კატეგორიები

აშშ აცხადებს, რომ „ეპიკური რისხვის“ პირველი დღეები „ჯერ მხოლოდ დასაწყისი იყო“

აშშ აცხადებს, რომ „ეპიკური რისხვის“ პირველი დღეები „ჯერ მხოლოდ დასაწყისი იყო“
Copyright AP Photo
აშშ აცხადებს, რომ ოპერაციის ფარგლებში, სახელწოდებით „ეპიკური რისხვა“, გრძელდება ვაშინგტონისა და თელ-ავივის ერთობლივი, ინტენსიური დარტყმები ირანის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე.

პროცესში ჩართულია ათობით ავიაგამანადგურებელი და სამხედრო აღჭურვილობა, რომლებსაც, თეთრი სახლის თანახმად, იერიშები მიაქვთ ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლების შესაძლებლობების მინიმუმამდე დასაყვანად.

აშშ-ის ომის მდივნის, პიტ ჰეგსეტის თქმით, კონფლიქტის ზონაში ამერიკული სამხედრო შესაძლებლობები მეტად გაიზრდება და, მოწინააღმდეგის პოზიციებზე შეტევების თვალსაზრისით, გასული დღეები „ჯერ მხოლოდ დასაწყისი იყო“.

„ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ ფარგლებში სულ რაღაც რამდენიმე დღეში თქვენ და თქვენმა გუნდმა განახორციელეთ მხოლოდ დამანგრეველი, ზუსტი დარტყმები, გაანადგურეთ ირანის საზღვაო ფლოტის უმეტესი ნაწილი, გახადეთ ის ბრძოლისთვის არაეფექტური, გაანეიტრალეთ სარაკეტო ცენტრები და გამშვები სისტემები და დაამყარეთ სრული კონტროლი ცასა და ზღვებზე.

ჩვენი ძალები შეუდარებელი ოსტატობით ასრულებენ ამ ამოცანას და მისია გადამწყვეტად მიიწევს წინ.

ირანი იმედოვნებს, რომ ჩვენ ამას ვერ გავუძლებთ, რაც ძალიან ცუდი გათვლაა ირანში მოქმედი „რევოლუციური გვარდიის კორპუსის“ მხრიდან.

ჩვენ გვახსოვს და პატივს ვცემთ ჩვენს დაღუპულებს — იმ ექვსს, რომლებსაც მალე დოვერში მივესალმებით და რომლებმაც ამ მისიაში ყველაფერი გაიღეს თავიანთი ქვეყნისთვის. ჩვენ გვახსოვს ისინი“, — განაცხადა აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა.

ირანში სამხედრო ოპერაციის პარალელურად, ვაშინგტონი აცხადებს, რომ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა Minuteman III წარმატებით გამოსცადა, რისი ამსახველი კადრებიც ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალები აქვეყნებენ ვიდეოს, რომელზეც, თელ-ავივის განმარტებით, აიათოლა ალი ხამენეის ბუნკერზე დარტყმის კადრებია ასახული.

აქტიურად გრძელდება იერიშები რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით. ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად, ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების „მასშტაბური ტალღა“ გაუშვეს, რაც თელ-ავივში საჰაერო განგაშის ხმითა და ცაზე „რკინის გუმბათის“ თავდაცვის სისტემის მიერ მათი განეიტრალებით აისახა.

ამასთან, თეირანი აცხადებს, რომ სპარსეთის ყურეში აშშ-ის საკუთრებაში არსებულ ნავთობტანკერს დაარტყა. ირანული მხარე კვლავ ისვრის ბალისტიკურ რაკეტებსა და დრონებს სპარსეთის ყურის სახელმწიფოების მიმართულებით.

თუმცა, როგორც თეირანი აცხადებს, სამიზნე მხოლოდ ამერიკული სამხედრო ბაზები და ვაშინგტონის სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტებია.

Related news
„აღარ შეიძლება ენდო იმას, რასაც ხედავ ან გესმის“ - ექსპერტები კიბერთავდასხმების ზრდას ელიან აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „კუბისთვისაც მოიცლის“