„პრეზიდენტი თვლიდა, რომ ირანი პირველი დაარტყამდა შეერთებულ შტატებს. ეს განცდა ფაქტებს ეფუძნებოდა“, — ამბობს თეთრი სახლის პრესსპიკერი და იმასაც ამატებს, რომ დონალდ ტრამპი „არაფერს იგონებს“. ასეთია ქეროლაინ ლევიტი-ს პასუხები იმის შესახებ, თუ რაზე დაყრდნობით მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისრაელთან ერთად ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება.
„პრეზიდენტმა გუშინ პირველად თქვა, რომ ირანზე დარტყმის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ სჯეროდა — ირანი შვიდ დღეში დაარტყამდა ამერიკულ სამიზნეებს. შემდეგ კი თქვა, რომ ეს შესაძლოა სამ დღეში მომხდარიყო. საიდან მიიღო მან ეს ინფორმაცია?“ — ჰკითხეს თეთრი სახლის პრესსპიკერს.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტმა თქვა, რომ ოპერაცია „ეპიკური რისხვა“ დაიწყო, რადგან თვლიდა, რომ ირანი პირველი დაარტყამდა შეერთებულ შტატებსა და ჩვენს აქტივებს რეგიონში. ეს განცდა ფაქტებს ეყრდნობოდა — ფაქტებს, რომლებიც მას მიაწოდეს მისმა მთავარმა მომლაპარაკებლებმა, რომლებიც ირანის რეჟიმს კეთილსინდისიერად ელაპარაკებოდნენ.
რეჟიმი იტყუებოდა, ამერიკის შეერთებულ შტატებს შეცდომაში შეჰყავდა და აშკარად ცდილობდა ბირთვული პროგრამის გაგრძელებას, რათა შეექმნა ბომბი, რომელიც, რა თქმა უნდა, საფრთხეს შეუქმნიდა შეერთებულ შტატებს. ასევე ბალისტიკური რაკეტების არსენალს ყოველთვიურად ისეთი სისწრაფითა და აგრესიულობით ზრდიდნენ, რომ მივიდოდნენ ეტაპამდე, როცა იმუნიტეტი ექნებოდათ და პრეზიდენტი ტრამპი ამ დაუჯერებლად წარმატებული ოპერაციის დაწყებას ვეღარ შეძლებდა“, — უპასუხა ქეროლაინ ლევიტმა.
„მაგრამ არც ამერიკის შეერთებული შტატების და არც ისრაელის ლიდერები მსგავს განცხადებებს არ აკეთებენ. ნიშნავს ეს იმას, რომ ტრამპი ამას იგონებს, რათა ომის დაწყების გადაწყვეტილება გაამართლოს?“ — ჰკითხა ჟურნალისტმა თეთრი სახლის პრესსპიკერს.
მან კი პასუხად თქვა:
„პრეზიდენტი არაფერს იგონებს. ის ყოველდღიურად აფასებს სიტუაციას სადაზვერვო მონაცემებზე, ფაქტებზე და იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მან და მისმა მომლაპარაკებლებმა დააგროვეს გასული წლის განმავლობაში ირანის თაღლით რეჟიმთან მოლაპარაკებების პროცესში.“
ქეროლაინ ლევიტმა უპასუხა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინი-ს შორის სატელეფონო საუბართან დაკავშირებულ შეკითხვასაც, თუმცა არ განუმარტავს, როგორ წარმოუდგენია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომ რუსეთი, რომელიც ირანის რეჟიმს „ურყევ მხარდაჭერას“ უცხადებს, შესაძლოა ამ ომში ვაშინგტონისთვის „სარგებლის მომტანი“ იყოს.
„როგორც პრეზიდენტმა გუშინ თქვა, ვლადიმერ პუტინმა უთხრა, რომ მას ახლო აღმოსავლეთში დახმარება სურდა. კრემლი-მ გაავრცელა განცხადება, რომელშიც პუტინი ამბობს: „მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი ურყევი მხარდაჭერა თეირანისადმი და სოლიდარობა ირანელი მეგობრების მიმართ“. რას ფიქრობს პრეზიდენტი — როგორ შეიძლება რუსეთი „გამოსადეგი“ იყოს, თუ არა ირანის დახმარებით? ასევე დააყენა თუ არა პრეზიდენტმა პუტინის წინაშე საკითხი რუსეთის მიერ ამ ომში სადაზვერვო ინფორმაციის ირანისთვის გაზიარებასთან დაკავშირებით?“ — ჰკითხეს ქეროლაინ ლევიტს.
„როგორც პრეზიდენტმა და მისმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფი-მაც თქვეს, რუსეთს, რა თქმა უნდა, გაუგზავნეს მესიჯი, რომ თუ მსგავსი რამ ხდება, ეს მათთვის მიუღებელია. მათ იმედი აქვთ, რომ ასე არ არის. რაც შეეხება ორი ლიდერის საუბრის სხვა დეტალებს, ამას თავად პრეზიდენტს დავუტოვებ, თუკი ის კიდევ რამის გამჟღავნებას გადაწყვეტს“, — განაცხადა მან პასუხად.
პარალელურად, თელ-ავივი-ში ომის დაფინანსების გაზრდაზე საუბრობენ. პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ დაფინანსება ათობით მილიარდი შეკელით უნდა გაიზარდოს. ქვეყნის ფინანსთა მინისტრი კი ამბობს, რომ ეს არა ხარჯი, არამედ ინვესტიციაა.
„ჩვენ ვართ კამპანიაში სასტიკი მტრის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენი განადგურება სურს. ოპერაცია „აღმავალი ლომის“ ფარგლებში ჩვენ მათი ბირთვული და ბალისტიკური შესაძლებლობები გავანადგურეთ. ამის შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ გაკვეთილი ესწავლათ, აღდგენა და მიწის ქვეშ დამალვა სცადეს, რათა მათი მიზანში ამოღება აღარ შეგვძლებოდა.
ამიტომ ეჭვგარეშეა — ამ კამპანიის დაწყება აუცილებელი იყო. და ჩვენ კიდევ უფრო ძლიერად ვმოქმედებთ ჩვენს გმირ ჯარისკაცებსა და მფრინავებთან ერთად.
თუმცა აქ ერთი დიდი „მაგრამ“ არსებობს: ამას ფული სჭირდება — ძალიან ბევრი ფული. ამიტომ ომის დროს საჭიროა სპეციალური ბიუჯეტის გამოყოფა — ათობით მილიონი… უკაცრავად, ათობით მილიარდი შეკელი, რათა ომის მხარდასაჭერად თავდაცვის ბიუჯეტს დაემატოს. მიხარია, რომ ფინანსთა მინისტრი ამ მნიშვნელოვან მისიაში ჩვენს გვერდით დგას“, — განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ირანის რეჟიმის წინააღმდეგ ვაშინგტონისა და თელ-ავივის სამხედრო კამპანია უკვე მე-11 დღეა გრძელდება. როგორც ისრაელი-ს, ისე აშშ-ს პოზიციაა, რომ სამხედრო ოპერაცია მოკავშირეთა მიზნების მიღწევამდე გაგრძელდება.
