კატეგორიები

პუტინი ამბობს, რომ მოსკოვი არ უნდა დაელოდოს, „როდის მიუხურავს კარს“ ევროპა რუსულ ენერგორესურსებს

პუტინი ამბობს, რომ მოსკოვი არ უნდა დაელოდოს, „როდის მიუხურავს კარს“ ევროპა რუსულ ენერგორესურსებს
„რესურსები ევროპული ბაზრიდან უფრო მიმზიდველ მიმართულებებზე უნდა გადავამისამართოთ“, — ამბობს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და განმარტავს, რომ რადგან ევროპის კავშირი რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმას თავად აპირებს, მოსკოვმა ეს „ახლავე უნდა გააკეთოს“.

„არ უნდა დაველოდოთ, როდის მოგვიხურავენ კარს ცხვირწინ“, — განაცხადა პუტინმა შეხვედრაზე, რომელიც ნავთობისა და გაზის ბაზარზე არსებულ ვითარებას შეეხებოდა.

მან ასევე თქვა, რომ იმის დასადგენად, თუ რამდენად შესაძლებელი და მიზანშეწონილია რუსეთისთვის ევროპული ბაზრის ენერგომომარაგების შეწყვეტა, მთავრობა უკვე მუშაობს.

„მზად ვართ ევროპელებთანაც ვიმუშაოთ, თუმცა მათგან სიგნალები გვჭირდება“, — განაცხადა პუტინმა და აღნიშნა, რომ მოსკოვი მზადაა ნავთობი და გაზი ევროკავშირსაც მიაწოდოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ევროპელები გადაწყვეტენ, „თავიანთ მიდგომებს გადახედონ“ და რუსეთს „გრძელვადიან, მდგრად, პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალ თანამშრომლობას“ შესთავაზებენ.

„ხაზგასმით მინდა ვთქვა და კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ რუსეთი ენერგორესურსების სანდო მიმწოდებელია. ეს ყოველთვის ასე იყო. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ნავთობისა და გაზის მიწოდებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც თავადაც სანდო პარტნიორები არიან. ვგულისხმობ არა მხოლოდ ჩვენს პარტნიორებს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ისეთ ქვეყნებსაც, როგორიც სლოვაკეთი და უნგრეთი არიან.

მინდა შეგახსენოთ, რომ ევროკავშირი გეგმავს, 25 აპრილიდან დამატებითი შეზღუდვები შემოიღოს რუსული ნახშირწყალბადების, მათ შორის თხევადი ბუნებრივი აირის შეძენაზე, რაც 2027 წლისთვის მიწოდების სრულ აკრძალვას ითვალისწინებს. მთავრობას უკვე დაევალა შეაფასოს, რამდენად შესაძლებელი და მიზანშეწონილია, შევწყვიტოთ ევროპული ბაზრის ენერგომომარაგება. არ უნდა დაველოდოთ, სანამ კარს ცხვირწინ დაგვიხურავენ. ეს ახლავე უნდა გავაკეთოთ — რესურსები ევროპული ბაზრიდან უფრო მიმზიდველ მიმართულებებზე უნდა გადავამისამართოთ. და რაც მთავარია — იქ მყარად უნდა მოვიკიდოთ ფეხი.

ამჟამინდელი ვითარება ისეთია, რომ თუ ახლავე გადავერთვებით იმ ბაზრებზე, რომელთაც მიწოდების გაზრდა სჭირდებათ, იქ პოზიციების გამყარება შეგვიძლია. იმ ბაზრებზე ვსაუბრობ, რომლებთანაც სტაბილური, გრძელვადიანი მოთხოვნა და საიმედო და ხანგრძლივი ურთიერთობები არსებობს — იმ ქვეყნებში, რომლებიც რუსეთთან კონსტრუქციულ ბიზნესურთიერთობებს აყალიბებენ.

თუკი ევროპული კომპანიები და ევროპელი მომხმარებლები მოულოდნელად გადაწყვეტენ, გადახედონ თავიანთ მიდგომას და გრძელვადიანი, მდგრადი, პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი თანამშრომლობა შემოგვთავაზონ — მაშინ, რა თქმა უნდა. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი. მზად ვართ ევროპელებთან მუშაობისთვისაც. მაგრამ მათგან გვჭირდება სიგნალები, რომ ნამდვილად მზად არიან და ჩვენთან მუშაობა სურთ და რომ ამ სტაბილურობასა და მდგრადობას უზრუნველყოფენ“, — თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტს აქამდეც უთქვამს, რომ მოსკოვისთვის შესაძლოა უფრო მომგებიანი იყოს, თუკი ევროპული ბაზრის მომარაგებას შეწყვეტს, ვიდრე ევროკავშირი რუსეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე სრულად იტყვის უარს.

აქამდე მას უთქვამს ისიც, რომ ეს არა გადაწყვეტილება, არამედ „უბრალოდ ხმამაღლა ფიქრია“.

ევროკავშირი რუსეთიდან გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტის შეწყვეტას 2026 წლის ბოლომდე გეგმავს. 26 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მილსადენით მიწოდებულ გაზზე უარს ბლოკი 2027 წლის 30 სექტემბრიდან იტყვის.

Related news
პუტინი ამბობს, რომ მოსკოვი არ უნდა დაელოდოს, „როდის მიუხურავს კარს“ ევროპა რუსულ ენერგორესურსებს ლავროვი ამბობს, რომ მოსკოვის სტრატეგიული პარტნიორები „აშშ-ისა და ისრაელის აგრესიის გამო იტანჯებიან”