზნე, მაშინ როცა ომის დაწყებამდე ჩვენ განვაცხადეთ, რომ მეზობლების წინააღმდეგ სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობას არ მივიღებდით.

მშვიდობიანი სამეზობლოს ვეცნობით. ვეცოდით ირანსა და ამერიკას დიპლომატიური გზით საკითხის გადაწყვეტაში, მაგრამ სპარსეთის ყურის ქვეყნების მიმართ თავდასხმებმა ყველაფერი დაანგრია“, — განაცხადა კატარის პრემიერ-მინისტრმა შეიხ მოჰამედ ბინ აბდულარხამან ალ ტანიმ.

კატარის მსგავსად, ირანული დარტყმების სამიზნედ ქცეული სხვა სახელმწიფოებიც საუბრობენ პასუხის ლეგიტიმურ უფლებაზე, თუმცა დასძენენ, რომ ასეთ ნაბიჯს არ აპირებენ — სამხედრო დაპირისპირების გაცილებით დიდი მასშტაბების თავიდან ასაცილებლად, რადგან ეს შესაძლოა შეუქცევად პროცესებს დაადგეს სათავეს.

Related news
ისრაელი ლიბანში „ჰეზბოლას“ პოზიციებს ურტყამს, ირანი - სპარსეთის ყურის ქვეყნებზე იერიშებს არ წყვეტს ირანის ახალი უზენაესი ლიდერი ალი ხამენეის ვაჟი იქნება