მთავარისაქართველოგამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის

გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის

„ეს წელი იყო წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, გამოწვევებით სავსე იყო წლის დასაწყისი, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და ეს იყო თითოეული თქვენგანის ძალისხმევის შედეგი…“ – 2025 წლის ბოლო მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ასე შეაფასა განვლილი წელი – წელი, რომლის არც ერთ დღეს საქართველოში პროტესტის გარეშე არ ჩაუვლია.

ქვეყნის შიდაპოლიტიკური დღის წესრიგიც მეტწილად ქუჩაში მიმდინარე უწყვეტმა აქციებმა განსაზღვრა, რამაც „ქართულ ოცნებას“ არაერთი შეზღუდვის დაწესებისკენ უბიძგა.

გასული წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ წინააღმდეგობის გარეშე, დაჩქარებული წესით დაამტკიცა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული არაერთი საკანონმდებლო ცვლილება.

საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე, მმართველი პარტიის ინიციატივით, 15-დან 60 დღემდე გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა, დემონსტრაციებზე აიკრძალა სახის დაფარვა, პიროტექნიკის, ლაზერებისა და სხვა ტიპის მანათობელი საშუალებების გამოყენება. გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის ჯარიმის რაოდენობა გაათმაგდა და 5 000 ლარი გახდა, რომლის გადახდა ასობით მოქალაქის გარდა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ და უწყვეტ აქციაზე მისულ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელინა ვალტონენსაც დაეკისრა.

მოგვიანებით, ხელისუფლებამ აქციაზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვისა“ და პირბადის ტარებისთვის, დაჯარიმების ნაცვლად, მოქალაქეთა 15 დღემდე დაპატიმრება დაიწყო. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი, „ქართულმა ოცნებამ“ ერთ წლამდე პატიმრობა განსაზღვრა. მოგვიანებით, პასუხისმგებლობის ეს ფორმა არამხოლოდ საავტომობილო გზის მონაკვეთის გადაკეტვაზე, არამედ საფეხმავლო ბილიკის დაკავებაზეც გავრცელდა, შეკრება-მანიფესტაციების ჩატარება კი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი ნებართვის მიღების გარეშე აიკრძალა.

წლის დასაწყისში გასამართ ერთ-ერთ მასშტაბურ აქციამდე რამდენიმე დღით ადრე, მთავრობის დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალი, დედაქალაქში შესასვლელ-გასასვლელი გზების ჩათვლით, სტრატეგიული ობიექტების ნუსხას დაექვემდებარა, მათი ბლოკირება კი სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა.

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ არაერთი შეზღუდვა დააწესა, რომელიც, პირდაპირ თუ ირიბად, ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს უკავშირდებოდა.

ადმინისტრაციულ კოდექსს დაემატა ახალი მუხლი, რომლის თანახმადაც, 4 000 ლარამდე ჯარიმით ან 45 დღემდე პატიმრობით გახდა დასჯადი საჯარო მოხელის ან პოლიტიკური თანამდებობის პირის საქმიანობის გამო შეურაცხყოფა საჯარო სივრცეში. საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებისთანავე, სასამართლო დარბაზებში დაიწყო საქმეების განხილვა, სადაც სამოქალაქო აქტივისტებს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტის ან კომენტარის გამო, პოლიტიკოსის შეურაცხყოფას ედავებოდნენ.

ადგილობრივი უფლებადამცველებისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა დაიმსახურა მმართველი პარტიის მიერ მიღებულმა „უცხოეთის რეგისტრაციის შესახებ აქტმა“, რომელმაც ერთი წლით ადრე, მასშტაბური პროტესტის ფონზე მიღებული ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონი ჩაანაცვლა და რომელსაც „ქართული ოცნება“ ამერიკული ე.წ. „ფარას“ „სიტყვა-სიტყვით თარგმანს“ უწოდებს.
მთავრობის ნებართვის გარეშე შეიზღუდა საერთაშორისო გრანტების მიღება, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კი, ქვეყანაში ჩამოსვლის გარეშე, შეეზღუდათ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. ემიგრაციაში მყოფ მილიონზე მეტ თანამემამულეს, ახალი „საარჩევნო კოდექსით“ უარი ეთქვა 4 წელიწადში ერთხელ საარჩევნო უბნების გახსნაზე.

განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა ეს წელი სასამართლოსთვის.

განაჩენები გამოცხადდა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციებისას, სხვადასხვა მუხლით დაკავებულთა საქმეებზე. ბრალის გადაკვალიფიცირების მიუხედავად, ისინი ახალ წელს მაინც პენიტენციურ დაწესებულებაში ხვდებიან, ისევე როგორც ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელმაც 2025 წელს, თავის ბელარუს კოლეგასთან ერთად, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო მიიღო.

ამ პროცესებმა და მათმა გაშუქებამ საზგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ამ ყველაფერს კი მოგვიანებით „ქართული ოცნების“ მიერ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში მიღებული ცვლილებები მოჰყვა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნებართვის გარეშე, კამერებისთვის არამხოლოდ სასამართლოს, არამედ მისი ეზოს კარიც დაიხურა – კარი, რომელიც მედიას თავად „ქართულმა ოცნებამ“ 2013 წელს, საჯაროობის პრინციპის უზრუნველყოფის მიზნით გაუხსნა. ფოტო-ვიდეო გადაღებაზე დაწესებული შეზღუდვის არგუმენტი იყო ის, რომ პროცესებზე ხშირად ხდებოდა „სამართალდამცავი ორგანოების დისკრედიტაცია“. მაშინ იურისტებმა მოქმედი ხელისუფლების გადაწყვეტილება წინა ხელისუფლების ანალოგიურ გადაწყვეტილებასთან გააიგივეს.

2025 წელს ბევრი რამ შეიცვალა ქვეყნის შიდაპოლიტიკურ ველზეც. ისინი, ვინც 1 წლით ადრე პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად იყვნენ ჩართული, რამდენიმე თვით გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ. პარლამენტში, „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის „მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის“. ამასთან, საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ, ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ თაროზე დევს საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წლის 6 ნოემბერს აღძრული ახალი საქმეები, სადაც მათ ედავებიან „საბოტაჟის“ მოწყობას, „მტრულ საქმიანობაში დახმარებასა“ და „კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლას“.

საგამოძიებო უწყების ამ გადაწყვეტილებასთან ერთად, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა კიდევ ერთი წინასაარჩევნო დაპირების შესრულება და ოპოზიციური პარტიების ნაწილის არაკონსტიტუციურად გამოცხადება, რისთვისაც საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

პროკურატურის მიერ წარმოებულ ამ საქმეში არ მოხვდა, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თანაგუნდელების ორივეჯერ დაბარებას თანხმობით უპასუხა, თუმცა დაუსჯელი მაინც არ დარჩა ექსპრემიერი გიორგი გახარია. გერმანიაში, პოლიტიკურ დევნილობაში მყოფ ყოფილ მაღალჩინოსანს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა „2019 წლის 20 ივნისის“ და ე.წ. „ჩორჩანას საგუშაგოს“ საქმეეზე, რომლებიც საპარლამენტო კომისიის კვლევის საგანი იყო.

ლიდერის წინააღმდეგ აღძრული საქმეების მიუხედავად, გიორგი გახარიას პარტიამ ჯერ „ლელოს“ კოალიციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა და ქუჩის პროტესტს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არჩია, შემდეგ კი ერთწლიანი პოლიტიკური ბოიკოტი შეწყვიტა და 12 მანდატით საკანონმდებლო საქმიანობას შეუდგა იმ პარლამენტში, რომლის ლეგიტიმაციას ჯერაც არ აღიარებს. ექსპრემიერის გუნდის განცხადებით, გადაწყვეტილება მიიღეს იმის გათვალისწინებით, რომ ვეღარ ხედავდნენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკასთან ქუჩის პროტესტის მეშვეობით ბრძოლის პერსპექტივას. ამ ნაბიჯით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთი წლისთავზე გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებული, პროდასავლურად განწყობილი ოპოზიციური ფლანგი კვლავ ორ სხვადასხვა ფრონტად გაიყო.

4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად „ქართული ოცნება“ ჯერ ეუთო/ოდირის „შეწუხებას“ არ აპირებდა, მოგვიანებით კი მაინც მოიწვია, თუმცა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ დაგვიანებული მოწვევისა და შეზღუდული ვადების გამო, სადამკვირვებლო მისიას ვეღარ გამოგზავნიდა, რასაც „ქართულ ოცნებაში“ „უსაფუძვლო მიზეზი“ უწოდეს.

მათ კი, ვისაც ქუჩის პროტესტი პოლიტიკური ცვლილებების ერთადერთ სწორ გზად მიაჩნდა, 4 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე, „საერთო სახალხო კრების“ ჩასატარებლად შეიკრიბა. ვიდრე „ქართული ოცნება“ პარტიის ცენტრალურ ოფისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობდა, კახა კალაძეს კი თბილისის მერად მესამე ვადით არჩევას ულოცავდნენ, „საერთო სახალხო კრების“ ორგანიზატორებმა აქციის მონაწილეებს პრეზიდენტის რეზიდენციასთან გადასვლისკენ მოუწოდეს. მას შემდეგ, რაც ათონელის ქუჩაზე დემონსტრანტები მივიდნენ, ადგილზე ვითარება მალევე დაიძაბა. მოქალაქეების ნაწილმა პრეზიდენტის სასახლის ღობე დააზიანა და ეზოში შეიჭრა. სპეციალური დანიშნულების რაზმმა მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. „წიწაკის სპრეი“ გამოიყენეს. თბილისის ქუჩებში კვლავ გაისმა პროტესტთან დაკავშირებული ცნობილი ხმოვანი შეტყობინება.

4 ოქტომბრის მოვლენებს შედეგად მხოლოდ აქციებისას დაკავებულთა რაოდენობის ზრდა მოჰყვა. იმავე საღამოს დააკავეს საინიციატივო ჯგუფ „რუსთაველის გამზირის“ ხუთივე წევრი – პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე და ირაკლი ნადირაძე. 25 დეკემბერს კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორად“ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დაასახელა, რომელიც, უწყების ვერსიით, ქუჩაში მიმდინარე პროცესებს „ინტერნეტ-აპლიკაციების მეშვეობით ხელმძღვანელობდა.“

მესამედ დაბრუნების პერსპექტივით, პოლიტიკიდან მეორედ წავიდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც რამდენიმე თვეში პროკურატურამ კორუფციულ დანაშაულში დასდო ბრალი. ამავე ბრალდებით, 2025 წლის 18 ოქტომბერს უწყებამ მისი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ყოფილი გენპროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელი სახლები გაჩხრიკა, თუმცა საგამოძიებო უწყების რუსეთში მყოფი ყოფილი ხელმძღვანელის შემთხვევაში, 2025 წლის 29 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამართალწარმოება ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების საქმესთან დაკავშირებით დაიწყო.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში 2025 წლის პირველ ნახევარში დაწყებული საკადრო ცვლილებები რიგ შემთხვევებში ყოფილი მაღალჩინოსნებისა და მათი გარემოცვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის მომასწავებელი იყო.

ყოფილი თანაგუნდელების სახლების ჩხრეკა და მათ მიმართ დაწყებული სამართალწარმოება ხელისუფლებამ „კორუფციასთან შეურიგებელ ბრძოლად“ შეაფასა. „განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ ლეგალიზების“ საქმეზე ბრალდებულთა სიაში მოხვდნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მისი გარემოცვა, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის მოადგილე კობა გაბუნია, რომელიც წლის ბოლოს პატიმრობიდან ნახევარმილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

თანამდებობებზე აღარ არიან ის პირებიც, რომლებსაც ადამიანის უფლებების დარღვევის მიზეზით რამდენიმე ქვეყანამ ფინანსური და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კი წლის დასაწყისში ღირსების ორდენები გადასცა. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გელა გელაძემ ვახტანგ გომელაური შეცვალა, რომელმაც გადადგომის შესახებ საჯარო მიმართვა გაავრცელა და „ქვეყნისთვის გარდამტეხი ცვლილებების მომტანი ბრძოლისთვის მონაწილეობაში“ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელად კი, ზვიად ხარაზიშვილის ნაცვლად რომან ქარცივაძე დაინიშნა. წლის ბოლოს „ბი-ბი-სის“ მიერ მომზადებული საგამოძიებო მასალის გამოქვეყნების შემდეგ, ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გაჩნდა არაერთი კითხვა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე სავარაუდოდ ქიმიური საშუალების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ „ცილისწამება“ უწოდა, სუს-მა კი ოთხდღიანი გამოძიებით აკრძალული ნივთიერებების გამოყენება გამორიცხა. ოპონენტებისთვის დღის წესრიგში კვლავ რჩება საერთაშორისო გამოძიების ჩატარების მოთხოვნა, რისთვისაც მათ გაეროს, ევროკავშირის, ეუთოსა და ევროსაბჭოს შესაბამის ინსტიტუტებს მიმართეს.

ერთ წელიწადში ორჯერ შეიცვალა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. უწყება ჯერ ანრი ოხანაშვილმა ჩაიბარა, 4 თვეში კი „ქართულმა ოცნებამ“ მის ადგილმონაცვლედ მამუკა მდინარაძე წარადგინა, რომელიც მანამდე პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას იკავებდა.

ძალოვან უწყებებში საკადრო ცვლილებები მმართველმა პარტიამ „სისტემური დანაშაულების მინიმუმამდე დაყვანის“ არგუმენტით ახსნა.

„ქართული ოცნების“ „ერთგულ ჯარისკაცად დარჩენის“ დაპირებით, „სიახლისა და არაერთი დიდი გამარჯვების“ იმედით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის მეშვიდე წელს, „ფეისბუკ“ პოსტით გადადგა თორნიკე რიჟვაძე, რომელმაც გადადგომიდან ოთხ თვეში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს იმდროინდელი დირექტორის, ალექსი ახვლედიანის სახლში სტუმრად ყოფნისას, მასპინძლის იარაღით თვითმკვლელობა სცადა. ყოფილი მაღალჩინოსანი სამკურნალოდ ჯერ თბილისში, შემდეგ თურქეთში, ახლა კი გერმანიაში გადაიყვანეს. საქმის დეტალები კვლავ ბუნდოვანია, ისევე როგორც იმ წერილის შინაარსი, რომელიც, გამოძიების ვერსიით, სამედიცინო პერსონალმა თორნიკე რიჟვაძის ტანსაცმელში იპოვა და სადაც სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზად დასახელებულია მის მიმართ ბრალდებები „კორუფციასა და ბარიგების მფარველობაში“.

2025 წლის 29 იანვარს, საქართველოს დელეგაციამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ბოიკოტი გამოუცხადა, ხელახალი არჩევნებისა და აქციებისას დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით მიღებული რეზოლუციის საპასუხოდ. ხელისუფლების ოპონენტებმა „ქართული ოცნების“ ეს ნაბიჯი ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის პირველ გზავნილად აღიქვეს, რასაც მომდევნო თვეებში მოჰყვა საქართველოს გამოთიშვა ისეთი მნიშვნელოვანი დიპლომატიური პლატფორმებიდან, როგორებიცაა დავოსის ეკონომიკური ფორუმი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, ევროკავშირის გაფართოების შესახებ შეხვედრა და შავი ზღვის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი.

ორმხრივი დიალოგის მზაობის მიუხედავად, ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის დიალოგის პერსპექტივაც ჯერაც არ ჩანს.

მმართველი პარტიის წარმომადგენელთა პოლიტიკურ ლექსიკონში გასულ წელს ახალი ტერმინი გაჩნდა – „ევრობიუროკრატები“, რომელსაც ისინი საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი ევროპელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ იყენებენ, ბრიუსელს კი შანტაჟსა და შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობებში სდებენ ბრალს. ბრიუსელის გარდა ამავე ბრალდებების სამიზნედ იქცნენ საქართველოში აკრედიტებული ევროპელი დიპლომატები, რომელთაგან გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწყებაში დაიბარა და „ვენის კონვენციის“ დარღვევაში დაადანაშულა. ამ რიტორიკის ფონზე, მმართველ პარტიაში კვლავ მიაჩნიათ, რომ პრობლემა ევროკავშირის პოლიტიკაშია, რომელიც, მათი მტკიცებით, „ფუნდამენტურ ღირებულებებს ჩამოსცილდა“.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველოსადმი გასულ წელს მწვავედ კრიტიკული შეფასება საქებარ გზავნილებს ბევრად აღემატებოდა, როგორც ზეპირი, ისე დოკუმენტური ფორმით. 
ბრიუსელმა უარყოფითად შეაფასა ქვეყნის საგარეო კურსის მკვეთრი ცვლილება და ანტიდემოკრატიული ქმედებები, რაც საბოლოოდ ევროკომისიის „გაფართოების შესახებ“ ანგარიშში აისახა, რომლის მიხედვითაც „საქართველო კანდიდატი სახელმწიფო მხოლოდ ფურცელზე დარჩა“. ამ დოკუმენტიდან პოზიტიური გზავნილების მოძებნა თავად ხელისუფლების წარმომადგენლებისთვისაც კი გაჭირდა, თუმცა ბრიუსელის მწვავე შეფასების ადრესატებმა ევროპის პოლიტიკური დედაქალაქის განცხადებებს მაინც უსამართლო, მიკერძოებული და სუბიექტური უწოდეს.

ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიღებიდან რვა წლისთავზე საქართველოს მოქალაქეები ამ პრივილეგიის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ბრიუსელიდან თბილისი არაერთხელ გააფრთხილეს, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის შემთხვევაში, ქვეყანა, შესაძლოა, კვლავ 2017 წლამდელ მოცემულობას დაუბრუნდეს, როდესაც შენგენის ზონაში 90 დღემდე ვადით შესასვლელად, ათობით საბუთით ხელში, ვიზის რიგში დგომა იყო საჭირო. ამ მხრივ საფრთხემ განსაკუთრებით იმატა 2025 წლის 30 დეკემბრიდან, როდესაც უვიზოდ მიმოსვლის შეჩერების განახლებული მექანიზმი ამოქმედდა.

ევროპულ სახელმწიფოებთან გაუარესებული დიპლომატიური ურთიერთობებისა და სამომავლოდ უკეთესი კავშირების აღდგენის იმედად მყოფმა ხელისუფლებამ საგარეო ვექტორი აღმოსავლეთისკენ გადახარა და აქცენტი გააკეთა რეგიონის ქვეყნებთან ეკონომიკურ, სავაჭრო და პოლიტიკურ თანამშრომლობის განვითარებაზე.

საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა საქართველოში არაბულ კომპანია „იგლ ჰილსთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების გაფორმებას, რომელიც ქვეყანაში 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოზიდვას გულისხმობს, თბილისსა და გონიოში მრავალფუნქციური კომპლექსების აშენებით. პროექტის განხორციელების მოწინააღმდეგეები კვლავ ითხოვენ საინვესტიციო ხელშეკრულების გასაჯაროებას.

ხელისუფლების ოპონენტებს შორის არაერთი კითხვის ნიშანი გააჩინა როგორც ქვეყნის საგარეო კურსის, ისე რუსეთთან დიპლომატიური კავშირების აღდგენის თაობაზე, პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთმა ბოლო საერთაშორისო ვიზიტმა, რომელიც თურქმენეთის ნეიტრალიტეტის გამოცხადების 30 წლისთავს უკავშირდებოდა, და სადაც ირაკლი კობახიძე ვლადიმერ პუტინთან ერთად ერთ მაგიდასთან მოხვდა. მაშინ მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ მოსკოვთან პოლიტიკური ურთიერთობების აღდგენას მის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიების საკითხი უშლის ხელს.

ურთიერთობების გადატვირთვა არც ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაოვიდა. ვაშინგტონთან, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობისას გაწყვეტილი სტრატეგიული პარტნიორობის აღსადგენად, არც თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების პირველი წელი აღმოჩნდა საკმარისი. „ქართული ოცნების“ გზავნილებსა და მზაობას, „ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყების“ შესახებ, ვაშინგტონი ჯერჯერობით დუმილით პასუხობს.

შიდა და საგარეოპოლიტიკური გამოწვევებით სავსე 2025 წლის შემდეგ, 2026 წელს „ქართული ოცნება“ იმედოვნებს, რომ გლობალურად არსებული ვითარება მკვეთრად შეიცვლება და აღდგება გაწყვეტილი დიალოგი თბილისსა და მის დასავლელ პარტნიორებს შორის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend